მარინა ხვიტიას ხსოვნას-მე, განა იმიტომ ვტიროდი რომ მშიოდა?!


დედის საფლავი….

და ამ საფლავზე დადენილი ვარდების წყება…

ირგვლივ სიჩუმე…

სიმწუხრის ჟამს მზეს ვადარებ, ზღვაში ჩამავალს…

კვლავ ჩუმი თრთოლვა…

რა მეშველება?! რად დამტოვე საბრალოდ დედა?!…

ქართა თარეში და უცხო ხმები…

ღრუბელთა გუნდი, მწუხრის ხმა სუსტი…

ღამეებს ვათევ, ვიფარები ფოთოლთა თქეშში…

კვლავ დავსტირი დედის სამარეს…

ვგრძნობ თანაგრძნობას ქარის, ბნელი ცის…

ჩემი ობლობის მოწამე ტირიფს… ქარი კვლავ გაშლის ღამე ნათელში თავის მანდილს…

ცა ჩამოიშლის ჭაღარა თმებს და მე დამიტირებს…

კვლავ ჩაქრება მშრალ სილაში მნათი სანთელი…

და კვამლის სახით, დედის ხმით მეტყვის:

– უკვე ღამდება, ნუ შეგაკრთობს შენ ეს სიბნელე …

მწუხრის ვარსკვლავად მე მიგულე,

გზას გაგინათებ …

მეც უკვე დედა ვარ და ორმაგად განვიცდი ყველაფერს. ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე შენს განცდებს, როცა ჩემს აკვანს მოგგლიჯეს და საავადმყოფოში წაგიყვანეს, თურმე მაგრად ებღაუჭებოდი აკვანს და ამბობდი დღეს შაბათია, ორშაბათს ჩემი ფეხით წავალ საავადმყოფოში, ოღონდ ახლა ჩემს შვილთან ვიქნებიო. თითქოს გრძნობდი, რომ მტოვებდი… რამდენიმე წლის შემდეგ კი, საფლავზე მისული, ცივ ქვასთან ჩამომჯდარი ჩუმად გიყვებოდი დედით ობოლი ბავშვის ლექსს, რომელიც შენს ბლოკნოტში იპოვა ბებომ და მე მასწავლა…

” მხოლოდ დედა მესიზმრება ძილში,

მხოლოდ მისი სახე ცრემლით სველი,

მისი თმების სურნელება ნაზი,

მკერდთან მისი სევდიანი ხელი.

დგას საბრალოდ ნაღვლიანი სახლი

სახლმაც იცის რატომ აღარ ვმღერით,

მე და მამა დარჩენილი ობლად

დარდს ვიქარვებთ ერთმანეთის ცქერით.

და ფანჯარა თუ გაიღო უცებ,

ღრუბლებისკენ თუ გაფრინდა ბავშვი,

ნუ იფიქრებთ: “ფრენა უყვარს საწყალს,”

სევდიანი დედას ეძებს ცაში.”

მეუბნებიან: შენი შვილი ძალიან მშვიდია, შენ სულ ტიროდიო. გაბრიელი ახლა სწორედ იმ ასაკშია, რა ხნისაც მე დავობლდი. სულ უნდა გვერდით ვყავდე, უნდა მხედავდეს, თუ ვერ მნახავს რამდენიმე წუთი, ტირილს იწყებს… მე განა იმიტო ვტიროდი რომ მშიოდა?!

დღეს, ისევე, როგორც 10-20 წლის წინ, შენს საფლავზე მოსული ჩუმად გეჩურჩულები, გთხოვ სიზმრად მესტუმრო.  შენც თითქოს გესმის ჩემი და ძილბურანში მოდიხარ ჩემთან, როგორც პატარა ბავშვს საბანს მიკეცავ – არ გამიცივდე, შვილოო და ისევ მტოვებ. ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნებოდი შენ, უკვე შუახნის ასაკში ბებიის ამპლუაში.  სულის ტკივილამდე აღწევს იმის გაცნობიერება, რომ ეს რეალობა არასოდეს შეიძლება გახდეს.

არ არსებობს ქვეყნად დედა-შვილურ სიყვარულზე ძლიერი გრძნობა. ამას ახლა ვაცნობიერებ, როცა ჩემს შვილებს ვუყურებ. ამიტომ გთხოვთ, ყველას გაუფრთხილდით, მოეფერეთ დედას, სანამ გვერდით გყავთ, რადგან დედა ერთადერთი და განუმეორებელი მანათობელი მზეა ჩვენს ცხოვრებაში.

თეო შეროზია


კომენტარი

  1. მანანა ცხადაია

    რა ბედნიერი და ამაყი იქნებოდა შენი ქალობით, თეო! ყოჩაღი გოგო ხარ და იყავი ასეთი ძლიერი და წარმატებული სულ!!! გაკოცე ბევრიიიი

  2. მანონი შანავა

    დაუვიწყარი მარიკა,მოუშუშებელი ტკივილი ხარ ყველასთვის.მშვიდად განისვენე ჩემო ძვირფასო მარი.ია და ვარდი შენს საფლავზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!