- დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
“სისტემა კლავს- ამ ცხოვრების დედაც”, “დამნაშავე აქ ყველაა”, “ვითხოვთ ამ ამბის დროულ გამოძიებას”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გამოხატეს მოქალაქეებმა პროტესტი.
აქციაზე, სამოქალქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის” თავმჯდომარემ ციცინო შენგელიამ განმარტა, რომ აქციის მთავარი მიზანია, სისტემა და ინსტიტუციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გამართულად უნდა მუშაობდეს იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ქვეყანაში თავი იგრძნოს დაცულად და თითოეული ადამიანის ღირებულება უნდა იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. “ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აქ არამხოლოდ ერთი გამომძიებლის, რომელმაც თითქოსდა დაკითხა ეს ბავშვი, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც იმ მომენტში იმ ოთახში იმყოფებოდა და არაფერი არ მოიმოქმედა იმისთვის, რომ ეს საზიზღრობა თავიდან აეცილებინა”.
მშობელმა, ნათია ეხვაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ როგორც მშობელი და დედა თავს გრძნობს დაუცველად. “პოლიცია არ არის ის სისტემა, სადაც უნდა ხდებოდეს გარკვეული სახის ძალადობა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოზარდს. მინდა, რომ პოლიციელმა დაიცვას ჩემი შვილი და პოლიციაში თავს გრძნობდეს დაცულად”.