- როგორ ცხოვრობენ საზოგადოების აქტიური წევრები, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა უხარიათ და რა უჭირთ,-ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დღიურების ბეჭდვას. ვფიქრობთ, ეს ჩანაწერები ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის დღიურები, გამოგვიგზავნა ჟურნალისტმა, მირანდა თოდუამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს დ მოღვაწეობს.
ორშაბათი: წუხელ, დარაბები არ დავხურე ძილის წინ, არ მინდოდა დილით, სიბნელეში გამღვიძებოდა… ფანჯარა ოდნავ გამოვაღე, დილის ნიავს, მზის თბილი სხივი, რომ შემოეცილებინა სასთუმალთან… მიყვარს, როცა მეღვიძება ეს ონავარი მხვდება კუთხეში ატუზული… დამინახავს და აცუნდრუკდება, მოუსვენრობა იპყრობს, პატარა, გაფშეკილ თითებს ლოყაზე დამადებს და გაიტრუნება.. მაგრამ ამ დილით არ ვახელ თვალებს, ვინანე დარაბა რომ არ დავხურე, ვგრძნობ უსაშინელეს ხასიათზე მეღვიძება… ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, ტირილი მოუნდებათ დილაუთენია თვალებს.. აი, დოჩანაშვილის ,,მეზარება,, ,,დავიღალე,, და ,,ყელში ამოვიდა,, დღეები დგება … არადა, ცქმუტავს ჩემი დილის ონავარი სტუმარი… მელოდება.. მაგრამ არ შემიძლია, გადავბრუნდი, ზურგი შევაქციე და საბანი თავზე წამოვიხურე.. ვწევარ სიბნელეში, უკვე მერამდენე დღეა ვცდილობ მზე შემოვუშვა სულში და ვერ ვახერხებ.. მერამდენე დღეა გაბუტული მზის სხივი, დაყვავებით გაჰყავს ნიავს… თვალებს უფრო ძლიერად ვხუჭავ, და საბანს შეხიზნული, აფორიაქებული გულის ცემას ყურს ვუგდებ… ,,საკუთარი სხეულიდან უნდა გამოხვიდე,შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე, შენივე ხელი მხარზე გადაიდო და წამოაყენო…,, სხვა ხელი როცა არ არის , ალბათ ესღა დაგრჩენია … აიღო საკუთარივე მარჯვენა ხელი და მსუბუქად , მაგრამ ძლიერად მოუჭირო შენივე მარცხენა მხარს… ვუჭერ მთელი ძალ- ღონით, ვგრძნობ თითები მიბუჟდება, მაგრამ მსიამოვნებს ტკივილი… ვწევარ ასე საკუთარ მხარს ჩაფრენილი და ვითვლი, ვითვლი ჩურჩულით … ერთი, ორი, სამი… ათი.. ჩვიდმეტი, ოცი… – იტალიაში უნდა წავიდე, ჩემებთან.. ყაყაჩოების ქვეყანაში.. – თითქმის მივაყვირე, საბანი იმ მარცხენმა ხელმა უსწრაფესად მოისროლა, მარჯვენა ხელს კი უკვე ჩემოდანი ჩამოჰქონდა კარადის ზედა უჯრიდან… ⁃ დე, მელო- ხმამაღლა ⁃ შევძახე ჩემს ქალიშვილს და კარები ფართოდ გავაღე.. ⁃ დე, რამდენიმე დღით იტალიაში წავალ რა.. ბებოს ვნახავ და გურანდას (ჩემს დას) .. – მელანო გაოცებული აცეცებს თვალებს და ნახევრად მძინარე მეკითხება – დე, დაგესიზმრა რამე? დილის 7 საათია .. მაცალე რა ძილი… ⁃ დე, გთხოვ ბილეთებს გახედე , მე გავიქცევი კოვიდის ტესტს გავიკეთებ- და ხელში ვაჩეჩებ ლეპტოპს…მელანო ბუზღუნ- ბუზღუნით მართმევს .. ⁃ სახლში ორი adolescent , მოზარდი გვყავს, ჩემი 15 წლის და და 40 წლის დედაჩემი.. ⁃ 40 – ის არ ვარ ჯერ, აი დაახლოებით წელიწად ნახევარში ვიქნები , იცი რამდენია წელიწად ნახევარი? 547 დღე.. ⁃ ხო,ხო ვიცი კარგი არ ხარ ორმოცის , ხარ 38 წლის და 6 თვის… ⁃ როდის გინდა წასვლა? ⁃ ალბათ დღესვე.. თუ ბილეთებს ნახავ.. კიდევ ერთხელ კარკლავს ჩემი შვილი თვალებს.. დღესვე- იმეორებს ჩემი ხმის ტონით…აი, ამ წუთას.. პირდაპირ სადარბაზოდან რომ იყოს? ⁃ იყოს პირდაპირ სადარბაზოდან, ვკოცნი შუბლზე და ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ ოთახიდან… დღეს უქმე დღეა საფრანგეთში , სადმე ღია ლაბორატორია უნდა ვიპოვო…კოვიდის ანტიგენი ტესტის გარეშე საზღვარზე არ გადამიშვებენ…უნდა ვიჩქარო… აბა,ყოჩაღად – დავხედე მარცხენა მხარზე დადებულ ჩემივე მარჯვენა ხელს.. არ შეეშვა..,, გამიმზიანდა,, დღეების დადგომამდე,,…როგორმე უნდა გამაძლიერო !!! -თითქმის მუდარით ვუჩურჩულე და სირბილით ჩავედი კიბეები…
