ჩვენი რუბრიკის სტუმარია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარის” ექიმი ენდოკრინოლოგი, ქალბატონი მარინე როგავა-მიქავა.
– ცაიშელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე საშუალო სკოლა დავამთავრე 1975 წელს, ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ექიმობაზე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ვყოფილიყავი ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი.
ძნელი იყო, იმ დროს, სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ჩემმა სიბეჯითემ და სკოლის წარჩინებით დამთავრებამ, შედეგი მომცა. 3 წელი ვმეცადინეობდი, თან ვმუშაობდი, მუშაობის სტაჟი რომ მქონოდა და შემდეგ ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. ჩემი ოცნება ასრულდა და იმ დღიდან მოყოლებული, ისევ ჩემი შრომისმოყვარეობით, ისევ ჩემი სიბეჯითით, ჩემი საქმისადმი პასუხისმგბელობის მაღალი გრძნობით, რა თქმა უნდა, ვცდილობდი, ამეთვისებინა ეს ურთულესი პროფესია და სათაყვანებელი ექიმების დარად მემუშავა. ეს რამდენად მოვახერხე არ ვიცი, მაგრამ ჩემი პაციენტები გამოხატავენ ჩემს მიმართ დიდ პატვისცემას. 1986 წლიდან, განაწილებით, მოვხვდი ზუგდიდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგურში ექიმ-თერაპევტად. იქ 4 წელი ვმუშაობდი, შემდეგ ე.ქ.კ. სამედიცინო ცენტრში გადავედი ექიმად და იქაც გარკვეული წლები დავყავი. ამჟამად ვმუშაობ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარში” ოჯახის ექიმად, ენდოკრინოლოგად. “თანაზიარში”, მართლაც, დამხვდა არაჩვეულებრივი კოლექტივი, საუკეთესო ექიმები, მეც რა თქმა უნდა, ბედნიერად ვგრძნობ თავს მათ გვერდით. გვყავს არაჩვეუელბრივი, გულისხმიერი, უნიჭიერესი დირექტორი, ქალბატონი ხათუნა ბეჭვაია. ღვთისგან მოვლენილი პიროვნებაა, მისი დიდი გამარჯვებაა რომ ცენტრს ჰყავს კარგი და რეიტინგული ექიმები. მე საჯაროდ ვუცხადებ მას დიდ მადლობას.
ჩემი უფროსი კოლეგები, ქალბატონები: ციალა მიქავა და თამარ ხაბურზანია, ჩემი უფროსი მეგობრები, თითქოს ერთი ოჯახი ვართ. მე სულ აქ მინდა ვიყო, სამსახურში, ისეთ სითბოსა და ენერგიას ვღებულობ მათგან, რომ ერთი დღე, გამოსასვლელი კვირა რომაა, ისიც მიჭირს მათ გარეშე.
-თქვენს მიერ განკურნებული პაციენტები მადლიერებას გულღიად გამოხატავენ. რაა მთავარი პაციენტთან ექიმის ურთიერთობისას?
– ჯერ ერთი და გულისხმიერი უნდა იყო, მეორე და, მოთმინების უნარი უნდა გაგაჩნდეს. პაციენტმა პრობლემა არ უნდა დამალოს. ისე უნდა გენდოს, თითქოს მის გულში ზიხარ. ამას ჩვენ ექიმები `ანამნეზის~ შეგროვებას ვეძახით. “ანამნეზი” ქვია იმას, რომ პაციენტი თავის გაჭირვებას დაუფარავად გადმოგცემს. რაც არ უნდა ინსტრუმენტული გამოკვლევა, რაც არ უნდა უმაღლეს დონეზე, თანამედროვე ტექნიკით არ მიუდგე პაციენტს, ურთიერთგაგება პაციენტსა და ექიმს შორის თუ არ მოხდა, თუ სულში არ ჩაუძვერი, თუ არ გაიხსნა გულით, არ გითხრა თავისი შინაგანი გაჭირვების შესახებ, არ გამოვა არაფერი. მთელი ამ გულისყურით აკრეფილი ანამნეზი უკვე 90%-ია მისი დიაგნოზის, ასე, რომ წინასწარი დიაგნოზი უკვე მაქვს, პაციენტის მიერ თავისი გაჭირვების მოყოლის პერიოდში. მარტო პაციენტის და პროფესიის სიყვარული არ კმარა, ექიმი განათლებული უნდა იყოს, უნდა ტარდებოდეს ტრენინგები, შეხვედრები. გამოცდილ სპეციალისტებთან ურთიერთობა გვეხმარება ჩვენი ცოდნის გაღრმავებაში.
– ქალბატონო მარინე, ვინ არის მედიცინაში თქვენი იდეალი?
