- წლებია, ნათია თორდია, ჭკადუაშის საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობს. უყვარს თავისი საქმე, უყვარს პატარები, პატივს სცემს თანამშრომლებს და ფიქრობს, რომ მას და მის გუნდს ბავშვების აღზრდის საქმეში ყველაფერი კარგად გამოუვათ.
ნათიამ დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის პედაგოგიური ფაკულტეტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. 2019 წელს დაინიშნა ჭკადუაშის საბავშვო ბაღის გამგედ.
-ნათია, მოგვიყევით თქვენს საბავშვო ბაღზე, აღსაზრდელებზე, გუნდზე…
– ჩვენი ბაღი გაიხსნა 2008 წელს და განთავსებულია გამგეობის შენობაში. უახლოეს მომავალში, ველოდებით ახალი ბაღის მშენებლობას.
ამ ეტაპზე, ბაღში, გვყავს 25 აღსაზრდელი. ერთი შერეული ჯგუფი, – 3 – 4 წლიანები, 4 – 5 წლიანები, 5 – 6 წლიანები. გვყავს 10 თანამშრომელი: ერთი აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწეები. მზარეულები, მუსიკის მასწავლებელი, მეეზოვე და დამლაგებლები.
მე, ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს საქმეს, რადგან მიწევს ურთიერთობა როგორც ბავშვებთან, ასევე, პატარების მშობლებთან და საბავშვო ბაღის გუნდთან. რადგან საქმე ბავშვებს ეხება, ვალდებული ვარ, ვიზრუნო მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ურთიერთობაზე ჩემს გუნდთან ერთად. ამასვე ემსახურება ჩვენს საბავშვო ბაღში განხორციელებული საშემოდგომო, საახალწლო, თუ საგაზაფხულო ღონისძიებები. გარდა ამისა, ვატარებთ დედის დღისადმი, უფროსი ჯგუფის გამოშვებისადმი მიძღვნილ აქტივობებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს. სტუმრების ვიზიტებს დაწესებულების სივრცეში.
ჩვენი გუნდი მზადაა, ნებისმიერი სიახლის მიმღებლობისთვის. გვაქვს კონსულტაციები სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან. ვეცნობით თანამედროვე მეთოდებს. ჩემი თანამშრომლებისაგან ვგრძნობ პატივისცემას, გუნდურობას, საერთო საქმის დიდი პასუხისმგებლობით შესრულებას, რაც ბავშვების სწორად აღზრდისა და ჩვენი წინსვლის, წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.
– როგორია თქვენთვის დატვირთული დღის შემდეგ ოჯახთან ურთიერთობა?
– ჩემს ოჯახს ესმის ჩემი საქმიანობის სირთულე და მნიშვნელობა. ეს მორალურ მხარდაჭერას და ძალას მმატებს, ჩემი ოჯახი ჩემი სიძლიერეა. ოჯახი და სამსახური ჩემი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. მყავს მეუღლე მალხაზ მანია. ვზრდით ორ მცირეწლოვან შვილს: ნატალიას და ემილიას.
– საბავშვო ბაღის გამგეც ხართ და დედაც, – როგორი უნდა იყვნენ დედები?
– დედობა უნიკალური და მრავალფეროვანი როლია. დედა, ბავშვზე, უდიდეს გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია სითბო, თანადგომა და სიყვარული.
– აქვს თუ არა ბაღის გამგეს და ოჯახის დედას, მეუღლეს თავისუფალი დრო?
– ნაკლებად… და თუ არის ასეთი, ვატარებ ჩემს ოჯახში.
– ხართ თუ არა ტრადიციული?
– რა თქმა უნდა… დავიბადე და გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში. დიდ პატივს ვცემ ჩვენს კულტურას, რელიგიას, სოციალურ ტრადიციებს.
– რა მოგწონთ ადამიანის თვისებაში?
– ადამიანის თვისებაში ყველაზე მეტად მომწონს უბრალოება, გულთბილობა, თანაგრძნობის და პატივისცემის უნარი, სამართლიანობა, გულწრფელობა და პირდაპირობა.
– ახალი წელია, – რას უსურვებთ თქვენს აღსაზრდელებს, თქვენს გუნდს, ზუგდიდელებს?
– ვუსურვებ მშვიდობას. ჯანმრთელობას და წარმატებებს ჩვენს პატარებს, ჩვენს გუნდს. რაც შეეხება ზუგდიდს, – ზუგდიდი, თავისი კულტურით, ისტორიით, სილამაზით გამორჩეულია და თითოეულ ზუგდიდელს ვუსურვებ, გრძნობდეს სიყვარულს და სიამაყეს თავისი ქალაქისა და მისი მოქალაქეების მიმართ. მრავალ დამდეგ შობა – ახალ წელს, ზუგდიდელებო!
მასალა მოამზადა როზა როგავამ