სამშაბათი: როგორც იქნა ვიპოვე ღია ლაბორატორია ქალაქის ცენტრში, უკვეე მერამდენედ ვიკეთებ კოვიდ – ტესტს და ყოველ ჯერზე პატარა ბავშვივით ადგილს ვერ ვპოულობ სკამზე, წამოიღებს ჩხირებს ექიმი – ლაბორანტი, დავხუჭავ თვალებს და სკამის რბილ ნაწილს ჩავებღაუჭები თითებით… როგორც კი მომიახლობდება, ხელებს სახეზე ვიფარებ და რამდენიმე წამს ვითხოვ სულის მოსათქმელად- c est Rien, – სულაც არაფერია მამშვიდებს ღია ცისფერ, კოსმონავტივით , სპეციალურ უნიფორმაში უშნოდ გახვეული გამხდარი , ცისფერთვალება გოგო.. ⁃ Oui je sais, desole – დიახ , ვიცი რომ არაფერია, ვწუხვარ:) – თვალებს კიდევ უფრო ძლიერად ვხუჭავ და ცხვირის ნესტოებს ვაფართოებ როგორც შემიძლია, ეს საზიზღარი ჩხირი კი მაინც ისე მტკენს, თვალებიდან ცრემლები ღაპა- ღუპით ჩამომდის .. გოგონა სალფეთქს მაწვდის და მხარზე ხელს ნაზად მადებს თანაგრძნობის ნიშნად…მესიამოვნა ეს ჟესტი, სრულიად უცხო ადამიანისგან… ჩემივე მარჯვენას უცხო ადამიანის ხელიც დაემატა მხარზე… ანუ დღეს აუცილებლად წავალ -გავიფიქრე იმედიანად.. ⁃ ქალბატონო,15 წუთში შეტყობინება მოგივათ ტელეფონში, მითითებულ ბმულზე გადახვალთ, შეიყვანთ დაბადების თარიღს , თქვენს ინიციალებს და გაეცნობით თქვენს რეზულტატს.. – ჩემდა სასიხარულოდ ნეგატივია… მელანომ ბილეთის აღება შესძლო..დილის 7 საათზე მივდივარ მატარებლით.. ანუ დრო მაქვს.. წავალ სანაპიროზე გავისეირნებ, ჩემოდნის ჩალაგებას საღამოსაც მოვასწრებ… არ შემიძლია ისე წავიდე შუქურას არ შევავლო თვალი.. ⁃ ვგიჟდები ამ ადგილზე… უკვე 15 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ.. ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც განმარტოვება შემიძლია , როცა მჭირდება დაფიქრება… მაგრამ ეს ნაპირზე წამოჭიმული, წითელქუდიანი შუქურა ჩემი ყველაზე ერთგული და ძველი მესაიდუმლეა… როცა დაკარგული გემივით გზას ვერ ვპოულობ და ცას აწვდენილი, ტალახისფერი ტალღები, ღრიალით მიტყლაშუნებენ სახეში ხელებს, როცა ხელიდან ხელში მათამაშებენ ქაღალდის, უკომპასო გემივით, აქ მოვდივარ, მოვყვები იმ ყვითელ, ნელ-თბილ შუქს და ნაცრისფერფრთიანი, ყვითელნისკარტა თოლიების ფერხულს ვუყურებ საათობით… ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ რომ როგორი დასანანია, როცა ადამიანები საკუთარ ,,პატარა მეებს,, ვერ ერევიან, საპნის ბუშტის მარადიულობას იჯერებენ გულუბრყვილოდ და შუქურას ყვითელ სინათლეს, რომელიც ნაპირისკენ გზას უჩვენებს შიშისგან გაფართოებული თვალებით უყურებენ… გულში ფიქრობენ, შეგუებულები ვართ ფსკერზე ჯდომას, ნუ გვაცდუნებ, მაინც არაფერი გამოგვივაო…სამაგიეროდ, თეატრალურად ტირილს და მოთქმას ბრწყინვალედ ახერხებენ თავიანთ დამარცხებებზე, იმედგაცრუებებზე, უიღბლობაზე… აბა, შემომხედეთ, როგორი საწყალი ვარო… როგორი გულგატეხილიო … სულ პატარა გემი მაქვსო, ესეც იძირება და ეს შუქიც შორს არის ძალიანო… გემის კიჩოს ჩაფრენილი ტკივილს და შიშს დაუპატარავებია… აი,ელოდება ბეტმენივით ვიღაცას, აი ისეთს ხელს რომ ჩაავლებს ქეჩოში და თავის გემიანად გადაისვრის ნაპირისკენ…… ხშირად მეუბნებიან – შენ ნიცაში ცხოვრობ და იოლია იყო ბედნიერიო..- იოლი ყოფილა ვიყო ბედნიერი , რადგან ვცხოვრობ ნიცაში… და რომ გავბედო და გიპასუხოთ, რომ სულაც არ არის ეს ასეე…. 18 წლამდე ვცხოვრობდი სოფელში, აი , 90-წლების სოფელში.. იქ არ მქონდა ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვანი სანაპირო.. ხამანწკების რესტორნები და ფრანგული ჰაეროვანი ტარტები. არ იყო შუქი, არ იყო ინტერნეტი, ტელეფონი, ცხელი წყალი.. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, სანთლის შუქზე კითხვისგან ამოღამებული თვალები, მაგრამ მე იქაც მქონდა ჩემი წილი ბედნიერება .. თუნდაც , მანდარინის ყვავილების გასაგიჟებელი სურნელი, ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, ლეონარდო დიკაპრიოს უზარმაზარი პოსტერი საძინებელ ოთახში , ორ კასეტიანი , მიკროფინიანი მოგიტოფონი და კეთილი , ჭკვიანი მეგობრები … მე არავინ არ მიქმნის ბედნიერებას.. და არც თქვენ არ შეგიქმნით არავინ … მე თვითონ ვცდილობ მის მოპოვებას, მაგრამ ყოველთვის როდი გამომდის , როცა ვხედავ , ტალღები ძალიან მაჯანჯღარებენ და ვიკარგები, მაშინ შუქურას გავხედავ, რადგან ვიცი თავი არ უნდა მოვიტყუო და არ მივუშვა ჩემი გემი ნება- ნება… როგორ მინდა რომ დამიჯეროთ , რომ შუქურა ყველასთვის ერთნაირად ანათებს.. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვანაირად… ზოგისთვის ცის დასალიერშია და უღიმღამო… ზოგისთვის კაშკაშა და ახლო… დამიჯერეთ , რომ არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ,რომელი კონინენტის , რომელ ქალაქში, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი წილი ბედნიერება თვითონვე შეიქმნას … უბრალოდ სწორი გზა უნდა იპოვოს იმ ბედნიერებისკენ მიმავალი..
