ლუიზა ციმინტია – შვილები დედაზე


  • ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის ლუიზა ციმინტიას სახელის მინიჭებას ითხოვენ. ინიციატივით ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოება “ზუგდიდელმა” მიმართა.

ლუიზა ციმინტია დაიბადა 1931 წელს ზუგდიდში. დაამთავრა ქალთა №1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო მუსიკალური სტუდიის ვოკალურ განყოფილებაზე. მღეროდა უნივერსიტეტის კაპელაში. შრომითი საქმიანობა დაიწყო №6 საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ კი, ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშუალო სკოლას ხელმძღვანელობდა 10 წელი. ის იყო ამ სკოლის პირველი დირექტორი ქალი, რომლის დირექტორობის პერიოდში სკოლას არაერთი შემოქმედებითი და სამეცნიერო წარმატება ჰქონდა.

პარალელურად, ლუიზა ციმინტია, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ჩართული გახლდათ ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან საქმეში. იყო არასამთავრობო, ისტორიულ-ეკოლოგიური ასოციაცია”მაფალუს“ პრეზიდენტი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1998 წელს კი მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება.

ქალბატონი ლუიზას პროფესიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საუბრობენ მისი შვილები: თემურ (ლავრენტი) და ნატალია კემულარიები.

ლავრენტი (თემურ) კემულარია: “დედა იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და შეუპოვარი ადამიანი. მიუხედავად რთული ბავშვობისა, დედა იყო მგზნებარე პატრიოტი, რაც გამოიხატებოდა ქვეყნისადმი, მშობლიური კუთხისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გაღვივებაში, როგორც მოსწავლეებში, ასევე შვილებში. თავის დროზე, თავადაც ბეჯითი და აქტიური მოსწავლე ყოფილა. ოქროს მედალზე დაუმთავრებია სკოლა. ასეთივე ბეჯითი და წარმატებული ყოფილა სტუდენტიც. პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და მედალი. იყო ლიდერი, როგორც საზოგადოებაში, ასევე სამეგობროში, სამეზობლოში, სანათესაოში, სამსახურში, კოლეგებში და რაღა თქმა უნდა, ოჯახში, მეუღლის ვალერიან კემულარიას ხელშეწყობით. დედ–მამა ავსებდნენ ერთმანეთს. ოჯახში სუფევდა სრული იდილია, რაც გამოიხატებოდა ოჯახის წევრთა შორის მეგობრულ დამოკიდებულებაში და ურთიერთპატივისცემაში.

დედას ინიციატივით მოხდა მისი რეპრესირებული მამის კირილე ციმინტიას საფლავის მოძიება და საოჯახო სასაფლაოზე გადასვენება. მისი ინიციატივით დაარსდა ისტორიულ–ეკოლოგიური ასოციაცია ,,მაფალუ,“ იყო მისი პრეზიდენტი. ასევე, მისი ინიციატივით, რეგიონში, დაარსდა პირველი გერმანულენოვანი საბავშვო ბაღი. დედა, ბუნებით შემოქმედი ადამიანი იყო. დიდი შრომა ჩადო იმ ფოტოების მოსაძიებლად, რომლის გამოფენაც გალერეაში მოეწყო სახელწოდებით  “გარინდული წამი“ და ეძღვნებოდა ზუგდიდსა და ზუგდიდელებს.

დედამ, აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს, მე–10 საჯარო სკოლაში განთავსებული დევნილებისთვის, პირველადი მოხმარების საგნების შეგროვებისა და გადაცემის მიზნით, პირველი სკოლის პედკოლექტივის მობილიზება განახორციელა. შემდეგ ეს ინიციატივა სხვა სკოლებმაც გაიზიარეს.

