მარიამ ბულია: ჩემი “ოქროს მედალი” დედაჩემს მივუძღვენი


ზუგდიდს, 19 ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. აქედან ერთ-ერთი გახლავთ, მეორესკოლელი, მარიამ ბულია. მარიამი, ზუგდიდიელებისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტის, ჩვენი უფროსი კოლეგის, აწგანსვენებული ბაბო აბულაძის შვილიშვილია, ამიტომაც განსაკუთრებით მივადევნებთ თვალ-ყურს მის წარმატებებს.  

მარიამი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, გადაწყვიტა,  დედის, ექიმ ფსიქიატრ-ნარკოლოგის, ნატა აბულაძის  პროფესია გააგრძელოს და სამედიცინოზე ჩააბაროს. მომავალი პედიატრი „ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა, უპირველესად, მიზნის დასახვა, მონდომება და შრომა. მისი თქმით, პროფესიის სიყვარული დედისგან გამოჰყვა.

„-დედაჩემი, ჩემთვის, სამაგალითო ადამიანია. მისი საქმისადმი სიყვარული, პატივისცემა და პროფესიონალური მიდგომა, ყოველთვის მაძლევდა იმის მოტივაციას, რომ მეც გავმხდარიყავი ექიმი. ვიცი, ჩემი საქმე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ და აუციელებლად წარმატებული ექიმი დავდგები

ათი კლასი ვსწავლობდი წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში, შემდეგ გადმოვედი მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლაში. ეს, უბრალოდ იმიტომ მოხდა, რომ გიმნაზია  საკმაოდ შორს არის ქალაქის ცენტრიდან, მე-11-12 კლასები  კი, მოითხოვს ინტენსიურ მეცადინეობას. ერთი სიტყვით, “გზის დრო” დავზოგე.

– კლასში მხოლოდ შენ ხარ ოქროსმედალოსანი?

-არა, ჩემს კლასში ორმა დავამთავრეთ  ოქროს მედალზე. მე და მერი ფიფიამ.

-ქალაქ ზუგდიდის მერიამ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გიმასპინძლათ და ფასიანი საჩუქრებით დაგაჯილდოვათ. მომიყევი ემოციების, განცდების, შთაბეჭდილებების შესახებ?

-ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი დღე იყო. სიამაყის განცდა დამეუფლა, რადგანაც “ოქროს მედლის” აღება, დედაჩემის ოცნებაც ყოფილა მისი მოსწავლეობისას, რომლის განხორციელება, მიუხედავად უმაღლესი ნიშნებისა, იმ პერიოდის  კორუმპირებული განათლების სისტემის გამო, ვერ შესძლო. მე, სწორედ დედაჩემს ვუძღვნი ამ წარმატებას. გარდა ამისა, სასიამოვნო განცდაა, როდესაც შენი 12 წლიანი შრომა ღირსეულად ფასდება.

-მომავალ პროფესიადაც დედის პროფესია აგირჩევია?

-სამედიცინო სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესოა და უკვე წლებია პედიატრობას ვთვლი, ჩემს მომავალ პროფესიად. ჩემი ოჯახიც ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. რადგან დედაჩემიც ექიმია, ვიცი, თუ რა სირთულეებთან არის ეს პროფესია დაკავშირებული, მაგრამ ჩემი თავი სხვა პროფესიაში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ძალიან მომწონს ადამიანების გვერდში დგომა, თანაგრძნობა და დახმარების ხელის გაწვდომა. განსაკუთრებით მიყვარს პატარები და მათთან ურთიერთობა.

-ხშირად, მშობლებს არ უნდათ, რომ მათი შვილები, მათ პროფესიას აგრძელებენ… რა თქმა უნდა, ამ პროფესიაში არსებული სირთულეების გამო

-როგორც ჩანს, ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია, დედას ძალიან უყვარს თავისი პროფესია და როდესაც ვუთხარი, რომ მეც ექიმობა მსურდა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, გვერდში დამიდგა. ჩემი განათლებისა და აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს,  დედას ნატა აბულაძეს, ექიმ ფსიქიატრ- ნარკოლოგს, ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ოჯახზე საოცრად მზრუნველი. მამას, კახა ბულიას, პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტს, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. სითბოს და სიყვარულს არ მაკლებენ მამის მშობლები-გულნარა ბებო და ღუდა ბაბუა. განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა გავიხსენო ჩემი ბებო, დედაჩემის დედა, ცნობილი ჟურნალისტი ბაბო აბულაძე, რომელსაც ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში. ბებო საოცრად თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი იყო. პირველ კლასში ბებომ გამაცილა, დამლოცა და მისი ლოცვა, ვიცი, მთელი ცხოვრება გამყვება.

-როგორ ემზადები ეროვნული გამოცდებისთვის, ხომ არ ნერვიულობ?

-ინტენსიურად ვმეცადინეობ. ნერვიულობა მგონი ბუნებრივია, რადგანაც ამ გამოცდებით უმნიშვნელოვანესი ეტაპი უნდა დაიწყოს თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში და იმედია შრომა დაგვიფასდება. ყველა აბიტურიენტს მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო.

– სკოლა თუ რეპეტიტორები?

-სკოლაში, სამწუხაროდ, ისეა სასწავლო პროგრამა შედგენილი, გამოცდების მოთხოვნების შესაბამის ცოდნას ვერ იძლევა, ამიტომაც გვიწევს საქართველოში, აბიტურიენტების უმრავლესობას, რეპეტიტორებთან მომზადება.

-მარიამ, ენებს თუ ფლობ?

-დიახ, ინგლისურს კარგად ვფლობ, ასევე გერმანულს.

-სკოლის ბოლო წლებში, ალბათ თავისუფალი დრო გენატრებოდა.

-ბოლო ორი წელი განსაკუთრებით… მაგრამ ახლა თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. …და თუ  გამომიჩნდება ასეთი წუთები,  ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო.

-შენი საყვარელი მწერალი, წიგნი…

– ჩემი საყვარელი წიგნია კენ კიზის „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. კითხვისთვის, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, დრო არ მრჩება.

-საყვარელი ციტატა თუ გაქვს?

-“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.” (დავით გურამიშვილი)

– იქნებ გაიხსენო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?

-განსაკუთრებით მახსენდება ამერიკის ელჩთან შეხვედრის დღე, როდესაც იგი სტუმრობდა ზუგდიდს. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის დღეები,რომლებიც გავატარე ბერლინში, 2 წლის წინ, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან, გავეცანი ბერლინის ღირსშესანიშნაობებს.

-როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს, როგორია მარიამ ბულია?

-მიზანდასახული, შრომისმოყვარე, სამართლიანი, ერთგული და ცოტა… ფეთქებადი.

-მარიამ, წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-ვიქნები წარმატებული ექიმი, საქმის პროფესიონალი… და მექნება ულამაზესი ოჯახი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ოჯახი ბედნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ეკა ფარულავა

 

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!