-სტუდენტობის დროს ძალიან მიყვარდა და ჩემს სულთან ახლოს იყო თერაპიის ლექტორი, პროფესორი კუკური ვაშაკიძე, ძალიან კარგი თვისებებით მახსენდება ბატონი გიორგი კუზანოვი, ცნობილი პლასტიკური ქირურგის ივა კუზანვის მამა. არაჩეულებრივი ექიმი იყო მეანგინეკოლოგი, ქალბატონი ეთერ შუშანია, უაღრესად განათლებული პიროვნება. სამწუხაროდ, ჩემი იდეალი ექიმები არცერთი არ არიან ცოცხლები, ნათელში იყოს მათი სულები. ზუგდიდის რაიონში აღვნიშნავდი სამაგალითო ექიმის შოთა კვირკველიას მხარში ამოდგომას ჩემდამი. ინტერნატურა გავიარე რაიონულ საავადმყოფოში. ასევე ჩემი იდეალი იყო ქალბატონი ნუნუ ქირია, – ის გახლდათ ჩემი კურატორი და დიდი მეგობარი, რომელიც დედასავით მიყვარდა.
– ქალბატონო, მარინე, დღის განმავლობაში, რამდენ პაციენტისთვის გიწევთ სამედიცინო მომსახურება?
– ყოველდღიურად, საშუალოდ, 10 პაციენტისთვის, ზოგჯერ არის დღეები 20-25 პაციენტს ვღებულობ.
– ქალბატონო მარინე, გამიგია, ექიმები განსაკუთრებული დიასახლისები არიანო.
– მე ჩემი ხელით ვამზადებ ყველაფერს ქართული სუფრა მოგეხსენებათ, როგორი მდიდარია.
– ექიმობის გარდა რა გიტაცებთ, რა არის თქვენი ჰობი?
– ჩემი ჰობია მუსიკა. სიამოვნებით ვუსმენ ქართულ საგალობლებს, ძალიან მიყვარს ფოლკლორი, ჰამლეტ გონაშვილის ფოლკლორზე ვართ გაზრდილი. მამაჩემი მღეროდა და მისი სიყვარულით 7 წლიანი მუსიკალური სკოლა მეც დავამთავრე ცაიშში. ამ მუსიკალური სკოლის დამაარსებელი იყო ქალბატონი სალომე გვათუა. კლასიკური მუსიკიდან მიყვარს მოცარტის ნაწარმოებები, ასევე სიამოვნებით ვუსმენ შოპენსაც.
– ქალში რას აფასებთ?
-ქალი უნდა იყოს მორიდებული, კომუნიკაბელური, უბრალო. ამაყიც უნდა იყოს ქალი, მაგრამ ეს ამპარტოვნებაში არ უნდა გადაიზრადოს.
– რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
– ღალატს. ყველაფერს ვაპატიებ ღალატის გარდა. ისე, მიმტევებელი ვარ.
-თქვენს საყვარელ ოჯახზე მოგვიყევით?
-ჩემი მეუღლე მერაბ მიქავა იყო ინჟინერი, ბოლო პერიოდში, მუშაობდა თიბისი ბანკში, იყო უმაღლესი განათლებით, კარგი სპეციალისტი, მეორე წელია გარდაიცვალა, დატოვა დიდი ტკივილი. იყო შესანიშნავი მამა და მეუღლე. ორი ვაჟიშვილი გვყავს – დათო და გიორგი მიქავები. ორივე უმაღლესი განათლებით არიან. დათო მუშაობს მერიაში, ქალაქმშენებლობის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტად. წელს დაქორწინდა თამარ (თამუნა) რევიაზე, ძალიან ლამაზი ოჯახი შექმნეს. დაქორწინდნენ სიყვარულით და ბედნიერები არიან. თამუნა სპეციალობით იურისტია. გიორგი 23 წლისაა, ახლა იხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს. მოხარული ვიქნები, თუ თამუნასავით ჭკვიან გოგონას მომიყვანს რძლად. გულახდილად გითხრა, არც დათოს საქმეში ჩავრეულვარ და არც გიორგის საქმეში ჩავერევი.
– მშობლებზე რას იტყვით?
-მამა, ჯანიერ როგავა, ისტორიკოსი გახლდათ, წლების განმავლობაში, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მუშაობდა იონა მეუნარგიას სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორად. პარალელურად, პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ცაიშის საშუალო სკოლაში. დედა ჟანა ჩიქობავა, გახლდათ ცაიშის ყოფილი კოლმეურნეობის უცვლელი ეკონომისტი. მყავდა ორი ძმა, ერთი ძმა გია (გოდერძი) როგავა გარდამეცვალა, ტრაგიკულად დაიღუპა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, სახალინში. ეს იყო ჩვენი ოჯახის დიდი ტრაგედია. ღვთის წყალობით გაგრძელდა ცხოვრება. მეორე ძმა, მალხაზ ჩიქობავა, ბიძაჩემმა იშვილა და გაზარდა. ამას ჩვენი და-ძმობისთვის ხელი არ შეუშლია, კარგი პიროვნებაა, მაკრო ეკონომიკის კათედრაზე ასოცირებული პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მყავს ორი და: გული და ნანა როგავები, ნანა ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. გული კი, ხობში. აქვს კარგი ოჯახი.
-ქალბატონო მარინე, რას უსურვებთ თქვენს კოლეგებს, ახალგაზრდა ექიმებს, სრულიად საქართველოს?
-სრულიად საქართველოს ღვთის წყალობა არ მოაკლოს უფალმა, ახალგაზრდა ექიმებს კი, ვუსურვებ პირველ რიგში, უყვარდეთ თავიანთი სპეციალობა.
როზა როგავა