პორტუგალიური გამოწვევები


  • პორტუგალია, ქალაქი პორტო, ჩემს ირგვლივ ყველა პირბადითაა. ხვალ 19 მარტია, ძლივს ნაშოვნი ავიაბილეთით საქართველოში მოვფრინავ. ვნერვიულობ, ფრენა არ გადაიდოს…

თუ ცხოვრება ერთი დიდი სათავგადასავლო წიგნია, ჩემი ცხოვრება ამ წიგნის ერთ-ერთი ტომია, სადაც უკვე ჩაიწერა მთელი ჩემი მოგზაურობა, დაწყებული ვიზის მზადებიდან, პორტოში ჩამოფრენით და ამას დამატებული კორონავირუსით გამოწვეული ფორსმაჟორული სიტუაციებით.

გეტყვით ვინ ვარ, საიდან ვარ, სად ვარ და საერთოდ, რა მინდა. მე მარიამი ვარ, ჯომიდავა, წარმოშობით აფხაზეთიდან, ვცხოვრობდი ზუგდიდში. სტუდენტობის პერიოდი გავატარე თბილისში. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბინზეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი. წარმატებული სტუდენტების სიაში ყოფნამ გამაკადნიერა და მოვინდომე მონაწილეობა მიმეღო Erasmus+ის პროგრამაში, რომ მიმეღო საზღვარგარეთ სწავლების გამოცდილება. მოკლედ, ჩემი თავგადასავლების წიგნს უნდა შემატოდა ერთი თავი სახელად „პორტოს გამოწვევები“. გავიარე კონკურსი, ამისთვის არაერთი საბუთი მოვაგროვე, რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური მოსწრება აუცილებელი პირობა იყო კონკურსში გასამარჯვებლად. ჯამური 20 ქულიდან ავიღე 19.5 და მივიღე სრული დაფინანსება+ სტიპენდია, თვეში 850 ევრო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა, აი, ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყო ნერვიულობა და თავგადასავლები.

დაიწყო მზადებები ვიზისთვის, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ პორტუგალიის საელჩო არ გვაქვს საქართელოში და მხოლოდ თურქეთში შევძლებდი ვიზის აღებას. რუტინულ და მოსაბეზრებელ ისტორიებს არ მოგიყვებით, უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ვიწვალე საბუთების შეგროვებაზე და ანკარამდე ჩატანაზე. როგორც იქნა, გაიგზავნა საბუთები ვიზისთვის, გავიდა 5 დღე, 10 დღე და ვიზა არ ჩანს. აქ იწყება ღელვა, შფოთვა, რადგან პორტოში სწავლა უკვე დაწყებულია.  …მაგრამ მე რისი მარიამი ვარ, იმედი დავკარგო!.

რა ხდება, პარალელურად, პირად ცხოვრებაში?

მე და ჩემი  შეყვარებული, ველოდებით ვიზას მთელი გულით, ვნერვიულობთ ამ ამბებზე და აქ იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია. სრულიად მოულოდნელად, ტატო მთხოვს ხელს. მე, რა თქმა უნდა, შოკში ვარ, თუმცა დაუფიქრებლად მიიღო ჩემგან დასტური და ჩვენ ვიპარებით. ყველაზე სანერვიულო და თან ყველაზე ბედნიერი წუთები. პირველი ზარები მშობლებთან რომ აცნობო ეს ამბები, ხალხის რეაქცია ამ ამბავზე. მაგრამ ჩვენ შეყვარებულ წყვილს, აწ უკვე ცოლ-ქმარს არაფერი გვაინტერესებს, ჩვენ მტკიცედ ვართ იმ აზრზე, რომ ვარღვევთ ყველანაირ სტერეოტიპს და ვანახებთ მსოფლიოს, რომ სადაც სიყვარულია ყველაფერი გამოდის.

