ლინდა ჯიქია პერსონალური გამოფენისთვის ემზადება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ორი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთია ზუგდიდელი ლინდა ჯიქია, რომელიც ხატვის განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული.

ახალგაზრდა ხელოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგია, თუმცა როგორც ამბობს, მის თავს ხელოვნების სფეროში უფრო ხედავს.

ლინდა ჯიქია: “-ძალიან მიყვარს ხატვა, განსაკუთრებით ზეთის საღებავებით. მგონია, რომ თვითონ ზეთით ხატვის ტექნიკა ჩემს ბუნებასთან და ხასიათთან ახლოსაა… უფრო თავისუფალი ხარ და შეიძლება არ შეუშინდე შეცდომებს, რადგან გამოსწორება სულ შეიძლება. ასევე დაინტერესებული ვარ ადამიანის შინაგანი სამყაროთი და მისი კავშირით ღვთაებრივთან. მინდა, რომ ჩემს ნახატებში ავსახო სწორედ ეს კავშირი, რაც ფიზიკურ და მიღმურ სამყაროს შორისაა…

როცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის შესახებ, გავიგე მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო წარმატებით გამევლო თუმცა, როგორც დადებით, ასევე უარყოფით პასუხსაც ველოდი, მაგრამ გამიმართლა… მერიამ დამაფინანსა 1200 ლარით და ამ თანხით საჭირო სამხატვრო ინვენტარები შევიძინეთ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

-რამდენია ხანია, რაც ხატავ…

-ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და როცა თავისუფალი დრო მქონდა ყოველთვის ვხატავდი. მახსოვს, ბავშვობაში, რასაც ვხატავდი… დედაჩემი მასწავლიდა და მუდამ ტკბილ მოგონებად მახსენდება თუმცა, ზეთის საღებავებით ხატვა, სულ რაღაც, 2 წელზე მეტია, რაც შევისწავლე.

-ლინდა, ხატვისას რა ფერებს იყენებ?

-გააჩნია რას ვხატავ…თუმცა, ხშირად მგონია, რომ როცა წითელ ფერს ვუსვამ ნახატს ფუნჯით, რაღაც სხვანაირი გრძნობა მეუფლება…თითქოს ფერი თვითონ ლაპარაკობს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

-პერსონალური გამოფენა არ გქონია?

-არა. პერსონალური გამოფენა უახლოეს მომავალში ჩემს ქალაქში იგეგმება, რაც ძალიან მახარებს.

-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?

-ყველა ვინც ნახავს. ჩემთვის ნებისმიერი მნახველისგან მისაღებია შეფასება…პირველ რიგში, ყველა მხატვარი საკუთარი შეფასებით უნდა იყოს ბოლომდე კმაყოფილი.

-კონკურსებში თუ მიგიღია მონაწილეობა?

-დიახ, რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული გახლავართ.

-შენი საყვარელი მხატვარი…

-მიყვარს უცხოელ მხატვართა შემოქმედება, თუმცა ქართველი მხატვრების ნახატებსაც სასიამოვნო გრძნობები გამოუწვევიათ და შესაბამისად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი ნახატების შთაბეჭდილებების ქვეშ…

-სამომავლო გეგმები…

-მომავალში ვაპირებ ხატვის საფუძვლიან შესწავლას გერმანიაში.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!