zugdidelebi.ge ციალა ჯოჯუას შვილის ლალი ცირდავას განცხადებაზე, რომ მერიის სამსახური მათ საცხოვრებელ ფართს არემონტებს უხარისხო და მეორადი მასალებით, დაუკავშირდა ააიპ “კეთილმოწყობის სამსახურის” უფროსს, მამუკა ციმინტიას, რომელმაც აღნიშნა: “ლალი ცირდავას განცხადება, თითქოს ჩვენ მათ საცხოვრებელ ფართს ვაკეთებთ უხარისხო და მეორადი მასალებით, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ამ დილით, პირადად ვიმყოფებოდი მათთან ბინაში, შევხვდი ლალი ცირდავას, ჩვენ შევთანხმდით ყველაფერზე და მას არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა”
ციალა ჯოჯუას საცხოვრებელ ფართზე, ამ დილით, რემონტი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ მის ბინაში იმყოფებოდნენ. გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას. ციალა ჯოჯუას შვილის ლალი ცირდავას თქმით, სამშენებლო მასალები უხარისხოა და მეორადია: „როგორც მითხრეს, სამშენებლო მასალებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არაა გამოყოფილი და თავიანთი ძალებით აკეთებენ. ამბობენ, სამ დღეში დასრულდება სამუშაოებიო. მე ვითხოვ ბინაში შუქი, გათბობა და გაზი შემომიყვანონ და ბინა ჩვენს სახელზე გააფორმონ.“ რემონტს მერიის სამსახურის მიერ დაქირავებული ოთხკაციანი ჯგუფი შეასრულებს.
ზუგდიდელი ციალა ჯოჯუა 62 დღეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქციას მართავს. /ამასობაში ქალბატონი ციალა 79 წლის გახდა/. ის საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს. ამ ეტაპზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცირდავებს მერია შეუკეთებს იმ საცხოვრებელ ფართს, სადაც ციალა ჯოჯუა ცხოვრობს.