მუზეუმების ძარცვის ყველაზე უცნაური შემთხვევები


  • დასავლეთის ქვეყნებში მუზეუმების ძარცვა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ არა ყველა ევროპულ ქვეყანაში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ამ მხრივ პირველ სამეულში არიან იტალია, ჰოლანდია და საფრანგეთი.

მაგალითად, იტალიაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ხელოვნების ნიმუშების 36 მასშტაბური ძარცვა (მთლიანობაში 0,8 მილიარდი ევროს ღირებულების) დაფიქსირდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლანდიაში ამსტერდამის სამეფო სამხატვრო გალერეას 8-ჯერ დაესხნენ თავს, გაძარცვეს რემბრანდტის სახლ-მუზეუმი, როტერდამის ისტორიული მუზუმი კი 4-ჯერ გაქურდეს, აქედან ერთხელ, 1996 წელს ბოროტმოქმედები შენობაში შეიჭრნენ და ლეწავდნენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდათ. ამ დროიდან დაიწყეს ევროპულ მუზეუმებში ყველაზე ღირებული ექსპონატების ტყვიაგაუმტარი მინებით დაცვა. მოკლედ, მუზეუმების ძარცვა, და არამხოლოდ ევროპაში, სიახლე არ არის, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელოვნების ნიმუშების მოპარვის ფაქტები ძალიან უცნაურია.

ნიუ-იორკის ციხეში მცველებმა სალვადორ დალის ნახატი მოიპარეს

1965 წელს, სალვადორ დალიმ გააუქმა ვიზიტი ნიუიორკულ ციხეში „რაიკერს-აილენდი“, სადაც მას პატიმრებისთვის მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა. ბოდიშის ნიშნად, მხატვარმა ციხეში ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს ნახატი გაგზავნა. თავდაპირველად ის ციხის სასადილოში, შემდეგ კი ჰოლში ეკიდა მანამ, სანამ 2003 წლის მარტში არ მოიპარეს. დანაშაული „რაიკერს-აილენდის“ ოთხმა მცველმა ჩაიდინა. მათ დალის ნახატი ყალბი ასლით შეცვალეს, რომელიც, როგორც The New York Times-ი წერდა, იყო ორიგინალზე საგრძნობლად პატარა ზომის და ჰგავდა „ბავშვის უნიჭო ნახატს“. ვინ დახატა ასლი, უცნობია. ქურდები რამდენიმე თვეში დააპატიმრეს. ერთ-ერთს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯეს, ორს – პირობითი სასჯელი. ძარცვის სავარაუდო ორგანიზატორი ბენი ნუცო გაამართლეს. დალის ნახატი, რომელსაც 250 ათას დოლარად აფასებდნენ, მაინც ვერ იპოვეს.

მანჩესტერში ვან გოგის, პიკასოს და გოგენის მოპარული ტილოები საზოგადოებრივ ტუალეტთან დატოვეს

2003 წლის აპრილში, მანჩესტერის უიტუორტის სამხატვრო გალერეიდან ვინსენტ ვან გოგის, პაბლო პიკასოს და პოლ გოგენის ტილოები მოიპარეს. ერთობლივად სამივე ნამუშევარი 4,3 მილიონ დოლარად ფასდებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ქურდებმა გალერეაში სიგნალიზაციის გამორთვის შემდეგ შეაღწიეს და ნამუშევრები ლითონის გარღვეული ღობიდან გაიტანეს. დახმარების ცენტრში ანონომური სატელეფონო ზარის წყალობით, ნამუშევრები მეორე დღესვე იპოვეს. ისინი ტუბუსში იყო, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოსთან ფოთლების გროვაში იყო დამალული. ტუბუსზე მიკრული იყო წარწერა: „მიზანი არ იყო მოპარვა, არამედ სამარცხვინო უსაფრთხოების სისტემისთვის ყურადღების მიპყრობა“. უცნობია, მართლაც აპირებდნენ თუ არა თავიდანვე ქურდები ნამუშევრების დაბრუნებას, მაგრამ სამხატვრო გალარეა უიტუორტმა ამ ფაქტის შემდეგ უსაფრთხოების სისტემა გააუმჯობესა. ძარცვასთან დაკავშირებული დაპატიმრებების შესახებ არაფერი თქმულა.

