ნანა აბრამია-ოთარი იყო საუკეთესო ძმა, მამა, მეუღლე, ექიმი, მოქალაქე..


სამეგრელოში, როდესაც საზარელ, გულისგამგირავ, ტრაგიკულ ამბავს გაიგებენ, დიდუ, ჯიმა ღურელი! წამოიკივლებენ. კიდევ ძველი თქმულებაა ასეთი, იმ ადგილას, სადაც და იდგა, როცა ძმის სიკვდილი გაიგო და ცრემლი ჩამოუგორდა, ბალახი არ ამოდისო. ძმა დისთვის, ამ ქვეყანაზე, ყველაზე ძვირფასი ადამიანია, მითუმეტეს ჩემთვის, რადგან…ჩემი ძმა, ოთარ აბრამია მარტო ძმა არ იყო ჩემთვის.

14 სექტემბერს, 10 წელი შესრულდა ჩემი ტრაგედიიდან. იმ დღეს, ჩემი სურვილების, იმედების, ოცნებების, თეთრიალქნიანი ხომალდები ჩემს ცრემლებში ჩაიძირა. ამ დღეს, დაირეკა ზარი ფოთიდან. ვიღაცამ მითხრა, ოთარი ძალიან ცუდად არისო, მაგრამ გავიგე ჩემი რძლის ყვირილი: ჩამოვიდეს, ჩამოვიდეს ეხლავე! მივხვდი, ოთარი არ იყო ცოცხალი. მერე არაფერი მახსოვს… გონს რომ მოვეგე, ჩემი მეზობლები თავს დამტრიალებდნენ. მეუღლეს დაედგინა, რომ ოთარი აღარ იყო. ცუდად რომ გამხდარა, სასწრაფო 3 წუთში მოსულა. ისეთი სისწრაფით და გამაყრუებელი სიგნალით მოფრინავდა, თურმე, მოსახლეობა ქუჩაში გამოცვენილა – ასეთი ვინ არის ცუდად, რომ მანქანა კი არ მიდის, მიფრინავსო. ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გული გაუსკდა და წავიდა იმ ქვეყანაში, სადაც ეგონა, რომ უფრო კარგად იქნებოდა, ვიდრე აქ იყო. 10 წელი დიდი დროა ტკივილის, ჭრილობების მოსაშუშებლად, ცხოვრების გასაგრძელებლად, გაღიმებისთვის, მაგრამ მისი დავიწყებისთვის? მისი ხსოვნა ჩემს გულში ჩემი ცხოვრების ბოლო წამს თუ დამთავრდება.
7 წლის მე ვიყავი და 18 წლის იყო ოთარი, როდესაც 37 წლის დედა გარდაგვეცვალა, მან ოთარის მკლავებში დალია სული. ამ დროს, მე, ვრეკავდი ექიმთან და ვეხვეწებოდი, მოსულიყო და გადაერჩინა დედა. ახლაც ჩამესმის ყურში, როგორ მოთქვამდა და ტიროდა ოთარი: – ნანას რა ვუყოთ, უდედოდ როგორ გავზარდოთო.
მე რომ დავიბადე, ოთარი 11 წლის იყო. დედ-მამა ზუგდიდში დაფუძნდა. სახლს აშენებდნენ და მუშაობდნენ უამრავ ადგილას. ჩემს აკვანს ოთარი არწევდა. როდესაც ტირილს ვიწყებდი, დედის ხალათს იცვამდა, ცოტა ხნით ამით მამშვიდებდა, მერე კი, ჩემთან ერთად გარბოდა მეზობელთან (კონჯარიებთან) და იქ მაწოვებდნენ ძუძუს. ამასობაში, დედაც მოგვისწრებდა. ოთარის დამხმარეებიც ჰყავდა მისი მეგობრების ტარიელ ქანთარიას, ჯუმბერ ჭანიას, ჯემალ ჭანტურიას სახით, – ისინი ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ. კლასში მხოლოდ ოთარის ყავდა პატარა და, და მათი თამაშები, გართობა იყო, ჩვენს სახლში, ჩემთან თამაში. მერე როცა გავიზარდე, თვლიდნენ, რომ მე ვიყავი მათი ერთადერთი უმცროსი და, ზრუნავდნენ ჩემზე. როდესაც კიევში, სამედიცინო ინსიტუტში ჩავირიცხე, ოთარი უკვე ცნობილი კლინიკის (ოქტომბრის საავადმყოფო) ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი იყო. მთელი 7 წელი, რაც კიევში გავატარე, ოთარის ყურადღება, სითბო მზრუნველობა არ მომკლებია არა მარტო მე, არამედ მთელ ჩემს კურსს. მისი ბავშვბიდან რამდენიმე ეპიზოდი მინდა გავიხსენო.