ოთხშაბათი: დილის 7 საათზე გადის ჩემი მატარებელი, ნიციდან არ იყო, ამიტომ ვენტიმილიიდან მიწევს წასვლა, დაახლოებით ერთი საათის სავალია ნიციდან მანქანით, იტალიის პირველი სასაზღვრო ქალაქი საფრანგეთის სამხრეთით… ფრთხილად ვაღვიძებ მელანიას, აი, ყველაზე უტკბილესი ხმით , რაც კი შეიძლება ადამიანმა ამოუშვას ხორხიდან- დე, ჩემო ანგელოზო გაიღვიძებ? ⁃ არა არ გავიღვიძებ, ტიტის უკანა გზა ასწავლე და მარტო დბრუნდება.. – ტიტის თავის მანქანას ეძახის, წითელ, კვასკვასა სმარტს.. – ⁃ ავდგები ხოო, ვხუმროობ.. – დგება ყოველგვარი ბუზღუნის გარეშე… თავისი აბრეშუმის პიჟამოზე, იხურავს გრძელ თრენჩს და 2 წუთში კარებთან დგას… -ყავა ბენზინ გასამართ სადგურზე დავლიოთ… თან მომენატრა იტალიური მაკიატო… -კარგი ბატონო, – ვპასუხობ სხარტად და ჩემი ჩემოდნის ხრიგინით გავდივარ ბინიდან.. საშვი მანქანაში შევავსეთ, სმრტფონებზე, როგორც თითქმის ყველა ევროპის ქვეყანაში საფრანგეთშიც კომენდატისს საათია, საღამოს 7 საათიდან დილის 6 საათამდე, გადაადგილება შეზღუდულია. ტიტი ჩვენგან განსხვავებით ფორმაშია.. ათუხთუხდა გემრიელად, ცარიელ ქუჩას სიმყუდროვე დაურღვია … თოლიებს უკვე დაეწყოთ ნაგავში ქექვა, შეუბრდღვიალა ბრაზიანი თვალები ტიტიმ, ⁃ როგორ გეკადრებათ ამ ფითქინა ზღვის შვილებს ასეთი უმსგავსო საქციელი, არადა როგორ ლამაზად დანავარდობთ ზურმუხტისფერი ტალღების წიაღშიო- თოლიებიც თითქოს მიუხვდნენ წითელ ,,ქალბატონს,, გულიწყრომას და ფრთების ბათქუნით დატოვეს იქაურობა… კმაყოფილმა სმარტმა სახელად ,, ტიტი,, ერთი კიდევ გემრიელად შეიფრთხიალა და გავარდა შურდულივით…. ცა ნაცრისფერდება.. უკანასკნელი ვარსკვლავები ბჟუტავენ და მთვარე მზის მოლოდინში, ბოლო ძალებს იკრებს, სრულ გაქრობამდე, იქნება თვალი მოჰკრას წამიერად ყვითელ ქალბატონს, იცრიცება, იტანჯება, ფერმკრთალდება და ქრება… მზე კი ამოდის… უმოწყალოდ ცხელი და დიდებული.. საოცარი გზაა ნიციდან ქალაქ ვენტიმილიამდე, მიჰყვები ზღვის სანაპიროს, სამანქანო გზა უფრო და უფრო მაღლა ადის, ქვემოთ რჩება ჭრელი ზღვა და ამომავალი მზე… ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ხელებს გაშლი და ამ ყველფერს ამ მზეს, ზღვას, ცას , მიმოფანტულ პაწაწინა კუნძულებს და წითელ კრამიტიან ფერად სახლებს ერთად მოიქცევ მკლავებში და ჩაიხუტებ… ასჯერ რომ გავიარო ეს გზის მონაკვეთი, ასჯერვე სუნთქვა მეკვრება და ბავშვივით ცქმუტვას ვიწყებ.. – დე, ვხედავ ლამისაა ფანჯრიდან გადახტე, მაგრამ ვერ გაგიჩერებ ორი მიზეზის გამო, ყავა მინდა ძალიან და ფოტოს გადაღებას მომთხოვ, რომლის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ…- გამეცინა…ზუსტად მიმიხვდა , მაგრამ ყავა მეც ძალიან მინდა, ასე რომ მზეო უჩემოდ უნდა ამოხვიდე ჩემო ლამაზო.. იტალიის – საფრანგეთის საზღვარზე არავინაც არ გვამოწმებს, სრული სიცარიელე, კაცისშვილი არ ჭაჭანებს, გაბრაზებული ვკეცავ კოვიდის ტესტის პასუხს და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვინახავ ჩანთაში.. თუმცა, ვიცი უკვე არაფერში არ დამჭირდება. ⁃ ბენზინ გასამართ სადგურს სადაც გავჩერდით, საუცხოო ადგილმდებარეობა აქვს, არც კი მოგინდება გზის გაგრძელება, ყოველ ჯერზე აქ ვჩერდებით ხოლმე, დიდი ტერასა, რბილი სავარძლებით, საუცხოო ხედი იტალიური, სურნელოვანი ყავა და სასწაული იტალიური სიმღერები… ⁃ – buongiorno ragazze.. – სალამი გოგონებო, Abbiamo un dolce siciliano,.. Esclusivamente per voi ,che sono arrivati in questa mattina – აი, საუცხოო სიცილიური ტკბილეული ჩამომივიდა ამ დილით, ექსკლუზიურად თქვენთვის- ხუმრობს გემრიელად, სხარტად, როგორც სჩვევიათ ხოლმე იტალიელებს და თეთრ კბილებს აელვარებს ყოველ, ნასროლ ქათინაურზე… … -Cannolini con la crema pistacchio.. -უგემრიელესი სიცილიური კანოლინი, პისტის კრემით.. – ⁃ ამ დილა უთენია რა ფორმაშია ეს კაცი, თითქოს დილის 5 საათი არ იყოს- გაკვირვებული ოხრავს მელანო – სწრაფად შევუკვეთოთ და გავეცალოთ თორემ გამაბრუა, ისედაც მძინავს ზეზე… მართლაც, საოცარი გემრიელი გამოდგა ნაქები ნამცხვარი, მაკიატოსთან და ფორთოხლის წვენთან ერთად, იმდენად კარგი და საოცარი ეფექტით, რომ სულ რაღაც 15 წუთში ბოლო ხმაზე ვმღეროდით მე და მელო მანქანაში , ცნობილ იტალიურ სიმღერა- ჩაო ბელა, ჩაო ბელააას… ისე მხიარულად გავიარეთ ეს გზის მონაკვეთი ნიციდან იტალიის პირველ ქალაქამდე, არც კი გაგვხსენებია, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათიღა გვეძინა… დაღლილობა გაქრა და იტალიის ამ პატარა, უძველეს ქალაქს გაბადრულები და ამღერებულები მივადექით… როგორც ეკადრება ამ ტემპერამენტიან, ხალისიან და ფერად ქვეყანას.. ჩაო ბელა, ჩაო ბელაა- ვესალმები მედიდურად ამობრძანებულ მზეს და ღრმად ვისუნთქავ, ზღვიდან წამოსულ, ათასი სუნით შეზავებულ მაცოცხლებელ ჰაერის ნაკადს…
