მაიზერ ნანავა ამბობს, რომ მას კარგი წინამორბედი ჰყავდა ლაშა გოგიას სახით


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს –  მაიზერ ნანავა. ბატონი მაიზერი პროფესიით ისტორიკოსია. წლების განმავლობაში მუშაობდა ზუგდიდის პოლიტექნიკურ კოლეჯში.  პარალელურად, ასწავლიდა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის სასწავლო ცენტრში და რამდენიმე კერძო სკოლაში. ერთხანს, იყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. 2014 წელს იყო გამგეობის შემოსავლების სამსახურის უფროსი, ამავე წელს, არჩეულ იქნა “ქართული ოცნება” პროპორციული სიით და გახდა საკრებულოს წევრი,  სამანდატო და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.  ბატონი მაიზერი ამბობს, რომ მოწოდებით პედაგოგია, ამიტომაც ვერ შეელია სკოლას და მოსწავლეებს, – 2010 წლიდან დღემდე, მუშაობს მეორე საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს ასწავლის საქართველოს ისტორიას.

„დავიბადე 1973 წლის 24 აგვისტოს  სოფელ ყულიშკარში. უმაღლესი განათლება მივიღე ქუთაისში  აკაკი წერეთლის სახელობის  უნივრსიტეტში, სადაც, ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე.  მოგვიანებით, სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბოლომდე ვერ დავამთავრე. თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა ყველაფერი იცით ჩემს შესახებ და შევეშვათ ბიოგრაფიულ დეტალებს. მთავარია, რომ ჩემმა კოლეგებმა, ჩემს კანდიდატურას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნდობა გამოუცხადეს.  მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.  ჩვენ,  ყველა დაწყებულ საქმეს, ინიციატივას, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. მე ისეთივე მაიზერ ნანავა ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, ჩემთვის ვერ იქნება ხასითის შემცვლელი თანამდებობა.  ფუფუნება მხოლოდ ისაა, რომ ბევრი სასიკეთო და ღირებული  საქმის კეთება შეგვიძლია, დანარჩენ შემთხვევაში მე ისეთივე მეგობარი და რიგითი მოქალაქე, მაიზერ ნანავა ვარ საკრებულოს წევრებისთვის.’’

-ბატონო მაიზერ, თქვენი აზრით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა ზუგდიდში?

-ზუგდიდში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. 2012 წლიდან  ჩართული ვარ  საარჩევნო პროცესებში და მე არ მახსოვს პრეცედენტი, რომ არჩევნები ასე გამჭირვალედ ჩატარებულიყოს. არჩევნების ობიექტურობა შეაფასეს ამერიკის საელჩომ, უცხოურმა სადამკვირვებლო მისიისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ცალსახად ითქვა-საქართველოში, არჩევნები, ჩატარდა მშვიდ და ნორმალურ გარემოში.

– მაგრამ თქვენი ოპონენტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ამბობდნენ, რომ  ზუგდიდში არჩევნებმა არასტაბილურ ვითარებაში ჩაიარა, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, კრიმინალურ გარიგებებს, ე. წ. „ტყის ძმების’’ მეთაურთან დათო შენგელიასთან.

– მე არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას’’ საიდან აქვს ეს ინფორმაცია. არჩევნებში არავითარი კრიმინალური სამყარო არ ყოფილა ჩართული. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ზუგდიდში არავითარი კრიმინალური სამყარო არ არსებობს. მე ვიყავი შტაბის ერთ-ერთი ლიდერი, აქტივისტი და  კოორდინატორი, რომელიც მუშაობდა არჩევნების გამარჯვებისთვის, არჩევნების დაწყებიდან არჩევნების დამთავრების ჩათვლით. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, არც ერთი აგიტატორი არ იყო კრიმინალი და არც ერთს არ ჰქონდა მათთან ნათესავური კავშირი. უნდა ვთქვა, საერთოდ, ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში კრიმინალები არ არიან. რაც შეეხება ბატონ დათო შენგელიას, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი კრიმინალობა არ გამიგია. თითქოს, ჩვენ ამ ჯგუფს გავურიგდით, ეს მოგონილი მითოსია. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას’’ აწყობს თავიანთი დამარცხება გაამართლოც ამ შეთხზული ლეგენდით.

ბატონო მაიზერ, ვინ წარადგინა თქვენი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე? როგორც ცნობილია, თქვენთან ერთად ამ პოსტზე მოიაზრებოდა დეპუტატი ჯონი ზარანდია.

-არსებობს პარტიული დისციპლინა და პარტიული გადაწყვეტილება. პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ პარტიასთან შეჯერებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ვყოფილიყავი საკრებულოს თავმჯდომარე.  მე და  ბატონი ჯონი ზარანდია მეგობრები ვართ,  ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ის ჩემი უახლოესი მეგობარია,  ერთად ვწყვეტთ მუნიციპალიტეტისათვის  მნიშვნელოვან საკითხებს. ერთი სიტყვით,   იდეალური ურთიერთობა გვაქვს.

-როგორ აპირებს საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე მუშაობას?