მან განახორციელა პროექტი “შრომა მშვიდობისათვის“, – ეს იყო ევროპელ სამხედრო ტყვეთა საფლავების აღდგენის ორგანიზება რუხის ციხის მიმდებარედ. დედა სამჯერ იყო უმაღლესი სასამართლოს მსაჯული. იყო შესანიშნავი ორატორი. საოცარი სიმსუბუქით ქმნიდა ულამაზეს ლექსებს ქართულ და მეგრულ ენებზე, მათ შორის, აკროსტიხებს. ჰქონდა იმპროვიზაციის, იუმორის ნიჭი.

იყო შესანიშნავი ბებია. შვილიშვილებს: მიშიკოს, საბას, ბექას და ნინიკოს ასწავლიდა ლექსებსა და სიმღერებს. არამარტო, შეიძლება ითქვას, ბიჭებთან ძმაკაცობდა კიდეც. მახსოვს, საბა და ბექა (4–3 წლისანი) აწყობდნენ კონსტრუქტორს. ერთ–ერთი დეტალი ვერაფრით მოარგეს ადგილს. იქვე მყოფმა ბებომ ურჩია მათ ახალი ვარიანტი, რომლის გამოყენებით საკითხი მოგვარდა და მაშინ აღფრთოვანებულმა საბამ შესძახა: “მაგარი ბიჭი ხარო, ლუიზა ბებია!“

ვამაყობ ჩემი მშობლებით, მადლიერი ვარ ჩემი ზუგდიდის, ზუგდიდელების, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების, დედაჩემის კოლეგებისა და მოსწავლეების, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ თითოეულ ღვაწლმოსილი, დამსახურებული წევრის, იმისათვის, რომ მათ პატივი მიაგეს დედაჩემს, ლუიზა ციმინტიას, მის ხსოვნას და სურთ ზუგდიდს ჰქონდეს მისი სახელობის ქუჩა, რომ თაობებმა არ დაივიწყონ მისი სახელი.”

ნატალია კემულარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილე: “დედა’’- ხომ წმინდა სიტყვაა. ქალბატონი ლუიზა გამორჩეული, სამაგალითო, უნიჭიერესი ადამიანი იყო. დედა ჩვენი ოჯახის სიამაყეა. დედამისაც, ბებიას, ნინა ფიფია – ციმინტიას, გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, იგი ბრწყინვალე პედაგოგი გახლდათ. ბებიამ 70 წელი იმუშავა მესამე საჯარო სკოლაში. უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული. ბაბუა – კირილე ციმინტია იმდროინდელი ,,მტს’’-ის უფროსი, განათლებული, ნიჭიერი, საქმიანი პიროვნება იყო, რომელიც  ავბედით ,,37-ში’’- რეპრესიებმა შეიწირა.  

დედა და თალიკო დეიდა, დედის კვალს გაყვნენ. დები ციმინტიები ერთდროულად იყვნენ სკოლის დირექტორები: – დეიდა მე-14 საშუალო სკოლის და დედა პირველი საშუალო სკოლის. დედას ყველა გაკვეთილი პატარა მონოსპექტაკლი იყო – ასე ახასიათებენ მას მისი ყოფილი მოსწავლეები. ის ბუნებით ენერგიული და შრომისმოყვარე, ინოვატორი, მრავალი პროექტის განმახორციელებელი გახლდათ. თავისებური შარმით აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. საოცრად კერავდა, ქსოვდა. იყო მებაღე.  არაჩვეულებრივი მზარეული, ქართული ტრადიციების ღირსეულად მატარებელი….

დედას საოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა. ხშირად მეუბნებიან, რომ ფიზიკურად და ხმის ტემბრითაც დედას ვგავარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. მახსოვს, ქალაქში, ცნობილი მწერალი, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი ჩამოვიდა. დედას სთხოვეს, სიტყვით გამოსულიყო და როცა მის მიერ, ბატონ ჭაბუასთვის მიძღვნილი მეგრულ ენაზე დაწერილი აკროსტიხი წაიკითხა,  მთელი დარბაზი ფეხზე  მდგარი უკრავდა ტაშს.