ხუთშაბათი: ჩამოდგა ჩემი მატარებელი… როგორ მიყვარს ეს ემოცია, სარკიდან რომ ვუქნევ ხელს და ჩემი გოგოც, როცა მატარებელი დაიძრება, გამოირბენს ცოტას, და მასხარაობს, თეთრ ქაღალდის სალფეთქს ააფრიალებს დამშვიდობების ნიშნად და ვითომ ცრემლებს იმშრალებს, მერე ორივე ხელს მიიდებს ტუჩებზე და სანამ თვალს არ მიეფარება ჰაეროვან კოცნებს მიგზავნის… ისე ვხალისდები ამ დროს და როლებში ვიჭრებით ორივე, სულ მავიწყდება მგზავრების არსებობა… ვკისკისებ და მის გამოგზავნილ კოცნებს ჰაერში ვიჭერ კარში მყოფი, ზამბარასავით დაჭიმულ მეკარესავით.. როგორც კი ჩემი მასხარა- გოგო თვლს მიეფარა, დავსერიოზულდი და ამის დასტურად სამჯერ ჩავახველე… ჩემი პატარა ჩემოდანი სავარძლის ქვეშ შევაცურე და მივიხედ – მოვიხედე ირგვლივ, რომ უცნობი სახეებისთვის თავი დამეკრა და მხრები ამეჩეჩა,-ჩემი გოგოა და ასე ვერთობით-თქო, თუმცა ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა აღმოვაჩინე, რომ ვაგონში სულ მარტოდ- მარტო ვიყავი… ვენტიმილიიდან მილანამდე 4 საათის გზაა… ხშირად მიწევს ხოლმე მგზავრობა, მაგრამ არასდროს არ მიმგზავრია ცარიელ ვაგონში … პანდემიიდან გამომდინარე სამ – თვიანი ლოქდაუნი დასასრულ უახლოვება, საფრანგეთში 19 მაისს, ხოლო იტალიაში 15 მაისიდან, ანუ დღეიდან, თუმცა კომენდატის საათები ძალაში დარჩა..მიხრიგინებს მატარებელი, მიაკივლებს, შევარდება გვირაბში, ჩამობნელდება ვაგონში, ვუყურებ ჩემს თავს ფანჯარაში და როგორც არასდროს ისე მინდა ვიღაცა დამემგზავროს.. -ეს კონტროლიორი მაინც სად ოხრობაში წავიდა, იქნება სულ არ მაქვს ბილეთი.. – გვირაბები არ მთავრდება… შუქიც რაღაცნაირად ბჟუტავს, ერთი ამერიკული ფილმი გამახსენდა, ბავშვობაში ვუყურე, ალბათ ათი წლის ვიქნებოდი, მატარებელი გაჩერდება შუა გვირაბში და იქ ზომბები ჩნდებიან საიდანღაც, მახსოვს ამ ფილმის მერე, დიდი ხანი ცოცხალი თავით არ ვჯდებოდი მატარებელში, სანამ მამაჩემმა არ დამარწმუნა, რომ ზომბები მარტო ამერიკაში ცხოვრობდნენ და საქართველოში, მეორე კონტინენტზე, აბა როგორ მოხვდებიანო..უკვე 38 წლის კი ვარ, მაგრამ ამ საზიზღარი ფილმის კადრები მიდგას თვალწინ, ვზივარ გატრუნული და ჩემოდანს ჩახუტებული ველოდები ზომბების ან ადამიანების გამოჩენას. ჩემდა საბედნიეროდ მატარებელი ჟენოვაში ჩერდება და ვაგონში ოცდაათ წლამდე გამხდარი, ფერმკრთალი მამაკაცი ამოდის.. შორს არ დაჯდებოდეს, გავიფიქრე, მინდოდა შემეხედა, მაგრამ გადავიფიქრე და მოჩვენებითი უდარდელობით განვაგრძე წიგნის ფურცვლა, თუმცა , თვალს ვაპარებ მალიმალ, ჩემოდანი ზედა სათავსოში შეაცურა და ვგრძნობ ჩემს გვერდითა სავარძელში მოკალათდა, ამოვისუნთქე, გადავრჩი … არა მგონია ამან ზომბებისგან დამიცვას, მაგრამ მარტოსულად მაინც არ შემჭამენ გავიფიქრე და გამეცინა.- მატარებელმა სვლას უმატა.. საოცარი სანახაობაა ამ რკინის ლიანდაგებს შორის და ლიანდაგებს მიღმა აფეთქებული ყაყაჩოების მინდვრები… მწვანე, ხასხასა ფერში, წითლად აბრდღვიალებული ტანკენარი ყაყაჩოების ჯარი… თვალებს ვხუჭავ, წელამდე ყაყაჩოების ზღვაში ვდგავარ თითქოს, ხელისგულებით ნაზად ვეხები სიფრიფანა გვირგვინის ფოთლებს, შარიშურობს საკინძეჩახსნილი ნიავი… მინდა შევიყუჟო, ისეთი პაწაწინა გავხდე, ყაყაჩოს ყვავილში ჩავწვე და დავიძინო, მინდაა ყაყაჩოების დიდი თაიგულით ხელში, ამ ლიანდაგის ბოლოს ვიდგე …ყაყაჩოსფერი კაბა მეცვას, ყაყაჩოს ყელსაბამი მეკეთოოს და დიდი, ყაყაჩოს გვირგვინი მედგას თავზე… ტელეფონის ზარს გამოვყავარ ამ საზღაპრეთიდან, დედაჩემი მირეკავს- დე ერთ საათში მილანში ვიქნები და დაგირეკავ, სულ გვირაბებია და წყდება ხმა..- ვეუბნები ხმადაბლა – ნუ გეშინია სულ მარტო არ ვარ, ერთი ბიჭი ამოვიდა ჟენოვის სადგურზე, ზომბები რომც შემოცვივდნენ ვერაფერს დამაკლებენ ისეთი ათლეტურია, მიაწყობს ერთმანეთს მიჯრით.- ვეხუმრები დედიკოს და ვხითხითებთ გემრიელად.. – კაი დე წავედი, დაგირეკავ მილანიდან.. – ტელეფონს ვთიშავ და ვცდილობ ცოტა ხანს ისევ ყაყაჩოს გოგო გავხდე.. თვალებს ვხუჭავ , თითებით ყაყაჩოს ნაზ ფოთლებს ვეთამაშები… მზეა, მაგრამ ყაყაჩოებთან გრილა… მივაბიჯებ ფეხშიშველა.. ყაყაჩოსფერი, სიფრიფნა კაბით… ⁃ გამარჯობათ- თვალებს ვახელ სინათლის სისწრაფით, წინ ეს ყმაწვილი მიზის და ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე… ⁃ გამარჯობათ- იმეორებს დაბალი ხმით – ზომბები რომელ სადგურზე უნდა ამოცვივდნენ? კი ბატონო ძალიან გამხდარი ვარ , მაგრამ ხუთკუნჭულაც ხომ გამხდარი იყო? მერედა დევს ვერ მოერია თუ ?