ოთარი, 6 წლამდე, ფოთში, ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. შემდეგ ჩამოიყვანეს ზუგდიდში და ვინაიდან მათ გარეშე ძალიან გაუჭირდა, მამამ ეზო გაყო და იქ, ცალკე სახლი ააშენა მათთვის.
დედას უნდოდა, ოთარისთვის მუსიკალური განათლება მიეცა (თვითონ მღეროდა გიტარაზე და ფორტეპიანოზე უკრავდა) და ვიოლინოს კლასში მიიყვანა. ორი გაკვეთილის შემდეგ, პედაგოგმა უთხრა, ბიჭმა მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ არ უნდა ვიოლინოო. შემდეგ იყო კონტრაბასი, რომელიც ჭაში ჩააგდო და ამით მისი მუსიკალური განათლება დამთავრდა, მაგრამ კიევში, სტუდენტობის დროს, ტვისტის მეფეს ეძახდნენ. უყვარდა ბითლზები, ვივალდი, ხატვა. კიევში ჩატარდა კონკურს-ფესტივალი: ექიმები ხატავენ. მისმა ნამუშევარმა ფეოდორ შალიაპინის პორტრეტმა, I ადგილი და პრიზი დაიმსახურა.
ჩემი სტუდენტობის პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების `ოქროს ხანა იმიტომ, რომ მე ოთარისთან ვიყავი. მისი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო, თვალებში ვუყურებდი. ახლა, 63 წლის ვარ, ოთარი 74 – ის იქნებოდა. არ მახსოვს არც ერთი წყენა, არც ერთი ურთიერთშეპასუხება, კამათი, გულისწყრომა.მე მიყვარდა ის, რაც მას. დავყავდი ფეხბურთზე, სათევზაოდ, ერთად ვსწავლობდით სროლას. ვაბარებდით სისხლს კლინიკაში მძიმე ავადმყოფებისთვის, ერთად დავდიოდით თეატრებში, პრემიერებზე. კინოს სახლში ვთამაშობდით ბანქოს. ძალიან უყვარდა სასმელი,ქეიფი გიტარის ხმაზე ბოშებთან. ამასთან ერთად, იყო ძალზე ცნობილი, უთბილესი ექიმი, – უკრაინის სამედიცინო საზოგადოება ხელის გულზე ატარებდა. ყოველ წელს, 17 ივნისს, მედიცინის დღესთან დაკავშირებით, მისდამი მადლობებით იყო სავსე გაზეთი “ვეჩერნაია კიევ”. უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავდა. წელიწადში რამდენჯერმე, მამის წერილით, სამეგრელოდანაც ჩამოდიოდნენ, ვისაც ფული არ ქონდა და კიევში უნდოდა მკურნალობა. ჩამოსულებს, ყველანაირად, ვპატრონობდით, ვუვლიდით, კერძებს ვუმზადებდით და გამოჯანმრთელებამდე ჩვენთან ვაცხოვრებდით, რა თქმა უნდა, უანგაროდ. მის ცხოვრებაში, პროფესიულად დიდი წინსვლა იყო, – სამეცნიერო შრომები, რაციონალიზატორული წინადადებები, გამოგონებები, დისერტაციები, წოდებები, სიგელები, მედლები, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩუმად, უთქმელად, ყველანაირი ხმაურის გარეშე. არანაირად არ უყვარდა აფიშირება, მაგრამ ამაყობდა კიევის საპატიო მოქალაქეობით და ყველას აჩვენებდა მედალს.
