ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში გავრცელდა აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავასადმი, დევნილთა სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლის ნონა უბილავას მიმართვა, სადაც უბილავა ადანაშაულებს ჩილაჩავას დევნილებთან კომუნიკაციის უქონლობაში, მათ მოტყუებაში, მათთან კომუნიკაციის უქონლობაში. მათი პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გაუფრთხილებლობაში. უბილავას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, ფოტოები და ჩილაჩავას აფრთხილებს, რომ დევნილებთან “როგორც ნახირთან” მოქცევის უფლებას არ მისცემს მას.
“ზუგდიდელები” დაუკავშირდა მანუჩარ ჩილაჩავას ტელეფონით და სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა უბილავას ბრალდებებზე:
მანუჩარ ჩილაჩავა, აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი: “-არ ვიცი, რატომ მადანაშაულებენ დევნილებთან კომუნიკაციის არქონაში. იქ, სადაც მე ვერ ვახერხებ მისვლას, მიდიან ჩემი მოადგილე ზური გერგედავა და მთავარი სპეციალისტი სლავა ჯოჯუა და ეცნობიან პრობლემის არსს. სწორედ ისინი, ერთხელ უკვე იყვნენ ინგირში, იმ კონკრეტულ კომპაქტურ ჩასახლებაში, რომელზეც ქალბატონი უბილავა საუბრობს და დაწვრილებით იციან, რა სურთ იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობენ. ამ კომპაქტურ ჩასახლებაში ექვსი ოჯახი ცხოვრობს. მათი სურვილია გამოიყოს კომისია, რომ სახელმწიფომ დაუკანონოს ის ფართი, სადაც იმყოფებიან. მათთან, ამ დილით მეც გახლდით მოადგილესთან ერთად და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ფართებთან დაკავშირებით, სადაც ეს დევნილები ცხოვრობენ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,- დაუკანონებს თუ არა, იქ ჩასახლებულ დევნილებს ფართს, ეს არის სახელმწიფოს და არა ჩემი საქმე.”