დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში დასრულდა “მოსწავლე ახალგაზრდობის დღეები 2018”, რომელიც დაიწყო 14 აპრილს, დედაენის დღეს. დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელობამ სტუმრებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა სასახლის დღეების ფარგლებში.
სასახლის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა მედეა თორიამ საზოგადოებას წარუდგინა სასახლის კლუბების, წრეების ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ სასახლის განვითარებისთვის.
სტუმრებს მიესალმა სასახლის დირექტორი, ქალბატონი ნინელი ჭითანავა. მან მადლობა გადაუხადა კლუბების ხელმძღვანელებს აქტიურობისათვის და წარმატებები უსურვა.
სასახლის დირექტორის მოადგილემ რუსუდან შონიამ პედაგოგებს და მშობლებს მადლობა გადაუხადა. “მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონისძიება გათვლილია სწორად და ემსახურება მოსწავლეების განვითარებას. მივმართავ მოსწავლეებს იყვნენ ლაღები, საზოგადოებას მორგებულები და კომუნიკაბელურები”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარების განყოფილების ხელმძღვანლის მედეა თორიას განმარტებით, სასახლის დღეების ფარგლებში, ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი ღონისძიებები შესთავაზეს სკოლის მოსწავლეებს. “წელს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საიუბილეო თარიღი, სასახლე 80 წლის ხდება. მე მინდა დიდხანს, იყოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ზუგდიდელი მოზარდი თაობის სამსახურში”.
შეხვედრაზე, მადლობის ფურცლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს “სასახლის დღეებში” აქტიური მონაწილეობისთვის.