„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევის შედეგებს, სადაც მითითებულია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი ფიქრობს, რომ საკრებულო მოქალაქეთა ინტერესებს სრულად გამოხატავს.
“მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთი შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმ სოციოლოგიური გამოკითხვიდან გამოიტანა, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა. CRRC-მ საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა.ანალოგიური გამოკითხვა ამავე ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა. წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. 2013 წლისგან განსხვავებით, 2015 წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვინც თვლის, რომ გამგებელი/მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად შემცირებულია მათი რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს: 2013 წელს გამოკითხულთაგან 14%, წელს კი 12% ფიქრობს ასე.
ასევე გაუარესებულია საკრებულოებისადმი დამოკიდებულება. თუ 2013 წელს გამოკითხულთა 11% ფიქრობდა, რომ საკრებულო ამომრჩევლის ინტერესს სრულად გამოხატავდა, წელს ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. უცვლელია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საკრებულოსთვის ამომრჩეველთა ინტერესი პრიორიტეტული არ არის. ასე გამოკითხულთა 14% ფიქრობს.
წელსაც მოსახლეობის მხოლოდ 2% თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ურთიერთობას არასაკმარის დროს უთმობენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებს ეფექტიანად ვერ იყენებს, ასევე, საკუთარი საქმიანობისა და აქტივობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საჯარო შეხვედრებს არ მართავს.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 2015 წელს ორჯერ შემცირდა იმ გამოკითხული მოქალაქეების რიცხვი, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ერთხელ მაინც დასწრებია საკრებულოს სხდომას. 2013 წელს გამოკითხულთა 4%-მა დაადასტურა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას დაესწრო, წელს კი ამ კითხვაზე მხოლოდ 2%-მა გასცა დადებითი პასუხი, 80%-მა განაცხადა, რომ არ დასწრებია, 17%-ს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია მსგავსი სხდომების შესახებ, მხოლოდ 1%-მა შეიკავა თავი პასუხისგან.
კვლევის შედეგები იმის ხაზგასმის საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობის პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული. კერძოდ: საკრებულოს წევრებს ელექტორატთან კომუნიკაცია აკლიათ და ისინი საკუთარი აქტივობების განხორციელებამდე ნაკლებად მართავენ საჯარო განხილვებს, არ არიან ორიენტირებულნი მოქალაქეების საჭიროებების გაგებაზე, არ ცდილობენ, რომ კონკრეტული პრობლემების განხილვა-გადაწყვეტის დროს რიგითი ამომრჩევლის მოსაზრებები გაიზიარონ და ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც ჩანს, 2013 წლის მსგავსად, გადაწყვეტილების მიღება ექსკლუზიურად კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელთა უფლებამოსილებად რჩება თან ისე, რომ გადაწყვეტილებების შესახებ პოსტ ფაქტუმ აგებინებენ იმ ადამიანებს, რომელთაც ესა თუ ის სამართლებრივი აქტი თუ დადგენილება უშუალოდ ეხება.
საინტერესოა, რომ წინა კვლევის მსგავსად, ახალი გამოკითხვის შედეგადაც, მოქალაქეებში ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნეიტრალური განწყობა ჭარბობს (ყველა დასმული კითხვაზე მოპასუხეთა შორის მსგავსი დამოკიდებულება 36-40%-მა გამოავლინა), შესაბამისად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს გადადგამს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ეფექტიანი, ინტერაქციაზე ორიენტირებული კომუნიკაციის დასამყარებლად, სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო გამოკითხვამ გაუმჯობესებული შედეგები აჩვენოს. მუნიციპალიტეტებმა აქტიურად უნდა გასცენ ინფორმაცია მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესაბამისად; ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენობების შესასვლელთან დადგმულ საინფორმაციო დაფაზე სისტემატურად უნდა გამოიკრას მოქალაქეთათვის სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია; საკრებულოს წევრებმა, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა, აპარატის თანამშრომლებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ ყველა მცირე თუ მასშტაბური პროექტის განხილვისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი ინტერესების დაცვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, ბიუჯეტის ხარჯვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით იქნეს უზრუნველყოფილი და საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისათვის.”