- უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.”-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.