ჩვენთან, სახლში, ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, ქალაქის საპატიო სტუმრები. იმართებოდა სუფრები. მღეროდნენ, უკრავდნენ. ეს ყველაფერი ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. მითუმეტეს, თუ სუფრას ბატონი საშა ეგუტია, ოჯახის დიდი მეგობარი, იმ დროისათვის ზუგდიდის თეატრის დირექტორი, ფიზიკურად წარმოსადეგი, ინტელიგენტი და რაფინირებული ადამიანი თამადობდა.

არ შეიძლება არ ვახსენო მამა, ვალერიან (ვალიკო) კემულარია – წარმატებული და ძალიან ნიჭიერი პიროვნება. მამა ზუგდიდში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. 10 წლის განმავლობაში ის კულტურის განყოფილების გამგე იყო, მისი და იმდროინდელი ხელისუფლების ინიციატივით, ზუგდიდში, 1968 წელს, შეიქმნა ზუგდიდის სახელმწიფო სიმღერისა – ცეკვის ანსამბლი „ჩელა“. ანსამბლს ,,ჩელა“ მამამ დაარქვა. ანსამბლი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.

დედამ და მამამ ერთმანეთი „მასწავლებელთა სახლში“გაიცნეს. ორივე იქ მღეროდა. შემდეგ, კი დაოჯახდნენ. მამამ დიდი სიყვარულის ნიშნად, დედას  წიგნი მიუძღვნა. მახსოვს, მამამ დამირეკა და მკითხა: რა დავარქვა წიგნსო? მე ვუთხარი, მამა, ამას რა კითხვა უნდა, მთელი სიცოცხლე “კემლას” გეძახდა დედა და რა თქმა, უნდა წიგნს “კემლა” უნდა ერქვას მეთქი. სწორი ხარ მამა ღიმილით მიპასუხა მან. “კემლა” დღეს, ჩვენი სამაგიდო წიგნია. ვფიქრობ, ყველა ზუგდიდელმა უნდა იცოდეს ამ წიგნის შესახებ. შეიძლება ნიჭიერმა რეჟისორმა წაიკითხოს და ფილმიც გადაიღოს.

დედას, ყოველ დაბადების დღეზე, მაგიდაზე ხვდებოდა, ერთი ვარდი და მამას მიერ მიძღვნილი ლექსი, ან ჩანახატი. საღამოს როცა სტუმრები მოდიოდნენ, დედა კითხულობდა ამ  ჩანაწერებს მხატვრულად. ეს იყო სიყვარულის ზეიმი. მათ 54 წელი დიდი სიყვარულით იცხოვრეს.

დედა, 2008 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედას ცხედარი პირველი საშუალო სკოლიდან მისმა მეგობარმა ქალბატონებმა გამოასვენეს. ეს პროცესი საოცარი სანახავი იყო. მამა 2012 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სახლში, მისაღებ ოთახში, ორი სავარძელი ერთმანეთზე იყო მიდგმული, დედა და მამა ასაკში რომ იყვნენ, იქ,  გვერდიგვერდ ისხდნენ. დედას  გარდაცვალების შემდეგ, ცარიელი სავარძელი მამას ისევ გვერდზე ედგა, ესაუბრებოდა და თავისებურად ეფერებოდა მას.

მე და თემური ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ღირსეული მშობლები გვყავდა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საფიცარ ძმას, ასე ლამაზად რომ აგრძელებს ჩვენი ოჯახის ტრადიციებს მის ულამაზეს ოჯახთან ერთად. ვფიქრობ, ჩვენ, შვილებმაც ვიცხოვრეთ სწორი ცხოვრებით და ახლა ჩვენი შვილების ჯერია.                                    

შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოება “ზუგდიდელს” ამ ინიციატივისათვის. ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ჩვენს საყვარელ ქალაქში ლუიზა ციმინტიას სახელობის ქუჩა იარსებებს.”

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!