ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ფუნქციონირებს კლუბი “ფანტაზია და მარჯვე ხელები”, რომელსაც 13 წელიწადია ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი მაკა ჯანჯღავა. მაკა, პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის #1 საჯარო სკოლაში.
მაკა ჯანჯღავა: “სასახლეში კვირაში ორჯერ, შაბათს და კვირას მიმდინარეობს ქსოვის და ქარგვის გაკვეთილები. მიმდინარე სასწავლო წელს, სიახლე ჰქონდათ წრის წევრებს – ჩვენთან იმყოფებოდა უცხოელი მოხალისე ურუგვაიდან, ნოემი შჩური, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა ქსოვას, ქარგავს და კანვეზე მუშაობას. ქალბატონი ნოემი გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანი. სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მას გაუჩნდა სურვილი, სასახლეში, მოსწავლეებისთვის ესწავლებინა ქარგვა, ქსოვა და მისი ცოდნა გაეზიარებინა. მის სურვილს, მეც სიხარულით შევხვდი. მან ქართული შეისწავლა და ბავშვებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. უყვარს მათთან ურთიერთობა, ყურადღებას არ აკლებს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს მათთვის. პირველივე გაკვეთილიდან, ნოემიმ, დაიმსახურა ბავშვების დიდი სიყვარული და პატივისცემა.
– ნოემი, გაეცანით “ზუგდიდელებს”…
ნოემი შჩური: “მე ურუგვაიდან ვარ. პროფესიით პედაგოგი გახლავართ, ქიმიის მასწავლებელი. ძალიან მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. მიყვარს და მომწონს აქაურობა. ექვსი წელია საქართველოში ვარ, სამეგრელოში – სამი. ვიცოდი თქვენი ქვეყნის შესახებ, ისიც ვიცოდი, თუ როგორი სტუმართმოყვარე, ტრადიციების მქონე ერი ხართ. როცა საქართველოში ჩამოვედი, შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზეთი ჩემის” ხელმძღვანელს ხათუნა გოგუას და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა პროექტი. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გავმართეთ. შემოსული თანხა მოხმარდა დევნილ და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს.
– თქვენ სხვადასხვა ადგილას ასწავლიდით დევნილ ბავშვებს…
– როცა ხათუნას შევხვდი, ვკითხე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა დევნილებისთვის და როგორ შემემსუქებინა მათთვის დიდი ტკივილი, რომელსაც სახელად “აფხაზეთი” ჰქვია. გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა და მათთვის მესწავლა ხელსაქმე, რომელიც პერსპექტიულია. პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ინგირში, კოკში, ახალაბასთუმანში და შამგონაში. ყოველ შაბათს ჩავდიოდი ფოთში და დევნილ ბავშვებს ვასწავლიდი ქსოვას და ქარგვას. სენაკში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ვმუშაობდი სტუდენტებთან, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ, მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და დღემდე ვკონტაქტობთ.
– ბავშვებს ძალიან უყვარხართ…
– მეც ძალიან მიყვარს ისინი. ცდილობენ, ყველაფერი ორგინალურად და გემოვნებიანად გააკეთონ. მონდომებულები, მიზანმიმართულები და მოტივირებულები არიან. რაც მთავარია, უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ.
– როგორც მითხრეს, ბავშვებისთვის თქვენი სახსრებით ყიდულობთ საქსოვ ნივთებს…
– დიახ. ხშირად ჩავდივარ, თბილისში, ლილოში, ხელმისაწვდომ ფასებში ვყიდულობ ძაფებს და სხვა საჭირო ნივთებს. ბავშვებისთვის არაფერი მენანება, ძალიან მიხარია, როცა მათ კმაყოფილს და გახარებულს ვხედავ.
– ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით?
– ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს. მეგრელებს ძალიან უყვართ ცხარე საჭმელი, სამწუხაროდ, მე ვერ ვჭამ ცხარეს, ისე, ყველაფერი გემრიელი გაქვთ.
– ოჯახისგან შორს ყოფნა არ გიჭირთ?
– რა თქმა უნდა, მათ გარეშე ყოფნა ძნელია, მაგრამ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ მათ სანახავად. ოჯახში მყავს მამა, და და ძმა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დიდი ბებია, გვარად ფაჩულია იყო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მეუღლე ჰყავდა უკრაინიდან.