90-იან წლებში გადმოვიდა საცხოვრებლად ფოთში, მეუღლესთან ერთად (მეუღლე ფოთელია) და ამას მუდამ ნანობდა. ჩერნობილის ტრაგედიის დროს, იქ იყო და უმძიმესი რეაქტიული პოლიართრიტით დაავადდა, მაგრამ ჩემი მკურნალობა მალევე მოუხდა და განიკურნა. ირგვლივ ყველა პატივს სცემდა და უდიდეს სიყვარულს და სითბოს გაოხატავდნენ მის მიმართ. როდესაც განყოფილების გამგე შვებულებაში მიდიოდა და მას ტოვებდნენ, მედ-პერსონალი ზეიმობდა. სტუდენტები, რომ გაიგებდნენ, გამოცდას ოთარი იბარებდა, სიხარულით დახტოდნენ და ჩანთებს ისროდნენ ჰაერში. 50 წლის რომ გახდა, 50 – მა მეგობარმა, უძვირფასეს რესტორანში, სიხარულის და სიყვარულის კორიანტელში გაახვიეს. ფოთში, მის მშობლიურ ქალაქშიც ყველას უყვარდა. ქუჩებში რომ მივდიოდით, ყველა ესალმებოდა, მანქანებს და ტროლეიბუსებს უჩერებდნენ. უამრავი ერთგული მეგობარი ჰყავდა უკრაინაშიც და საქართველოშიც, მაგრამ მე მაინც ზუგდიდელ მეგობრებს გამოვყოფ, რომლებიც მუდამ ჩვენთან იყვნენ: ტარიელ ქანთარია, ჯემალ ჭანტურია, რუსლან ქირია, ჯუმბერ ჭანია, ძმები მეუნარგიები, სოსო ბეჭვაია, ზურიკო გოგოხია (კრილოვიჩი). არ შემიძლია, აქვე არ გავიხსენო კირილე ბიძია. დარეკავდა კიევში წასვლის წინ:  “ბაბა მუჟამ მეურთ კიევშა” … ვეტყოდი და სახლში მოგვივიდოდა დიდძალი სანოვაგე, რომელიც თვეობით გვყოფნიდა ჩვენ და ჩვენს უკრაინელ და უცხოელ მეგობრებს.
ოთარის ბევრი მოსწავლე ჰყავდა. ერთ-ერთი იყო სამუელ ედუსა – განადან. განას პრეზიდენტის შვილი. ოთარი უყვარდა როგორც მშობელი, უფროსი ძმა და მუდამ იმეორებდა, რომ არა ოთარი, მე, არარაობა ვიქნებოდი, არ ვიქნებოდი, მე მან შემქმნაო. როდესაც ინსტიტუტის დამთავრების 30 წლისთავი იყო, ჯგუფს წინა დღით შევხვდი. 3 მანქანით დამხვდნენ აეროპორტში. სხვა სტუდენტებისგან განსაკუთრებული სითბო ვერ ვიგრძენი, ცოტა არ იყოს მეწყინა. ბანკეტზე გაგრძელდა გამოსვლები და როდესაც გამოაცხადეს ნანა აბრამიას მოვუსმინოთო, ისეთი აურზაური და კივილ-წივილი ატყდა, მივხვდი რომ ვერ მიცვნეს, მერე ათეულობით ყოფილი სტუდენტი მოდიოდა ჩემს მაგიდასთან და მეუბნებოდნენ მადლობას ოთარისთვის გადასაცემად, მის მიერ გაწეული დახმარებისთვის, სიკეთისთვის ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენდა ჩემი ამხანაგების მიმართ. რომ ჩამოვედი, ვუთხარი, რატომ არ მეუბნებოდი რამდენი რამე გაგიკეთებია – მეთქი. ხელი ჩაიქნია და ჩაიბუტბუტა  …და ლადნო…
2008 წლის აგვისტოს მოვლენები ძალიან მტკივნეულად გადაიტანა. აფხაზეთის ამბები ჯერ არ განელებულიყო მეხსიერებაში. მაგრამ მისი სიკვდილის მიზეზი ის საშინელება იყო, რომელიც 2007 წელს შეემთხვა.
