დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის რომან რურუას წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. მან ისაუბრა მწერლის ღვაწლზე და დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე. მადონა მაქაცარიას განმარტებით, მწერალი თვითონ დაუკავშირდა ბიბლიოთეკას და გამოთქვა სურვილი შეხვედროდა ზუგდიდელ მკითხველს. „ მან ითხოვა წიგნის პრეზენტაცია გაგვეკეთებინა, გამოაგზავნა წიგნი, გადავხედეთ. მართლაც, მშვენიერი წიგნია, სადაც ასახულია მისი ცხოვრება, თუ როგორ მოაღწია დღევანდელობამდე, რა აქვს გაკეთებული“. დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მწერლის მეგობრები, რომლებმაც ისაუბარეს მის პიროვნულ თვისებებზე, მიღწევებზე და საქმიანობაზე. შეხვედრაზე იმყოფებოდა მწერლის მეგობარი პოლიტიკოსი, „ქართული ერთობის დარბაზის“ პოლიტსაბჭოს წევრი თემურ შანშიაშვილი. მან აღნიშნა, რომ რომან რურუა ლეგენდარული პიროვნებაა მთელი მსოფლიოსთვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=18XIUhouHSk[/embedyt]
მწერალმა ჟურნალისტებთან თქვა: „მე წიგნზე არ ვმუშაობ. მომივა მუზასავით. დავწერ და გავაგზავნი რედაქციაში. მერე ეს მოიკრიბა საგაზეთოდ და გამოუშვეს ჩემმა მეგობრებმა. ქართული ერთობის დარბაზის მიერ არის გამოცემული. რაც წერია, ყველაფერი რეალურია“. მწერლის თქმით, წიგნით უნდოდა ეთქვა, რომ მთავრობები მოდიან, პირობას იძლევიან, არ ასრულებენ და მიდიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=j49S3qQo3rM[/embedyt]