- „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოქალაქეებთან „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად წოწერია სოფელ ნარაზენში გიორგი ვოლსკისთან მიხეილ ყაველაშვილთან და ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მეორე ჯგუფი კი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარის და ლადო კახაძის შემადგენლობით მოქალაქეებს ჭითაწყარში ხვდება. შეხვედრაზე მოქალაქეებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
„პარტიის ლიდერებთან ერთად, ვაგრძელებთ წინასაარჩევნო შეხვედრებს, ვიმყოფებოდით სოფელ ნარაზენში. მოსახლეობას შევხვდით ასევე, სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე, ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და დავგეგმეთ გარკვეული ღონისძიებები, როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე მათთვის მხარდაჭერის გამოჩენის მიმართულებით. ასევე, ვესაუბრეთ ახალგაზრდებს და კარგია, რომ სოფელში ფუნქციონირებს კრივის სკოლა, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეჯიბრებაში. აქაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ჩვენ ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და გავაუმჯობესოთ მათი პირობები. კარგია, რომ მოსახლეობა ძალიან აქტიურია და გვიფიქსირებს, რომ ისინი გარკვეულწილად იყვნენ პასიურ მდგომარეობაში, მეორე ტურის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, რომ მათი არჩევანი იქნება ღირსეული, რომელიც ხელს შეუწყობს ზუგდიდის შემდგომ განვითარებას. ასე რომ ველოდებით მნიშვნელივან შედეგს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ აუცილებლად განხორციელდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“ – განაცხადა მამუკა წოწერია.