ოთარი ძალიან კანონმორჩილი, კეთილსინდისიერი მოქალაქე იყო და თვლიდა, რომ ადამიანმა უკანონობა არ უნდა ჩაიდინოს. მილიცია, პროკურატურა და ა.შ. გულწრფელად ვიტყვი, არ უყვარდა და არც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არასდროს. როდესაც დააკავეს და დასაკავებლად მისულებმა უთხრეს, რომ პროკურატურაში უნდა წამობრძანდეთო, იფიქრა, რომ მიყავდათ პაციენტთან და დინჯად, აუჩქარებლად ჩააწყო ინსტრუმენტები და გაჰყვა. რომ შეიყვანეს ოთახში, ეგონა, პაციენტს იქ შემოუყვანდნენ და სარკე და ინსტრუმენტები მოამზადა. შემოვიდა პროკურორი, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია კისერმრუდობა ჰქონია. ოთარის კი, ეგონა, რომ პარატონზილარული აბსცესი აქვს და იმიტომ აქვს გადახრილი კისერი და უსვამს კითხვებს, რომ ჩამოაყალიბოს კლინიკური სურათი, მაგრამ როდესაც პროკურორმა, როგორც ჩვევიათ, იმ ტონალობაში, დაუწყო დაკითხვა, მიხვდა საქმე რაშიც იყო, მაგრამ იმას, რომ დაკავებული იყო, მაინც ვერ მიხვდა დიდხანს. საქმე, აი, როგორ შეაკოწიწეს: აღმოჩნდა, რომ ოთარის არ ჰქონდა საექიმო ლიცენზია. კანონით, ვისაც დისერტაცია დაცული ჰქონდა, გამოცდა არ უნდა ჩაებარებინა, საბუთები თბილისში, ლიცენზირების სააგენტოში უნდა გამოეგზავნა, რაც გაკეთებული ჰქონდა და დაკავებიდან მე-3 დღეს, მე ლიცენზია გავუგზავნე. ყველა ინსტანციაში მეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ მოხდება, ეს მძიმე დანაშაული არ არის და შესაძლებელია, ადმინისტრაციული სასჯელით დამთავრდეს. თვით სააგენტოშიც მითხრეს, ალბათ სხვა რაღაცას ედავებიან, თორემ ამის გამო შეუძლებელიაო. მე ვერც იურიდიულ ტერმინებში ვერკვევი, ვერც კანონებში. საპროცესო გარიგება- რა არის, არ ვიცი. ის ვიცი, რომ 10 000 ლარის გადახდის შემდეგ, ოთარი მხოლოდ ერთი ღამე იყო დაკავებული და სასამართლოში რომ მიყავდათ, მეუღლეს უთხრა, ნუ შეაგროვებთ თანხას, ჩავჯდები ციხეშიო. მერე ყვებოდა, კამერაში რომ შემიყვანეს, ისეთი პატივით და სითბოთი შემხვდნენ, გაოგნებული ვიყავიო. მას ყველა იცნობდა, პატივს სცემდა და უსაზღვროდ უყვარდათ. ვერ აიტანა შეურაცხყოფა, დამცირება და 5 წელი პირობითი სასჯელი. შეწყვიტა ოპერაციები, მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში, საიდანაც გაათავისუფლეს, ამანაც საოცრად იმოქმედა, სახლიდანაც გამოსვლა არ უნდოდა. მე კი, ვუმღეროდი “აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან”, მაგრამ მისი გული მოკვდა და 2008 წლის 14 სექტემბერს წავიდა სამუდამოდ.
მის ერთადერთ შვილს, მეუღლეს და მეც, ერთი სიტყვაც არ გვითქვამს, არ გაგვიპროტესტებია, არ გვიჩივლია, არ გვიწყევლია. ჩვენ, ჩვენი მწუხარება გულში ჩავიკალით და უსიტყვოდ, ჩუმად ვტირით და ვლოცულობთ. ჩვენ მხოლოდ უფალს მივანდეთ ყოველივე და ვიცით, რომ აუცილებლად სამართალი გაიმარჯვებს და ყველას მიეზღვევა. ოთარი კი, 63 წლის ასაკში წავიდა ზეცაში. ვიცი, მისთვის, სამოთხის კარი გაიღო იქ. კარგად არის, მაგრამ მის გარეშე მე ძალიან, ძალიან ცუდად ვარ. რომ დამესიზმრება, მიხარია. ძილს ვიბრუნებ, რომ სიზმარი გაგრძელდეს, მაგრამ ესეც იშვიათობაა. ოთარს დასაფლავების დღეს, მისმა ერთგულმა მეგობარმა და მისი შვილის ნათლიამ ტარიელ ქანთრაიამ, ზუგდიდიდან მიწა ჩამოუტანა, რადგან ოთარი მეუღლემ ფოთში დაკრძალა. მის საფლავზეც სულ 3 – 4 – ჯერ ვიყავი. ძალიან ძალიან მენატრება, მაგრამ რა ვქნა, ცხოვრება ხომ გრძელდება. ახლა, მისი წილი მზრუნველობა და სითბო მის ქალიშვილს და მის მომავალ შვილიშვილებს ხომ უნდა გავუნაწილო. მეც რომ წავალ იმ ქვეყნად, ხომ უნდა მოვუყვე, რომ აქ ყველაფერი კარგად არის, რომ ჩემს ძმისშვილს და რძალს უიმისობას არ ვაკლებ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.
