მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრები ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდნენ. ახალგაზრდა ჟურნალსტებმა მერს საინტერესო შეკითხვები დაუსვეს ზუგდიდის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ. ახალი ,,სარკმელელები”, მერთან შეხვედრაზე, შეკითხვებს სვამენ,- ბავშვურს ნაკლებად, ,,დიდურს” , ანუ ჟურნალისტურს! – არაერთი პრობლემა წამოსწიეს, მათი ინტერესი სერიოზული აღმოჩნდა სპორტის მიმართ-საცურაო აუზი გვინდაო – უთხრეს მერს. სტადიონი როდის აშენდებაო, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რემონტი გვეჩქარება-სცენა და ჟურნალსტთა სახელოსნო გვინდაო. ყველაზე დიდი პრობლემა რა აქვს ზუგდიდსო. ერთ-ერთმა ახალმა ,,სარკმელელმა” მისი სკოლის მოუწერიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებაც შესჩივლა და მერის პირობაც მიიღო დავინტერესდებით, შევისწავლით და მოვაწესრიგებთო. ირაკლი გოგოხიას ბიოგრაფიასაც ბევრი უკირკიტეს ახალგაზრდა ჟურნალისტებმა – პირველი სიყვარულიო, საყვარელი მწერალი და წიგნიო, გერმანიაში ცხოვრების პერიოდიო, მისაბაძი ადამიანებიო, საკანში გატარებული წლებიც შევაფასოთო…როგორ წარმოგიდგენიათ ოთხი წლის შემდეგ ზუგდიდიო, და ბოლოს, ბულვარში სიმღერები რომ ისმის, უგემოვნო გვგონია, იმასაც გადახედვა უნდა, იქნებ, რეპერტუარი შევცვალოთო… ირაკლი გოგოხიამ ყველა შეკითხვაზე გასცა ამომწურავი და გულწრფელი პასუხი. ახალგაზრდებს ურჩია ბევრი იკითხეთო,- მითუმეტეს ჟურნალისტობას თუ აპირებთო… ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ის მთელი ცხოვრება მადლიერია მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის, რადგან სწორედ სასახლეში ისწავლა სცენაზე დგომა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2016 წლისათვის, ზუგდიდელ მოსწავლეებს, სრულად გარემონტებული მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე ჰქონდეთ. ახალმა ,,სარკმელელებმა” მერის თითქმის აცრემლებული ემოციაც შენიშნეს, როცა მას ოჯახზე, მამაზე,- აწგანსვენებულ ზურაბ გოგოხიაზე და საერთოდ, ოჯახის ტრადიციებზე საუბარი სთხოვეს, როცა ,,სარკმელელებს” შორის ფახულანელი მოსწავლეები იხილა,- მეც ფახულანელი ვარ წარმოშობითო.,- ეტყობა, ფესვები ძალიან უყვარს მერს… ასეთი იყო ახალი ,,სარკმელელების” პირველი შეხვედრა პირველებთან. შეხვედრები გაგრძელდება.