ლონდონში მცხოვრები ზუგდიდელი გოგონას გზა იურისტობიდან ბლოგერობამდე


  • ზუგდიდელი ნანო ქობალია პროფესიით იურისტი და ტრენერი გახლავთ. ამჟამად ლონდონში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ნანო ქობალია გვიყვება, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება სამშობლოსგან შორს, უცხოობაში.

ნანო ქობალია: – საქართველოში ყოფნისას, ვმუშაობდი ჯერ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა პროექტზე, რომელთა უმეტესობა გენდერულ საკითხებს, ოჯახში ძალადობასა და ქალთა უფლებებს შეეხებოდა. ასევე ვმუშაობდი ახალგაზრდულ ჯგუფებთან, სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ჩემი მოკლე წარდგენა ასეთია, თუმცა ამ მშრალ ფაქტებს მიღმა ჩემს შესახებ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი ის მგონია, რომ რაც ჩამოვედი, შინაგანად სრულიად გავანულე ეს ყველაფერი და ახალი ხედვით და პრიორიტეტებით ვიწყებ ცხოვრებას. ამ თვალსაზრისით, ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი არის სრულიად ტრანსფორმაციული. ვცდილობ, განვთავისუფლდე არაჩემი რამეებისგან და კონტაქტი აღვადგინო ჩემს შინაგან სამყაროსთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დავუბრუნდე ბავშვობისდროინდელ გატაცებას – წერას და შემოქმედებით საქმიანობას. ჩემი ბლოგის გააქტიურებაც ამ გზის ნაწილია – მქონდეს თვითგამოხატვის ჩემი სივრცე, სადაც მექნება შესაძლებლობა ვაკეთო ის, რაც რეალურად მიყვარს და შთამაგონებს. რადგან ესაა ჩემი მთავარი სათქმელი ეს “განულების” პროცესი საკმაოდ რთული იყო და არის ემოციურად, მიუხედავად ამისა ჩემი მესიჯია, რა ეტაპზეც არ უნდა ვიყოთ, თუ აღმოვაჩენთ რომ იმის კეთება არ გვაბედნიერებს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ვიპოვოთ ძალა და დავუბრუნდეთ ჩვენს შინაგან მოწოდებას. ვფიქრობ მხოლოდ ეს გზა მიდის ბედნიერებამდე.

-როგორი იყო ზუგდიდიდან ინგლისამდე – ლონდონამდე გზა?

-ლონდონში შემოვუერთდი ჩემს მეუღლეს და ჩემი ინგლისში ჩამოსვლა დაკავშირებულია ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან. ბიუროკრატოული თვალსაზრისით, იყო სირთულეები ამ გზაზე. რამდენიმე წელი მოვანდომეთ ამ პროცესს. ემოციურ ნაწილს რაც შეეხება, ბუნებრივია, მქონდა ემოციური სირთულეებიც, რაც ახლობელი ადამიანებისგან გრძელვადიანად შორს ყოფნას უკავშირდებოდა, სხვა მხრივ, თავიდანვე, კომფორტულად ვიგრძენი თავი.

-როგორი იყო შენი პირველი ინგლისური შეგრძნებები?

-პირველივე დღეებიდან მომაჯადოვა ინგლისმა, კონკრეტულად ლონდონმა. აქ, ერთდროულად, ორი – თანამედროვე და ტრადიციული ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემთვის ეს სინთეზი ძალიან მიმზიდველია, ქუჩაში მანქანებთან ერთად შეიძლება ცხენოსანი პატრულები შემოგხვდნენ, ეტლებსაც გადააწყდე, ლონდონის ცენტრში, ფინანსური ცათამბჯენების გვერდზე, შუა საუკუნის დროინდელი ჩიხები იპოვო. ეს კონტრასტი მიმზიდველია, ამის ნაწილად ყოფნა კი, საინტერესოა. მეც ვუღრმავდები ამ დეტალებს და ვცდილობ, ეს ემოციები ჩემს ბლოგში გავაზიარო.

-იქ მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

-თავი ძალიან იღბლიანი მგონია, იმდენად კარგი ადამიანები შეიკრნენ აქ ჩემს გარშემო. თითოეულმა მათგანმა მოასწრო თავისი დიდი თუ მცირე წვლილის შეტანა იმაში, რომ ჩემი აქ ყოფნა კომფორტული ყოფილიყო, ყველა მზაობას გამოხატავს ემოციური, თუ ფიზიკური მხარდაჭერა გაგიწიოს და როცა ამას ვაცნობიერებ, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვხდები.

 -როგორ ფიქრობ, გაამართლა სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილებამ?