- ეს უკვე მეტისმეტი იყო, ისეთ ხმაზე ავხარხარდი, მატარებლის რახარუხი გადავფარე, ,,ირონია სუდბი- ო ,, ასეთ შემთხვევებზეა ალბათ ნათქვამი, ამ ცარიელ მატარებელში ამოვიდა ერთადერთი მგზავრი, ისიც ქართველი და იმაზეც ისეთი რამე უნდა მეთქვა , მერე ბოდიში მეხადა დარცხვენილს… ⁃ ძალიან დიდი ბოდიში, ცუდად არ მიიღოთ, უბრალოდ ვიხუმრე- ამოვილუღლუღე, როცა სული მოვითქვი.. ⁃ არა , როგორ გეკადრებათ , ნუ მებოდიშებით….. კარგად კი ვიცინეთ..მილანში მიდიხართ? ⁃ დიახ, მილანში მიწევს გადაჯდომა მეორე მატარებელში, თქვენ? ⁃ მე მილანში მივდივარ, შეყვარებული უნდა ვნახო, – ამ სიტყვებზე შეფიქრიანდა , სევდა ჩაეღვარა თვალებში – არ ვიცი თუ შეიძლება კიდევ დავუძახო შეყვარებული? ორ თვეზე მეტია წერილი არ მომსვლია, ამ დილით გამანთავისუფლეს, ციხიდან…. ამ, ზურგჩანთაში მისი წერილებია.. სულ მისი… ბოლო წერილში მთხოვა შენი ძველი ცხოვრება იქ დატოვე და ახალი ცხოვრება დავიწყოთ , სხვანაირად მე ვერ შევძლებ შენთან მშვიდად ყოფნასო.. არ მომეწონა მისგან , რბილად ნათქვამი მუქარა, გავბრაზდი და უხეშად მივწერე .. რომ ჩემი სიყვარული არ აძლევდა უფლებას ულტიმატუმი წაეყენებინა ჩემთვის… ამაზე ალბათ ძალიან გაბრაზდა … არადა, როგორ ეგოისტურად მოვიქეცი.. ვნანობ ძალიან… – მეუცნაურა უცხო ადამიანს გული რომ გადამიშალა, მაგრამ თავისად მიმიჩნია მარტოსულმა უცილოდ… ალბათ რამდენი ხანია ქართულად არც უსაუბრია, თითქოს მიმიხვდა ფიქრს.. ⁃ – წელიწადი და 7 თვეა ქართული სიტყვა არ გამიგია… ზოგჯერ, ჩემთვის ჩუმად ვლაპარაკობდი… მაპატიეთ… ⁃ ნურც თქვენ ნუ მებოდიშებით… ძალიან კარგად მესმის… ისე, თუ ძალიან მოინდომებთ დაგიბრუნდებათ , ძლიერი უნდა იყოთ რომ ნატკენი ქალის გული დაიბრუნოთ და ტკივილი დაავიწყოთ, ძალიან ძლიერი .. და თუ საჭიროა თავიდან შეაყვაროთ თავი.. იცით, ძლიერი იმედგაცრუება ადამიანში რაღაცას კლავს, შეიძლება ის შეცვლილიც კი დაგხვდეთ, მის თვალებში სიცივეც კი ნახოთ, სახეზე ირონიული ღიმილი.. ზურგიც შეგაქციოთ, გზის მეორე მხარეს გადავიდეს, მაგრამ თქვენ არ გაუშვათ… შეიძლება სილაც გაგაწნათ, მაგრამ , თქვენ უფრო ძლიერად ჩაიხუტეთ და უფრო ძლიერად მიიკარით გულზე და ყურში უჩურჩულეთ, რომ არასოდეს არ დატოვებთ მარტო…- ჩემს სიტყვებზე თვალები გაუფართოვდაა, აუწყლიანდა, შუქი აუკიაფდა.. – ასე ვიზამ, აუცილებლად ასე მოვიქცევი… -მოდი უცებ ყავაზე გავიქცევი , რომელი ყავა გნებავთ.. ⁃ მაკიატო უშაქროდ.. – ვპასუხობ და გულში საოცარი სითბო მეღვრება…როგორც კი თვალს მიეფარა, საფულედან ორ ოც ევროიანს ვიღებ და ზურგჩანთის ჯიბეში ვუდებ , მერე სალფეთქზე ვწერ რამდენიმე სტრიქონს – ყაყაჩოების თაიგული მიართვი შენს შეყვარებულს… აუცილებლად, ძალიან ბედნიერები იქნებით…. არ დაიღალო და არ დანებდე.. ⁃ ერთმანეთს მილანის სადგურზე დავემშვიდობეთ… ახლობელი ადამიანივით გადამეხვია და მითხრა , რომ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს საქართველოში..
პარასკევი: ერთი წლის მონატრება უნდა დავახრჩო ოთხ დღეში.. ყველაზე მშობლიური ადამიანების მონატრება..დის და დედის.. ზოგჯერ ვეჭვიანობ და მშურს ხოლმე, ესენი ერთ ქალაქში ცხოვრობენ, მე წელიწადში ერთხელღა თუ ჩამოვირბენ ან ჩამოირბენენ, დანარჩენი თვეები ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული… დედიკო მას საჭმელს ახვედრებს, დილით ქორფა ხილს მიართმევს ბიო- ბაზრიდან, სამსახურში ცხელ ხაჭაპურს მიურბენინებს, გადაყოლილია დედაჩემი, ძალიან უნდა მოასუქოს ცოტა, სულ ორადორი კილოგრამით, მაგრამ ვერ გადააცდინა 48 კილოგრამს, აჩქარებული ნივთიერებათა ცვლა ( მეტაბოლიზმი) გენეტიკურად გამოგყვა მამაჩემის დედისგან, ასე რომ დედიკოს ყველა მცდელობა და შრომა , ცოტა ,,ხორციანები,, გაგვხადოს მთავრდება კრახით.. ისე მომენატრა ორივე, ძნელია როცა ცხოვრობ უცხო ქვეყანაში და სულ გენატრება.. რაც ასაკი მემატება , უფრო და უფრო მიჭირს, ვერ ვერევი ნოსტალგიას და მონატრებას… მენატრება ჩემი სოფელი… გლიცინიის თაღი, მანდარინების სურნელი, მამიკოს როხროხი, დედიკოს ფუსფუსი….