-საკრებულო არის საჯარო დაწესებულება. საკრებულოს სხდომები არის ნებისმიერი მოქალაქისთვის გამჭვირვალე. ყველას  შეუძლია მოვიდეს დაესწროს სხდომას და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ჩაუყაროს საფუძველი. საკრებულო ვალდებულია თითოეულ მოქალაქესთან იქონიოს მჭიდრო კავშირი. მათი მოსაზრებები და შენიშვნები პრიორიტეტული საკითხების მიმართ, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მოქალაქეებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ განხორციელებულ და განსახორციელებულ პროექტებზე, თუ არ არიან დაუწყებულები, ჩვენ უნდა დავაუწყოთ. ჩვენს ამომრჩევლებს დავპირდით თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას. მე ვაპირებ მოქალაქეებთან აქტიურად ვითანამშრომლო, შევხდე მათ, დაველაპარაკო  და გავითვალისწინო მათი შენიშვნები. ჩვენ ადამიანებს უნდა შევუქმნათ  ისეთი განწყობა, რომ ისინი ცხოვრობენ უკეთეს საქართველოში.

-როგორ შეაფასებდით, თქვენი წინამორბედის, ლაშა გოგიას  მუშაობას საკრებულოში?

-მე კარგი წინამორბედი მყავდა ლაშა გოგიას სახით. ბატონი ლაშა იყო  საკრებულოს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ერუდირებული, კეთილსინდისიერი და მოწესრიგებული,- კარგი მენეჯმენტით.  მე ვალდებული ვარ, გავაგრძელო ის საქმეები, რასაც ლაშა აკეთებდა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, უფრო მეტის გაკეთება მინდა, მიუხედავად იმისა,  რომ ლაშა და მე მეგობრები ვართ. სამაგიეროდ ლაშამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს გამგეობაში, ვიდრე ბატონი ედიშერი აკეთებდა. ედიშერი კი რა თქმა უნდა თავის საქმეს კარგად გააკეთებს საკანონმდებლო ორგანოში. მე და ბატონი ლაშა, წლებია, ვმეგობრობთ, მაგრამ სამსახურში ერთმანეთი კიდეც გაგვიკრიტიკებია და  ერთმანეთისთვის რჩევაც მიგვიცია.  თუ რამე, ბატონი ლაშაც მომცემს მითითებას, ის ითვალისწინებს ჩემს აზრებს, ასევე მეც. როდესაც ერთ საქმეში ვართ და ვემსახურებით საზოგადოებას, რჩევაც და კრიტიკაც მისაღებია.

– როგორ აპირებთ თქვენს ოპონენტებთან თანამშრომლობას?

-კონსტრუქციულად. ყველა ძალასთან ვაპირებ თანამშრომლობას, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიმართული და  მხარში დაუდგება იმ განხორციელებულ და  განსახორციელებელ პროექტებს, რომელიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება.  იმ ადამიანებთან ვერ ვიმუშავებ, ვინც ჩასაფრებულია  და მიკროსკოპით უყურებს ყველაფერს. ჩვენი  მთავარი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტის განვითარება და ყველამ უნდა მიიღოს ამ საქმეში მონაწილეობა.

-როგორია დღევანდელი საკრებულო?

-საკრებულოში არიან „კონსერვატორები’’, „მრეწველები” , “ნაციონალები”. მე თითოეულ მათგანს ვიცნობ. მინდა ნოდარ დუმბაძის სიტყვებს დავესისხო: “ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზმომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია”.  მე ადამიანებს არ ვუყურებ უარყოფითი კონტექსტიდან, მე  მათ დადებითი მხრიდან ვუყურებ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ.

-როგორი იქნება მაიზერ ნანავა მედიასთან?

-ჩვენ ყოველთვის ვთანამრომლობდით მედიასთან და მომავალშიც გავაგრძელებთ. ვაპირებთ ყველა წამოწყებული პროექტის გაშუქებას, რადგან თქვენ ხართ შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ნებისმიერი საკითხი დაიდება საკრებულოს ვებ გვერდზე. მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ბატონი ედიშერ თოლორაიას გამგებლობის დროს გაკეთდა უამრავი საქმე და  დღესაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ჭაქვინჯი-ნარაზენის დამაკავშირებელი გზა გაკეთდა. ორმოცი წელია ასეთი გზა არ ყოფილა.  განათება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, რომელი ერთი ჩამოვთავალოთ, სათანადოდ არ გაშუქებულა მედიის მიერ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველი იყო საქართველოს მასშტაბით,  რომელმაც სოციალური სახლები ააშენა. პრემიერ მინისტრმა, ბატონ ედიშერს ჯილდო გადასცა ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. ეს თემაც არ იყო გაშუქებული. რატომ არ ვიცი.

– ოჯახიც გაგვაცანით…

-მეუღლე – ნინო ქარჩავა, ორი ვაჟი გვყავს, უფროსი – ილია, მეორე საჯარო სკოლის  მეექვსე კლასის მოსწავლეა, უმცროსი – დემეტრე,  იმავე სკოლის მეოთხე კლასელია.  ბავშვები სპორტით არიან დაკავებულნი. რაგბს და ძიუდოს ეუფლებიან.  მყავს დედა. მყავს ტყუპისცალი ძმა – შმაგი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

-ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე მეტად რას აფასებთ?

– მეგობრობას და გულწრფელობას. არ მიყვარს მოღალატე ადამიანები და ვერ ვიტან ტყუილს.

-თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– ბოლო დროს,  თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს,-ვერ ვიცლი ვერაფრისთვის. მაგრამ ძალიან მიყვარს კითხვა.

-თქვენი სამომავლო გეგმები…

-დღეს  დაიწყება შიდა ატესტაცია და 21 ნოემბრამდე  გაგრძელდება. კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია გახლავთ. ძალიან მალე დაიწყება 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა. ბიუჯეტი სწორად უნდა იქნეს დაგეგმილი, რათა 2017 წელს ჩვენ პირნათლად წავრსდგეთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ეკა ფარულავა

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!