ოთარის ქალიშვილზე მინდა ორიოდ სიტყვით გითხრათ,- თეა აბრამია ექიმი ოფთალმოლოგია, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელმაც მამის მსგავსად, საფუძვლიანად შეითვისა და შეიყვარა თავისი საქმე. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სანდო ექიმი, სერიოზული გამოცდილებით. ამ დღეებში, თეას, 12 წლის შემდეგ, ტყუპი ბიჭები, ლუკა და ნიკოლოზი შეეძინა. ალბათ, როგორ გაიხარებდა ოთარი ამ დღეს რომ მოსწრებოდა. მამას ოთარის ხელმძღვანელმა პროფესორმა, ივანე კურილინმა მიწერა – ამირან, შენგან მე ჩავიბარე პირტიტველი ყმაწვილი, რომელმაც რუსული ძლივს იცოდა და მე შენ გიბრუნებ ბრწყინვალე ექიმს, რომელმაც უკრაინელი ხალხის სიყვარული დაიმსახურა. მადლობა მე და მადლობა შენ, რომ ასეთი ზრდილობიანი, წესიერი და ჭკვიანი ვაჟიშვილი მაჩუქეო. ოთარი, როდესაც მორიგე იყო მეც მივდიოდი კლინიკაში და ვსწავლობდი ყველაფერს, ავადმყოფის მოვლიდან დაწყებული, ყველანაირი სამედიცინო მანიპულაციას. დამამთავრებინა მასაჟის კურსები, ფიტოთერაპიის ფარმაკოლოგიური სემინარები. რაც ოთარიმ მასწავლა ძალიან გამომადგა. მართალია, ორი ათეული წელია აქტიური ექიმი არ ვარ, მაგრამ ცოდნა ყოველდღიურად მადგება.
ოთარის უსაზღვროდ უყვარდა წიგნები და კითხვა. იყო კიევის წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრი. უნიკალური ბიბლიოთეკა დაუტოვა თავის ერთადერთ ქალიშვილს. მეც შემაყვარა კითხვა 70 – იან, 80 – იან წლებში, რამდენიმე ათეული ღამე გვაქვს გათენებული საბჭოთა კავშირში აკრძალული წიგნების კითხვაში.
ჩემი გულის ტერიტორია გადავსებულია სევდით, ტკივილით ნიჰილიზმით ყველაფერი ცრემლებში ცურავს, მაგრამ არის ერთი კუნძული, სადაც განლაგებულია ჩემი ლამაზი, თბილი მოგონებები ჩემს გამზრდელ, ერთადერთ, საამაყო, საიმედო ძმაზე, ოთარ აბრამიაზე. ეს კუნძული არ იქნება და ჩაიძირება მხოლოდ მაშინ, როცა არ ვიქნები მე, რადგან თან წავიღებ ზეციურ ქვეყანაში, მასთან.
ნანა აბრამია, ექიმი


კომენტარი

  1. ლადო შენგელაია

    მარადიული ხსოვნა ბატონ ოთარს,დიდ ადამიანს,დიდ პროფესიონალს,დიდ ქართველს-კოლხს,უაღრესად მოკრძალებულ პიროვნებას;სწორედ ასეთმა ხალხმა გადაარჩინა ჩვენი ეთნოსი ისტორიულად და უფალის წყალობით მომავალშიც გადაარჩენს,….მოწიწებით ქედს ვიხდით მისი ხსოვნის წინაშე ჩემი თაობის კოლეგები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!