ბრიტანელმა გოიას ნახატი პენსიონერებისთვის სატელევიზიო მოსაკრებლის დასაფარად მოიპარა

1961 წელს ლონდონის ნაციონალური გალერეიდან ფრანსისკო გოიას ნახატი „ჰერცოგ ველინგტონის პორტრეტი“ მოიპარეს. მალე მედიასაშუალებებმა მძარცველისგან ანონიმური წერილების მიღება დაიწყეს; ის ნახატის დაბრუნების პირობას დებდა, თუ ხელისუფლება 140 ათას ფუნტს (ასე ფასდებოდა ტილო) ქველმოქმედებაზე დახარჯავდა. მოთხოვნა არ შეასრულეს, მაგრამ 1965 წელს ნამუშევარი დააბრუნეს. მალევე პოლიციას ჩაბარდა ქალაქ ნიუკასლ-აპონ-ტაინის 61 წლის მცხოვრები კემპტონ ბანტონი. მან განაცხადა, რომ არ აპირებდა ნახატის მისაკუთრებას, გამოსასყიდი თანხით კი მოხუცებისთვის ტელევიზიის მოსაკრებლის ხარჯის დაფარვა სურდა (ბანტონი ბრაზობდა, რომ ტელევიზორის გამოყენებისთვის ფული თავისი მოკრძალებული პენსიიდან უნდა გადაეხადა). დიდი ბრიტანეთის ყველა მცხოვრები, რომელიც ტელევიზორს იყენებს, სპეციალურ სალიცენზიო მოსაკრებელს იხდის, რომლითაც ბრიტანეთის საზოგადოებრივი ტელერადიოკორპორაცია BBC ფინანსდება.

პენსიონერი გოიას ტილოს მხოლოდ ჩარჩოს მოპარვისთვის გაასამართლეს და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1969 წელს კემპტონ ბატონის შვილმა ჯონმა თქვა, რომ, სინამდვილეში, მან მოიპარა სურათი და დანაშაული მამის გამო ჩაიდინა.

მარკ შაგალის ჩანახატის ქურდმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დასრულება მოითხოვა

2001 წლის ივნისში ნიუ-იორკის ებრაული მუზეუმიდან მარკ შაგალის ცნობილი სურათის „ვიტებსკის თავზე“ ჩანახატი მოიპარეს. ნამუშევარი, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, იმ მომენტისთვის მილიონი დოლარი ღირდა, გამოფენის „მარკ შაგალი. ადრეული ნამუშევრები რუსული კოლექციიდან“ ნაწილი იყო. ებრაულ მუზუმს ის სანქტ-პეტერბურგის რუსულმა მუზუმმა მიაწოდა.

ნახატის დაკარგვიდან მალევე მძარცველმა მუზუმს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოძრაობას „საერთაშორისო კომიტეტი ხელოვნებისა და მშვიდობისთვის“ წარმოადგენდა და დააბრუნებდა შაგალის ნამუშევარს, როდესაც ისრაელს და პალესტინელებს შორის ომი შეწყდებოდა. რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნას შესრულება არ ეწერა. მიუხედავად ამისა, ნახატის გამტაცებელმა ნამუშევარი დააბრუნა. 2002 წლის დასაწყისში ის კანზასის შტატის საფოსტო განყოფილებაში აღმოაჩინეს და რუსულ მუზეუმს დაუბრუნეს.

ტრეტიაკოვის გალერეიდან ტილო დამთვალიერებლების თვალწინ გაიტაცეს

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში პოლიციამ დააკავა არხიპ კუინჯის ნახატის „აი-პეტრი. ყირიმი“ მოპარვაში ეჭვმიტანილი 31 წლის დენის ჩუპრიკოვი. ნამუშევარი მუზუმიდან 27 იანვარს გაიტანეს. ძარცვა ძალიან უცნაური იყო, რადგან ქურდმა ნახატი მუზუმში სხვა დამთვალიერებლების თვალწინ კედლიდან უბრალოდ მოხსნა და წაიღო. ნამუშევარი იპოვეს, ის დაზიანებული არ არის.

რაც შეეხება დამნაშავეს, თავდაპირველად ის ნამუშევრის მოპარვის ფაქტს უარყოფდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ დანაშაული ვალების გასტუმრების მიზნით ჩაიდინა. გამოძიება მის თანამზრახველებსაც ეძებს.

ჩინური გალერეიდან კაცმა 8 წლის განმავლობაში 143 ნამუშევარი მოიპარა

ჩინელი სიაო იუანი 2002-2010 წლებში გუანჩჟოუს ხელოვნების აკადემიის ბიბლიოთეკაში მცველად მუშაობდა. ამ წლების განმავლობაში მან აკადემიის გალერეიდან ჩინელი მხატვრების 143 ნამუშევარი მოიპარა. ყველა მოპარულ ნაწარმოებს ის ყალბი ასლებით ცვლიდა, რომლებსაც თავად ხატავდა. მძარცველი მას შემდეგ ამხილეს, რაც აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰონგ-კონგში აუქციონის ლოტებზე თავისი სასწავლო დაწესებულების ბეჭედი შენიშნა. იმ მომენტისთვის სიაო იუანს 125 მოპარული ნამუშევარი ჰქონდა გაყიდული, რაშიც 5 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. 2015 წელს მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ გალერეიდან ექსპონატებს მხოლოდ ის არ იპარავდა. ეს კი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მიხვდა, რომ ვიღაც მის ასლებსაც საკუთარი ასლებით ცვლიდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!