- ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს.
“ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს საჯაროდ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!
უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქარათველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.
სრულიად ვიზიარებთ საერთო, სახალხო სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სწორი მისწრაფებებით.
ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათთან ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება.
რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი, სტუდენტების მომავალი. ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რომელსაც უნივერსიტეტის კედლებში ვსწავლობთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორებს, რექტორს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად თითოეული პროფესიისა თუ თაობის წარმომადგენელს, დადექით ჩვენს გვერთოთ! აირჩიეთ ნათელი, ევროპული მომავალი, აირჩიეთ ქვეყნის სწორი კურსი. დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. ენა, მამული, სარწმუნოება და ქართველი ხალხის ერთობა ყოფილიყოს ჩვენი მოტივატორი!
„არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“.