- ჩემი ორშაბათის განწყობა პარასკევიდან გადმოვიდა. ვზივარ ახლა მონიტორთან და ეკას Ekaterine Parulava და ანას Ana Chanturia ფოტოკამერების მეხსიერების დახმარებით დროს ვაბრუნებ ისევ პარასკევისკენ: ჩვენი მედიატური ჩხორიაში, ეთნოსოფელი “სისატურა”… Marika Todua-Sisatura პირადად ჩემთვის, დაძაბული კვირის შემდეგ, ეს სერიოზული რელაქსაცია იყო – განვიტვირთა.
ახლაც, მონიტორზე ფოტოები, ისევ მიხანგრძლივებს იმ ადრენალინს – კიბით ხეზე ამძვრალი (რა ენერგია მომეცა?) ეთნოსოფლის მთელ ტერიტორიას რომ ვზვერავდი. ზუგდიდელებისთვის ცნობილი სახის, გურიელ ჭითანავას გურიელ ჭითანავა მამული, მისმა შვილმა ენრიმ და რძალმა მარიკა თოდუამ, “ეთნოეგზოტიკურ” სამყაროდ აქციეს: ტბა, ნავი, კუნძული, წისქვილი მემატიანე, სამზადი, მეგრელი გლეხის ეთნოეზო მთელი აუცილებელი ატრიბუტებით, აქცენტირებულად ბევრი აკვნით და თქვენ წარმოიდგინეთ, ოქროს საწმისითაც… ახალგაშენებული ოჯალეში, სცენა ტბაშია შეჭრილი და ქუდად უზარმაზარი შავი თუთის ხე ახურავს, ჰამაკები ფერებში, სტუმრის მისაღები ღია სივრცეები, ყვავილნარი, რომელიც მარიკამ დედას უძღვნა და ულამაზესია, აფერადებს იქაურობას.
“ბიმის” საფლავიც კრეატიულია… მიუხედავად იმისა, რომ სევდას გგვრის, დიდ სიყვარულზე გიყვება. ყველაფერს ისრუტავ, ისუნთქავ, ფილტვში და სისხლში უშვებ შენს იდენტობას, როგორც არსებობისთვის და ხვალინდელი დღის გასათენებელ აუცილებელ პირობას, რომ ძალიან საინტერესოა და საამაყო მეგრელი კაცის, კოლხი კაცის წარსული, რომელიც კვლავაც გაალამაზებს და გააძლიერებს ჩვენი კუთხის მომავალს.
“სისატურას” გზა, 2019 წლიდან დღემდე, წამი-წამზე გავიარეთ, ჩვენს ქვეყანაში, დამკვიდრებისთვის, რატომღაც, ბუნებრივი წინააღმდეგობებით და სიამეებით,- მასპინძელი ენაწყლიანი მოსაუბრეა: -მომავალში, აქაურობას, ბუნგალოებს დაამატებენ, სასტუმროებს,- სოფელს დაასაქმებენ… მერწმუნეთ, მარტო ერთი, რიგითი პროექტი არაა “სისატურა” დედლაინებით რომ ამთავრებს არსებობას და მერე ნაკვალევიც არ ჩანს…
ჩვენს იქ ყოფნას, ცნობილი სახეების სტუმრობაც დაემთხვა – ექიმი გიორგი ქორთუა მეუღლესთან ერთად, “ოჯალეშის” ნერგების დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ჩვენი იქ ყოფნისას ჩამოვიდა ხელოვანი, კერამიკოსი რობერტ აბსანძეც ოჯახთან ერთად,- თავისი ნახელავი ქვევრი და საოჯახო კერამიკული ნივთები მოუტანა საჩუქრად ეთნოსოფელს… მარიკა ამბობს, სტუმრები ხშირად მოდიან საჩუქრებითო, მოაქვთ ოჯახის ძველი ნივთები და ტოვებენ ფიქრით, რომ ისინი, სიცოცხლეს, აქ, უფრო ღირსეულად გააგრძელებენ.
“სისატურას” სეზონი, ბევრი მიზეზით, წელს, ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო – მასპინძლები მზად არიან, როგორც ჩვენ შეგვხვდნენ ჭიშკართან, ასევე შეხვდნენ ნებისმიერ სტუმარს, ჯგუფს და მეგრული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები გააცნონ. რა ეწოდება ამ საქმეს? დიახ, სამშობლოს, ოდაბადეს სიყვარული… …და ახლა, ფოტოების ატვირთვისას, ვხვდები, რამდენი რამ დამრჩა კიდევ უნახავი და დაუგემოვნებელი “სისატურაში”. მალე ისევ მოუწევთ მარიკას და ენრის ჭიშკართან შემხვდნენ და “მოზოჯი” მითხრან. მეც, შესვლისას და გამოსვლისას, ისევ სამ-სამჯერ დავაკაკუნებ ღობეზე წამოცმულ ცხენის თავის ქალაზე, რომ ავი თვალისგან დაიფაროს, წარმატება და სტუმარი არ მოეშალოს “სისატურას”.
მასალა მოამზადა ნანი მოსიძემ