აი , ერთად რომ ვიყავით ის დრო მენატრება… ასე მგონია, იმ სახლში წლები მაკლდება, ასე მგონია იქ ვიკურნები… ახლა რომ ჩავალ, უცილებლად დაველაპარკები დედიკოს, წავიდეს მალე, როცა ორივე იქ მეყოლება, უფრო ხშირად ვივლი , მეც უფრო გამიადვილდება ალბათ ცხოვრება… ეს ნოსტალგია აღარ დამიღრღნის სულს ალბათ ასე ძალიან…. ერთი სული მაქვს , მალე ჩავიდეს მატარებელი, თუ არ დაიგვინებს წესით დილის 7 საათზე ბარში უნდა ვიყო, ( , ბარი საპორტო ქალაქია ადრიატიკის ზღვაზე , სამხრეთ იტალიის რეგიონში) თუმცა იტალიური პუნქტუალობის რა მოგახსენოთ, ყველა ჯერზე რამდენიმე წუთით ყველგან თითქმის ყველაფერი იგვიანებს… თუმცა არ ჯერზე, სულ რაღაც ათიოდე წუთით გადასცდა მითითებულ დროს, სადგურზე ჩემი და დამხვდბა , როგორც ყოველთვის გამოქანდება სირბილით და კისერზე ჩამომეკონწიალება , ბავშვობიდან დღემდე, უკვე 37 წლის ხდება , მე 38 – ის მაგრამ , ეს შეხვედრის უჩვეულო რიტუალი არ იცვლება… არასდროს არ ვეუბნები რომელ ვაგონში ვარ , ჩამოვდივარ და ვურეკავ, მერე ველოდები ბაქანზე , მისი გასხივოსნებული , გაცისკროვნებული სახის დანახვას, ასკინკილათი მორბენალ, მისი ასანთის ღერებივით ფეხების პაკუნს ქვის ფილაქანზე არაფერი მირჩევნია…ვდგავართ მერე ერთმანეთს მიწებებულები და ჩუმად ვახოცავთ ცრემლებს პერანგის სახელოს… -დადა, რა მაგარ ტანზე ხარ? ⁃ ოუ , შენ კიდე სახე რა კარგად გაქვს? ⁃ შენი სათვალე მე უფრო მომიხდება… ვლაზღანდარობთ და ვამოწმებთ ერთმანეთს… ყოველ მის დანახვაზე, თვალწინ მიდგას სიზმარი, ალბათ 8 თუ 9 წლის ვიქნებოდი, დამესიზმრა რომ დამეკარგა თვალუწვდენელ ხორბლის ყანაში, ამ ოქროსფერ თავთავებში ვერ ვპოულობდი.. მისი თმისფერია ირგვლივ ყველაფერი… მივრბივარ, ვყვირი მის სახელს გამწარებით… ვეძახი, ვტირი, ვერ ვპოულობ… დამეკარგა ჩემი ოქროსთმიანი, ცისფერთვალება დაიკო .. მე მაინც გავრბივარ , მუხლებამდე მწვდება ხორბლის თავთავები, შიშველ მუხლისთავებს მიკაწრავს აქა იქ ამოსული ეკალ- ბარდი… მე მაინც გავრბივარ… ტბის პირას ვხედავ მის თეთრ ქოშებს, ყანა მთავრდება, ახლა ქვიშაში მეფლობა ფეხები , გავრბივარ , მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილება… ჩაქვავდნენ თითქოს ქვიშაში… ჩაბეტოდნენ… ვხედავ ტბის ლივლივა ტალღებზე , ჩემი დაიკოს ოქროსფერი თმა გადაშლილა და მზეზე ანათებს , ლოდებში გაბნეული ოქროს მარცვლებივით…. ვყვირი , მაგრამ ხორხიდან მხოლოდ ნაკუწებად ამომდის ბგერები , ხავილის მსგავსი… ამ დროს მახსოვს , დედაჩემის ხმა რომელიც თავზე მედგა და მაღვიძებდა , თურმე ვყვირივარ ბოლო ხმაზე…. ძლივს გამაღვიძეს.. ოფლში გახვითქულს და გულგახეთქილს დიდ ხანს მაწყნარებდნენ, და მარწმუნენდნემ რომ მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო…. და ჩემი ოქროსთმიანი და გვერდით მეწვა საღ- სალამათი… ამ დღის მერე წესად მექცა, სადაც არ უნდა იყოს, მივდივარ და თმაზე ვკოცნი, ღრმად ვისუნთქავ მისი მბზინავი თმის საოცარ სურნელს… და ვგრძნობ რომ გვერდით მყავს.. რომ ვიპოვე … რომ ხელი უნდა ჩავჭიდო და არ დავკარგო არასოდეს….
შაბათი:. მიყვარს იტალიური საუზმე, თუმცა ეს ჩემი საუზმეა, იტალიელები ასე არ საუზმობენ..იტალიელი ბარში შეირბენს, ფინჯან ყავას არაყივით გადაჰკრავს,შეიძლება კრემიანი კორნეტოც მიაყოლოს, ბარმენთან აუცილებლად იტყვის ორ სიტყვას პოლიტიკაზე და მუსიკაზე, წაეხუმრებიან, ხმამაღალი შეძახილებით მოესიყვარულებიან ერთმანეთს და მათი დღე ხშირ შემთხვევაში იწყება ასე.. მეც ასე ვიწყებ, ბარში მოდუღებული მწარე იტალიური ყავით, მაგრამ მერე აუცილებლად იტალიურ ხილ- ბოსტნეულის ბაზარში მივდივართ მე და დედიკო, ეს ჩემი ტრადიციაა , რომელსაც არასდროს არ ვარღვევ… საფრანგეთში როცა პირველად ჩამოვედი, სადღაც ორი თვე ვერც ხილს ვგუობდი და ვერც ბოსტნეულის გემოს.. ფაქტობრივად არაფერს ვჭამდი, გავხვდი საშინლად.. მერე ნელ- ნელა მივეჩვიე უგემოვნო და უსუნო პომიდორს, ატამს, მარწყვს, კიტრს… მივეჩვიე და დამავიწყდა ნამდვილი გემო… მაგრამ, როცა იტალიაში ჩამოვდივარ, აქ სასწაულები ხდება.. ბაზარში შესვლისთანავე, პომიდვრის, ატმის და ბაზილიკოს სურნელი თავბრუს მახვევს და ცოტა ხანი გაბრუებული დავდივარ დახლებს შორის… იქ, იშვიათად ნახავთ თურქულ, ესპანურ ან აზიიდან ჩამოტანილ ხილ- ბოატნეულს, თითქმის ყველაფერი პულიის მიწაზე მოყვანილი პროდუქტია, დედიკომ იცის რომელ დახლზე არ ზის გადამყიდველი, ვინ ყიდის საკუთარი ხელით მოყვანილს და ყოველთვის მათთან ვავსებთ ჩვენს კალათას, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს, საოცარი იუმორის მქონე, 70 წელს გადაცილებული კაცი სახელად ვიტორიო… რომელსაც, როგორც ყველა იტალიელს, აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და