- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს კონსტანტინე (ანზორ) ნიკვაშვილმა საჩუქრები გადასცა. რელიქვიები, რომელიც ბატონი ანზორის ოჯახში XIX საუკუნიდან ინახება.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოქრომჭედლო ხელსაწყოები და დანადგარები, ცნობილი ოქრომჭედლის, ფილიპე ისლამის ძე ძაძამიძის სახელოსნოდან არის.
- ვერცხლის საჭიმი, ტარით, 1805 წელს გერმანიიდან ჩამოტანილი
- ჩამოსასხმელი ბუთა (ყალიბის სამაგრი)
- ვერცხლის ძაფების საჭიმი – ადიდო
- ბურთულების ამოსაყვანი
- ყალიბი – ქარქაშის დასამზადებლად და ძვირფასი ლითონის დასამუშავებლად
- ხელით სახვრეტი
- პატარა მაშა (პინცეტი) – ფილიპეს მიერ დამზადებული. ფილიგრანთან სამუშაოდ იყენებდა ოქრომჭედელთა სამი თაობა: ფილიპე ძაძამიძე, კოწია ძაძამიძე და კონსტანტინე (ანზორ) ნიკვაშვილი
- ხის ყალიბი
- ხელის პატარა სამაგრი
კონსტანტინე (ანზორ) ნიკვაშვილი არის ფილიპე ძაძამიძის შვილობილი, დიდი ფილუს ტრადიციის გამგრძელებელი, ისეთივე ოსტატობით ქმნის ხელოვნების ნიმუშებს, როგორც მისი მამობილი. ბატონი კონსტანტინე იხსენებს, როცა პირველი ფილიგრანი ჩააწყო, მამა სიხარულით ცას ეწია-ო. მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია, მიუღია მონაწილეობა გამოფენებზე. ერთ-ერთი ასეთია ვერცხლში ფილიგრანით, ყელსაბამი, ბეჭედი და საყურეები, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენისთვის დამზადებული.
ბატონი ანზორი, არის თავის ქვეყანაზე, შეყვარებული ადამიანი. სითბო და სიყვარული იღვრებოდა მის სიტყვებში, როცა სამშობლოზე და მის „მორდუზე“ საუბრობდა.
მას უჭირდა ოჯახურ რელიქვიასთან განშორება, მაგრამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიიჩნია და საჭიროდ ჩათვალა, საამაყო ფილუს ნაქონ ნივთებს ბინა დაედო დადიანების სასახლეთა მუზეუმში.