ვინაიდან ველოდით ვიზას, საზღვარგარეთ ფრენა არ გამოდიოდა და ავიღეთ გეზი ბაკურიანისკენ. ჩავედით, დავბინავდით, უკვე ვიწყებთ დასვენებას და მეორე დილით მოდის სმს რომ ჩემი ვიზა მზადაა. არ მახსოვს როგორ ჩავლაგდით და წამოვედით. სამშაბათი დღე იყო, მე დრო მაქვს შემდეგ ორშაბათამდე რომ ჩავიდე პორტოში. ახლა პრობლემაა პარასკევამდე ავიღო ვიზა და მაქსიმუმ კვირას გავფრინდე. ვრეკავ სანაცნობოში, იქნებ, ვინმე ანკარაშია და ამიღოს ვიზა. არავინ გამოჩნდა და ოთხშაბათს შუადღეს მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი უახლოესი მეგობარი, ვსხდებით მანქანში და მივდივართ თურქეთისკენ. წარმოუდგენლად მოკლე დროში ჩავედით ანკარაში და მორიგმა პრობლებამ არ დააყოვნა. მივდივართ საკონსულოში და ვგებულობთ, რომ ვიზა საკონსულოში არ არის, გადმომიგზავნეს ფოსტით, რომ ასე მოეწოდებინათ ჩემთვის. უკვე ხუთშაბათია. გამორიცხულია მივენდოთ ფოსტას, რადგან მინიმუმ 6 სამუშაო დღე სჭირდება საქართველოში ჩამოსასვლელად. ვეძებთ კონტაქტებს, ვინც დაგვეხმარება და გამოგვატანინებს ფოსტიდან პასპორტს ვიზითურთ. ამ სამყაროში ჯერაც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომელთა დახმარებითაც პარასკევს, 4 საათზე, ვიზა ხელში მქონდა. წამოვედით თბილისისკენ. შაბათს საღამოს თბილისში ვიყავით, ჩავლაგდი და გამოვფრინდი კვირა დილით 6 სთ-ზე. ეს პირველი გამოწვევა იყო ჩვენი ახალშექმნილი ოჯახისთვის და ჩვენც მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ამას გავუმკლავდებოდით და ასეც მოხდა.

პირველი დღეები არ იყო მარტივი და არც ბედნიერი პორტოში. უცხო ქვეყანა, არა ოჯახი, არა მეგობრები, არა ქმარი. ყველაფერი ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ მე ხომ ისტორიას ვწერდი ახალი გამოწვევებით, ჰო, დანებების დრო არ იყო. გავიცანი ქალაქი, უნივერსიტეტი. აქ ჩავირიცხე პორტოს უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. დაიწყო ლექციები. პირველი დღეები აღმაფრთოვანებელი იყო, ლექციები ინგლისურად, საუბრები პორტუგალიურად და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე. ეს ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო.

ამ დღეებში მოვასწარი მხოლოდ ქალაქ პორტოსი და ოკეანის  ნახვა.  ქალაქი ძველებურია, ისტორიული, ყველა  შენობა ერთმანეთს შეეფერება. არ არის კონტექსტიდან ამოღებული რომელიმე ერთი. ოკეანე საოცრებაა დაუსრულებელი ჰორიზონტის ხაზი და უზარმაზარი ტალღები …

გავიდა 13 დღე, ვფიქრობ, შევეგე აქაურობას, დროა შევიყვარო კიდევაც აქაურობა და უცებ “კორონავირუსი”! აბა, როგორ პრობლემის გარეშე?! 17 მარტია, მაღვიძებს კონსულის ზარი: -მარიამ მე კონსული ვარ, საქართელოში უნდა დაბრუნდე. პირველი ემოცია სიხარული იყო იმ მონატრებული ხალხის ნახვისა, რომელიც სამშობლოში დავტოვე, მერე მწუხარება იმისა, რომ წიგნს სავარაუდოდ ბოლომდე  ვერ დავწერდი.

ვირუსთან დაკავშირებით აქ ყველაფერი “სტაბილურადაა”. ინფორმაციას არ ავრცელებენ, დახშულია ეს წყარო, რომ ხალხი არ დაპანიკდეს. არც არავინ დადის პირბადით, მხოლოდ ოდნავ შეთხელდა ხალხის ნაკადი ქუჩებში. იძინებ 16-ში, იღვიძებ 17-ში და ყველა პირბადითაა, თითო-ოროლა ადამიანი დადის ქუჩაში და შენ ხარ ერთ-ერთი, რომელიც ბილეთს ეძებ სამშობლოში დასაბრუნებლად.

მეგობრებო, ახლა ვნერვიულობ იმაზე, რომ ფრენა არ გადამედოს, 19 მარტსაა 12:10-ზე, იმედია, მანამდე ყველაფერი სტაბილურად იქნება. მობილობა არ დასრულებულა, კარანტინის შემდეგ ვბრუნდები პორტოში. 23 მარტიდან ვიწყებთ ონლაინ გაკვეთილებს. ალბათ ზოგიერთი თავგადასავალი უეცრად სრულდება, რომ  ამოისუნთქო, დაისვენო პრობლემებისგან, ან ცოტა ხანი მშვიდად იცხოვრო, როგორც  ყველა…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!