სიყვარულით სავსე თვალები… ⁃ ჩაო ბელაა, კომე სტაი? – ისე შემომიღიმილებს და შემომეგებება როგორც ღვიძლი ბაბუა… თავიდან სინიორ ვიტორიოს ვეძახდი, მერე კი თვითონ მთხოვა არ მიყვარს ეს ბატონოთი- რომ მომმართავ და ნონო ვიტორიო დამიძახეო.. ჰოდა, მეც იმ დღიდან ვეძახი ბაბუა ვიტორიოს.. როგორც კი დამინახა, აფუსფუსდა, ფრანგი სტუმარი ჩამოსულაი , გადასძახა მეზობლებს… – ისეთი გემრიელი ბალი მაქვს, მარწყვი, ქლიავი…. ეს რა კარგ დროს ჩამოსულხარ, ამ დილით დავკრიფე ბალიო… შენ იცი ამ ბალს ინგლისის დედოფალს ვუგზავნი მთელი მაისის თვეაო.. ვხარხარებ… თან იფიცება- ჯურო, ჯურო- გეფიცები არ გატყუებ – ელისაბედ დედოფალს უყვარს ძალიან ბალი და განსაკუთრებით პულიის მიწაზე მოყვანილი ეს ჯიშიო, ელისაბედი არ ვიცი, მაგრამ ბალი ისეთია, ავ თვალს არ დაენახვება, კბილები მიწაკწაკებს, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.. ⁃ აუცილებლად კამეჩის ყველი-სტრაჩატელა უნდა გასინჯო, ასეთი ,, კრემოზო,, იშვიათად სადმე ნახოო.. მოკლედ, კალათა წამში აავსო პირამდე… 500 გრამი ყველი, პომიდორი ჩერი, არგულა( რუკოლა) სოკოს მწნილი, ქორფა კიტრი და რა თქმა უნდა ბრიტანეთის დედოფლის საყვარელი შავი ბალი… სახლში სირბილით ვბრუნდებით, დედიკო აქლოშინებული მომსდევს… მაგრამ ვერ ვერევი ჩემს სულწასულობას, ისე შემომცქერის ეს ბალი კალათიდან, ცდუნებას ვეღარ ვუძლებ, ვაპარებ ხელს… დედიკო მტუქსავს როგორც ბავშვობაში, – მირანდა გაურეცხავია, ამ ეპიდემიის დროს რა იცი რა, მოითმინე ორი წამი- მაგრამ გვიანია , ყველაზე მსუქანი ბლის კუნწულას მივაქანებ პირისკენ და ბედნიერი სახით ვპასუხობ – ნონო ვიტორიომ თქვა დილით დავკრიფეო, რა უნდა კორონას ბლის ხეზე.. – ვხარხარებ და ვფიქრობ, აი, მარტო ამად ღირს იყო ინგლისის დედოფალი, ამ სასწაულ ბალზე რომ გამოუშვებ კერძო თვითმფრინავს და საუზმეზე, პორსელანის ჭიქით, ორ ბალ დასკუპებულ პუდინგს რომ მოგართმევენ თეთრ წინსაფრიანი, წითელ – ლოყება მზარეულები.. ამ ფიქრებში გართულს, სახლში მისვლამდე , თითქმის შემომეჭამა ბალი, მაგრამ დამრჩა კამეჩის სტრაჩატელა, პომიდორი ჩერი და არგულა… საოცარი გემოების შეხამებაა… ცხიმიანი ყველი, რომელიც ოდნავ მოგავს ახალ ამოყვანილ სულუგუნს, ოდნავ მწარე არგულა და მოტკბო ჩერი… აი, ბეწვზე ვარ გადარჩენილი რომ იტალიაში არ ვცხოვრობ, უბრალოდ ასე თამამად ვერ ვისაუბრებდი წონაზე და ფორმაზე, არა მგონია ჩემს მემკვიდრეობით რგებულ დალოცვილ მეტაბოლიზმსაც ეშველოს, უცილოდ მომიწევდა თავის დატანჯვა, სხვა და სხვა დიეტებით .. ისე ბავშვობიდან ასე ვარ, ჩემი უახლოესი მეგობრების ნაღვლიანი თვალები დღესაც თვალწინ მიდგას… მე ყოველთვის გემრიელად, უდარდელად მოვამთავრებდი ჩემს ულუფას, მერე მეორისას და მესამეზე რომ გავაპარებდი მზერას, თვალებს გადმოკარკლავდა ორივე..ისინი ფრთხილობდნენ და არასდროს არ ამთავრებდნენ თავიანთ ხაჭაპურს ხინკალს თუ ღომს.. სულ ბრაზობდნენ და ჯუჯღუნებდნენ… სადა აქვს ღმერთს სამართალი, ამდენის უფლება ჩვენ რომ მივცეთ თავს, კარებში ვერ გავეტევით სულ მოკლე დროშიო.. და მდუღარე წყლიან ჭიქას მიაშტერდებოდნენ იმედგადაწურულები… ( ოღონდაც, დღემდე არ ვიცი რატომ აყოლებდნენ საჭმელს მდუღარე წყალს) მოკლედ , იტალია რამდენადაც ჩემი საიქიოდან მომბრუნებელი ქვეყანაა , იმდენად სახიფათოა და ამიტომაც არ ვრჩები ათ დღეზე მეტს.. თუმცა, ეს ათი დღე ვახერხებ ,,ხურჯინის,, ავსებას .. ვახერხებ დავიცალო და შევივსო.. … გავუშვა გულიდან გასაშვები სევდა და ტკივილი …. გადავახარისხო გრძნობები და ურთიერთობები.. ეს ათი დღე ვაშენებ ჩემს თავს და ნანგრევებს ჰორიზონტს მიღმა ვტოვებ… მერე ვიწყებ სიცილების, ღიმილების,მოფერებების, ჩახუტებების , კოცნების შეგროვებას და აკინძვას… და როცა საფრანგეთში ვბრუნდები , ეს მზესავით თბილი და ნათელი, ძაფზე ასხმული მძივის ბურთულები , როგორც კი მოიღრუბლება ჩემს ზეცაზე, მოსწყდებიან უეცრად ადგილს, აიჭრებიან მაღლა , ლეგა ღრუბლებს მიმოფანტავენ და მზეებად ამოვლენ … ჰოდა, მეც ვმზიანდები და ვთბები ასე და ამგვარად…. და ვიცი , რომ ყველაფერი , აუცილებლად კარგად იქნება…. ⁃ ⁃ ⁃ ⁃