-რადგან ჩემი ჩამოსვლა ჩემს ოჯახურ ცხოვრებას უკავშირდება, ბუნებრივია ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.

-თუ ფიქრობთ დაუბრუნდეთ ფესვებს?

-ფიზიკური ლოკაციის მიუხედავად, ჩემი შინაგანი სამყარო მაინც საქართველოსთან რეზონირებს, თუმცა აქაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ინგლისიც დარჩება ჩემთვის ქვეყანად, სადაც წლის მანძილზე თანაბარ დროს დავყოფ, იმდენივეს, რამდენსაც საქართველოში. ეს ორი ქვეყანა სულ იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი.

-როდის დაინტერესდით ბლოგერობით…

-თავს ბლოგერად ვერ აღვიქვამ ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით.  ამ ეტაპზე, ეს არის ჩემთვის თვითგამოხატვის და ჩემი შინაგანი მოწოდების მიყოლის საშუალება. ყველაფერი წლების წინ დაიწყო, შემდეგ დიდი დრო დამჭირდა მეპოვა ჩემი მიმართულება, სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს.

-ნანო, მთავარი ნიშა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ?

-თავიდან ვახსენე, რომ ახლა ტრანსფორმაციულ პერიოდს გავდივარ, როცა სრულიად გავანულე ჩემი ძველი კარიერული/პროფესიული გზა და ვცდილობ, ჩემს შინაგან სურვილებს მივყვე, ვწერო და ავთენტურად გამოვხატო ჩემი თავი. სწორედ ამ მიზნით გავიარე კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსები ვიზუალურ სთორითელინგში, რაც დამეხმარა სათქმელის სწორად გადმოცემასა და ავთენტურ თვითგამოხატვაში. თუმცა თვითგამოხატვასთან ერთად, ვფიქრობ, ბლოგი იყოს სასარგებლოც, როცა ზემოთხსენებული, ვიზუალური სთორითელინგის კურსები გავიარე, მქონდა ჩანაფიქრი, მეთარგმნა ეს მასალა და რადგან ქართულ ინფორმაციულ სოვრცეში ამ თემაზე საკმარისი ინფორმაცია არაა, ვიდეოების, ან ტრენინგების სახით გამეზიარებინა ქართულ ენაზეც, ჯერ-ჯერობით, ეს იდეა კვლავ დამუშავების პროცესშია.

 -როგორია თქვენი ცხოვრება სოციალურ ქსელსა და მის მიღმა?

-ვინაიდან ჩემი ცხოვრების სიტყვად უკვე ავირჩიე ავთენტურობა, ეს ორი სივრცე გადაება ერთმანეთს. ადამიანი სოციალური არსებაა, რომლისთვისაც აუცილებელია ჰქონდეს სივრცე თვითგამოხატვისთვის, გაზიარებისთვის, ადრე ამას სხვა ფორმით აკეთებდნენ, ახლა დაემატა სოციალური ქსელები/ვებ-გვერდები, სადაც ამას ყოველგვარი შუამავლის გარეშე აკეთებ და ეს შესაძლებლობა ფანტასტიურია. უკვე არ არსებობს ბარიერები, თუ კი გაქვს სათქმელი, გასაზიარებელი არსებობს სცენაც, საიდანაც შენს უნიკალურ ხმას მიაწვდი ადამიანებს. რაც შეეხება ჩემს აქტივობებს რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღე ვაპრაქტიკებ და ჩართული ვარ იოგის ერთწლიან პროგრამაში, ვკითხულობ წიგნებს, შიგადაშიგ ვხატავ, მუდმივად ვარ ქალაქის აღმოჩენის პროცესში, ამ ყველაფრისგან ვღებულობ შთაგონებას დ ჩემი ყოველი ბლოგი/ვლოგი თუ პოსტი არის ჩემი რეალური ცხოვრებისგან მიღებული ინსპირაცია.

-ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

-ძალიან ხშირად მინდება ჩემს ბავშვობის სახლში ყოფნა, ესაა სოფელი კორცხელი, იქაა ჩემი სულის ადგილი, იქ ვარ ყველაზე ახლოს საკუთარ თავთან და შინაგან სამყაროსთან. შემდეგ უკვე რაც მაკლია არის ჩემი ადამიანები და ურთიერთობები, ამიტომ საქართველოში ჩამოსვლა ჩემი წლის გეგმის ჩაუნაცვლებელი, მუდმივად პრიორიტეტული ნაწილია.

-რას ეტყოდით თქვენს გამომწერებს?

-ჩემს გამომწერებს და თქვენს მკითხველებს ვუგზავნი მადლიერების ენერგიას გამოჩენილი ინტერესისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ ავლენენ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!