მარინა ქარდავას “დამსახურებული ჟურნალისტის” წოდება მიენიჭა


საქათველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა პროფესიული დღე მიულოცა მასმედიის წარმომადგენლებს. სადღესასწაულო შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს მიმართეს კავშირის თავმჯდომარეებმა მარინა გიგინეიშვილმა და მარინა თექთუმანიძემ. ითქვა, რომ ჟურნალისტთა კავშირი, რომელიც  საკმაოდ რთული ,,თვითგამორკვევის” პერიოდს განიცდის, ცდილობს იდგეს თავისი წევრების გვერდით, ამასთან, აფასებს თავის მხრივ მათ თანადგომას და მხარდაჭერას. შეხვედრაზე გაიხსენეს კოლეგები, რომლებიც ბოლო დროს გამოგვაკლდნენ. აღინიშნა მიღწეული შემოქმედებითი წარმატებები, შედგა ახალი წიგნების პრეზენტაცია და დაჯილდოება. ,,საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება“ მიენიჭა 26 კავშირის წევრს, მათ შორის გაზეთ ,,ზუგდიდის” რედაქტორის მოადგილეს ქალბატონ მარინა ქარდავას. “ზუგდიდელებთან” საუბარში,  მარინა ქარდავამ აღნიშნა: “პროფესიული კავშირის გაძლიერება ჟურნალისტების გაძლიერებას, განვითერებას და დაცულობას შეუწყობს ხელს. ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ კავშირი დღევანდელ რთულ და წინააღმდეგობრივ რეალობაში შექმნის საერთო პლატფორმას, სივრცეს, სადაც მთავარი ღირებულებების ირგვლივ, თავისუფალი ადამიანები გაერთიანებას შეძლებენ, როგორც ერთი პროფესიის, ქვეყნის, სულაც ერთი სამყაროს შვილები… გამიჯვნის და შეერთების მუდმივმოქმედ პროცესში, სხვანაირად, საქვეყნო საქმეები, ალბათ, არ კეთდება…” პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჟურნალისტთა კავშირს ასეთი დაფასებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთან ერთად გავატარე ეს 44 წელი ამ პროფესიაში… გავიხსენო გამოცემები, რომლებშიც ვთანამშრომლობდი: ,,Молодежь Грузии”, ,,Свободная Грузия’, რომელსაც ვრედაქტორობდი: ,,ენგური”(,,ენგურის მუშა” ) , რომელშიც ბოლო წლები ვმუშაობდი: გაზეთი ,, ზუგდიდი”, ჟურნალი ,,ზუგდიდელები”. მადლობა ჩემს რესპონდენტებს და მკითხველებს და კიდევ ერთი რამ, 21 მარტი ჩემთვის განსაკუთრებული იყო მანამდეც, სანამ ის ქართული ჟურნალისტიკის დღე გახდებოდა. სწორედ ამ დღეს, 42 წლის წინ, ზუგდიდელ ნუგზარ შონიას დავუკავშირე ცხოვრება და ზუგდიდში გადავედი საცხოვრებლად. უკვე 12 წელი -მის გარეშე”.- გვითხრა მარინა ქარდავამ.

შპს. “გაზეთ “ზუგდიდის” რედაქცია” ულოცავს ქალბატონ მარინას  მინიჭებულ წოდებას, უსურვებს კვლავაც მრავალ შემოქმედებით წარმატებას, მუდამ ჟურნალისტურ ფორმაში ყოფნას, ჯანმრთელობას, არასდროს დაღლილიყოს მისი კალამი ხალხის სამსახურში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!