– სასახლის კოლექტივზე რას გვეტყვით?
– მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე ძალიან დიდ შრომას ეწევა. ბავშვების მომავლისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ პედაგოგები. დიდ პატივს ვცემ და ვიცნობ სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინელი ჭითანავას. რაც შეეხება მაკას, არაჩვეულებრივი ადამიანი და საქმის პროფესიონალია.
– თქვენზე მითხრეს, რამდენიმე ენა იცისო…
– ესპანური, ინგლისური და რუსული. ქართულად ვისწავლე საუბარი, ასევე წერა-კითხვაც. რაც ძალიან მიხარია.
-პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?
– არა, გამოფენა არასდროს მქონია. ყველაფერს ჩემთვის ვქსოვ, შემდეგ მეგობრებს ვჩუქნი. მიხარია, როცა მათ ჩემი საჩუქარი და ნახელავი მოსწონთ. ვერ გეტყვით, რამდენი ნამუშევარი მაქვს. მინდა, ჩემი ნამუშევრები დაგათვალიერებენოთ, რომელიც ტელეფონში მაქვს. ეს გახლავთ გერბი, მინდოდა კარგად გამომსვლოდა, მეგობრებს მოეწონათ. მაქვს ნამუშევრები, რომელზეც ჯერ კიდევ ვმუშაობ, ზოგიერთზე სამი წელი ვმუშაობდი.
– მაკა, ვიცი, რომ თქვენც ძალიან კარგად ქსოვთ…
– როცა მეკითხებიან, როდიდან დაიწყე ქსოვაო – აღარ მახსოვს, ალბათ, როცა ფეხი ავიდგი იმ დღიდან ვქსოვ. ოჯახში დედა და ბებია ქსოვდნენ და მეც ძალაუნებურად დავიწყე ქსოვა. პირველად, მახსოვს, თოჯინას მოვუქსოვე პალტო, ბერეტი და ბაჩუჩები, დღესაც ვინახავ. ამის გარდა, ფოთლებისგან ყვავილებს და ვარდებს ვაკეთებ. მეც ნოემის მსგავსად, პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია და ყველა ნამუშევარს მეგობრებს ვჩუქნი. ადრე, მახსოვს, გალერეაში იყო გამოფენა. სასახლემ ძალით წამაღებინა რამდენიმე ნამუშევარი, მითხრეს, რაც გაქვს, ის მაინც წამოიღე, სანამ გააჩუქებო.
– თქვენი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ვინ არის?
– ჩემი შემფასებელი და დიდი გულშემატკივარი გახლავთ დედა და და. დედა ყოველთვის მაქებდა, მომდევნო ნაბიჯები უკეთესი რომ მქონოდა.
– ოჯახზე მომიყევით?
– მყავს სამი შვილი, უფროსი ქალიშვილი, კესო ზარანდია მეათეკლასელია, მეგი და რეზი ტყუპები არიან.
– საახალწლო გამოფენამ როგორ ჩაიარა?
– ჩვენ, ხშირად გვაქვს შიდა გამოფენები, ასევე სკოლების საერთო გამოფენებში ვღებულობთ მონაწილეობას. რაც შეეხება, საახალწლო გამოფენას, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ბავშვები ძალიან მონდმებულები არიან. ყოველთვის უნდათ, თავიანთი ნამუშევრებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე, ბევრს შრომობენ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვათ.
– ქალბატონო ნოემი, მალე საქართველოდან მიდიხართ…
– 18 იანვარს საქარველოდან მივდივარ. დიდი სიამოვნებით წავიდოდი აზიის ქვეყნებში. არის ისეთი ადგილები, სადაც ბავშვებს და ქალებს სჭირდებათ დახმარება და ხელშეწყობა.
– და ბოლოს…
– საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. მეგობრებთან ერთად, თითქმის ყველა კუთხე მოვიარეთ, თვალწარმტაცი ბუნება, მშვენიერი ხედებით. აქ ყველა პირობაა შექმნილი ტურისტების მოსაზიდად. ძალიან მინდა სქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს.
– მაკა: 2019 წელს, ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიხარული მოეტანოს.
ეკა ფარულავა