კვირა: გაიფრინა ამ დღეებმაც, როგორც ყოველთვის, როცა კარგად ხარ და მშვიდად, საათს აღარ უყურებ.. უბრალოდ ცდილობ , ყველა საათს და წუთს მისცე ფერი, თქვა ბევრი თბილი სიტყვა, ბევრჯერ ჩაეხუტო და ჩაიხუტო, უთხრა სათქმელი შენს გვერდით მყოფ ადამიანებს და არაფერი ჩაიტოვო გულში… ყოველ საღამოს , თითო ჭიქა საოცრად მსუბუქ, ტოსკანურ ლალისფერ ღვინოს , კიანტის,შემოსკუპულები , დედა , მისი 37 და 38 წლის ქალიშვილებითურთ … ერთმანეთს ვაშენებდით და ჯებირებს ვუმაგრებდით … ყოველ საღამოს მივდიოდით ბარიდან რამდენიმე კილომეტრში, პატარა ქალაქ პოლინიანო-ალ- მარეში,კლდეში შეჭრილ ამ თეთრ ქალაქში , საუცხოო ხედებით და პლაჟებით, საოცარი რესტორნებით და კაფე- ბარებით, დავსხდებოდით იასამნის ბუჩქებით გარშემორტმულ , კლდეში გამოკვეთილ ტერასაზე, ზღვის ხმაურით , იასამნის დამათრობელი სურნელით , ამ წითელი ღვინის ჭიქებით, ასე რბილ სავარძელში მოკლათებული, სადღაც ცასა და მიწას შორის, ვწრუპავდით ამ ღვთაებრივი , ბრუნელოს ჯიშის ვაზის წვენს და გვალაპარაკებდა ეს ოხერი , ყველაფერზე და არაფერზე.. გვაცინებდა, გვახარხარებდა , უბრალოდ გვატკბობდა და გვაძღობდა ერთმანეთით … როცა წამოსვლის დღე დადგა, უკვე მზად ვიყავი, კმაყოფილი ვიყავი და სავსე.. თან ჩემი გოგონებიც უსაშველოდ მომენატრნენ… იქაც იგივე პროცედურა, კოვიდის ტესტი, აფთიაქებში სირბილი, ეს დაწყევლილი ჩხირები, მთელი გზა პირბადით დამღლელი, მგზავრობა… თუმცა , ბაქანზე ჩემი გოგონების დანახვაზე ყველაფერი გადამავიწყდა… ამომიდგა ორივე, ერთი ერთ ლოყაზე მკოცნიდა მეორე მეორეზე, ჟღურტულებნენ, კისკისებდნენ… – დე, ძალიან დაღლილი ხარ? ჩემოდანი მანქანაში დავტოვოთ, დედის დღეა დღეს , მე და ანნა რესტორანში გეპატიჟებით , თან მოშიებული იქნები, ქართულ რესტორანში დავჯავშნეთ მაგიდა, – მეტიტინება ჩემი უფროსი გოგო, სულ გადამავიწყდა, დღეს დედის დღე რომ იყო საფრანგეთში.. დაღლილი ვარ მაგრამ, როგორ შევიმჩნევ, არანაირი დაღლა და არ შემიძლია არ არსებობს , როცა ისინი რაღაცას მთხოვენ.. ვთვლი რომ, ეს ორი ადამიანი ჩემი წილი ბედნიერებაა ამ სამყაროში, ორი სრულიად განსხვავებული ვიზუალის და ხასიათის ადამიანის დედობა მერგო წილად… უფროსი დინჯი, კანონმორჩილი და ტრადიციების გოგოა, უმცროსი ექსტრემისტი რევოლუციონერი, რომელიც ჩვენს კანონებს და წესდებებს არ ემორჩილება..თვლის რომ თვითონ აქვს საკმარისი ჭკუა , აწონ – დაწონოს და სხვისი აზრი ვერ ხვდება , რატომ უნდა გაითვლისწინოს, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლი ცხოვრებას- მეუბნება და ეშმაკურად აწკიპავს ხოლმე წარბებს… მანქანა მოშორებით დავაყენეთ და ფეხით გავუყევით ზღვის სანაპიროს, საოცარი სანახაობაა ეს ინგლისის სანაპირო ნიცაში ( promenade des anglais) დიდი თეთრი, ხის ფანჩატურებით , ლურჯი სკამებით , ორწყებად ჩამწკრივებული პალმებით , მხატვრებით და ქუჩის მუსიკოსებით.. ჩვენი ქართული პატარა რესტორანი ,, თონეც,, , ამ სანაპიროს პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან გვიყვარს ამ რესტორნის მასპინძელი და ტკივილამდე მონატრებული ქართული გარემო… ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, ამ რესტორნის კარებს იქეთ საქართველოა, ქართული მუსიკა, კედლებზე ჯიხვის ყანწები , სხვადასხვა სიმაღლის დოქები და თასები, ხანჯლები, ტყავში ჩასმული ქარქაშით და თუშური ჭრელი ფარდაგებით … ამ ყველაფერს მონუსხული მისჩერებიხარ შესვლისთანავე და გრძნობ როგორ გენატრება შენი ქვეყანა… ბევრჯერ უთქვამთ ჩემს მეგობრებს, შენ რისი დამბრუნებელი ხარ, ვერ იცხოვრებ საქართველოშიო, ამაზე ისე ვბრაზდები , აი, მინდა , ჩავალაგო ჩემოდანი და წავიდე, დავბრუნდე იქ სადაც ყველას გონია რომ ვერ ვიცხოვრებ.. სულ ვფიქრობ, ღმერთო, რა უბედური ვიქნები თუ ჩემს ქვეყანაში მართლა ვერ შევძლებ ცხოვრებას, მაგრამ მაინც ჯიუტად მგონია რომ შევძლებ.. ეს შიში ვიცი ჩასვლისთანავე გამიქრება… შევძლებ და ვიცი ყველაზე ბედნიერი, მშვიდი და ლამაზი ცხოვრება იქ მელოდება… იქ მელოდება ჩემი სიზმრად ქცეული მეგობრები, ჩემი ბავშვობის სახლი, ჩემი უგემრიელესი სავარძელი , სადაც საათობით ვიჯექი , წიგნის კითხვით გაბრუებული , მელოდება ბებიას დატოვებული და მამიკოს მიერ გაახლებული ბიბლიოთეკა და ჩემი გამზრდელი ბებია და ბაბუას საფლავები… მელოდება მე იქ ჩემი ქვეყანა… მელოდება….
უნიჭიერესი ჟურნალისტი,მანდილოსანი,სამაგალითო დედა.
უნიჭიერესი ჟურნალისტი,მანდილოსანი,სამაგალითო დედა.
საამაყო ქართველი ქალი❤
მირანდა… როგორ ხარ? თამრიკო ვარ თუ გახსოვს 90-იანი წლები და ჭავჭავაძის გამზირზე ძველი “კომუნალკის” შენობა, სამი დები გურჯაანიდან… არაჩვეულებრივად წერ, სულმოუთქმელად წავიკითხე შენი დღიურები და მეც შენთან ერთად განვიცადე ყველა ემოცია…ბრავო!!! გისურვებ ბევრ წარმატებებს, აუცილებლად დაბრუნდები, რადგან ეს მოუვლელი, დაღლილი და მაინც ძალიან თბილი და ტკბილი ქვეყანა სიხარულით გელოდება…