ლიზი შამუგია: პროექტი ბევრი ადამიანის ცხოვრების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა


  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტის “თემის ელჩების” ფარგლებში დააფინანსა პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლიზი შამუგია.

ლიზი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. პროექტის შესახებ მომიყევი…

-მადლობა. პროექტი ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული პროექტის “თემის ელჩების” ფარგლებში ხორციელდება. შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით ტრენინგებს, რომელიც ითვალისწინებდა ახალგაზრდების მეტ ჩართულობას მოხალისეობრივ აქტივობებში. პროექტი ექვსთვიანია. ექვსი თვის განმავლობაში, მომიწევს 12 ტრენინგის ჩატარება, რომელიც შემდეგ თემებს მოიცავს: პირველი გადაუდებელი დახმარება, ბუნებრივი კატასტროფები და უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის წესები და ავტოსაგზაო შემთხვევების მართვა, თავდაცვა და შეიარაღებული თავდასხმა, სახანძრო უსაფრთხოება და კრიზისული სიტუაციების მართვა, ასევე უსაფრთხობა და სტიქიური უბედურებები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით კომპეტენტურ სტრუქტურებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში. პირველ გადაუდებელ დახმარებაში მე ჩავატარებ ტრენინგს, თქვენ იცით, საქართველოს” წითელი ჯვრის” ტრენერი ვარ ამ სფეროში. გვეყოლება, აგრეთვე, მოწვეული სპეცილისტები სხვადასხვა მიმართულებით. ტრენინგი განკუთვნილია 13-დან 70 წლამდე ნებისმიერი, პროექტში ჩართვის მსურველისთვის. პირველი ტრენინგი მიმდინარე თვეს ჩატარდება.

დაფინანსების მოლოდინი გქონდა?

-თავიდან, როცა პროექტზე დავიწყე მუშაობა, თავდაჯერებული ვიყავი. ძალიან მინდოდა პროექტი განხორციელებულიყო, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა. ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას სჭირდება ზემოთაღნიშნულ თემებთნ დაკავშირებით ინფორმაცია, ცოდნის გაღრმავება. როდესაც პროექტის განხილვა მქონდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, ძალიან ვნერვიულობდი. დაძაბული ვიყავი… ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ვიცი, რომ ნერვიულობა არაფერში არ მეხმარება. შეხვედრაზე მხოლოდ პროექტზე ვიყავი აქცენტირებული, თანდათანობით ნერვიულობა, შიში, შფოთვა ყველაფერი გაქრა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გამომივიდა. მით უმეტეს, ამ პროექტის წარდგენისას, განსაკუთრებით მაძლიერებდა ჩემი ძმა, გიგი, რომელიც პროექტში საინიციატივო ჯგუფის წევრი და ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

როგორც ვიცი, სხვადასხვა ტრენინგში ღებულობ მონაწილეობას…

-დიახ. ტრენერთა ტრენინგი იყო ბათუმში პირველი გადაუდებელი დახმარების მიმართულებით- სერთიფიცირებული ტრენერი ვარ. ჩემი მოხალისეობრივი განვითარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს “წითელ ჯვართან”. კერძოდ კი ზუგდიდის წარმომადგენლობასთან, ამერკულ კუთხესთან, ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამასთან (ACCESS). ასევე “სარკმელში,” საყმაწვილო ჟურნალზეც მიმუშავია, ძალიან საინტერესო პროცესია. სემინარებმა და ტრენინგებმა ისეთი უნარ-ჩვევები აღმომაჩენინა საკუთარ თავში, რომელსაც ვერასდროს ვიფიქრებდი. მათ გუნდური და საკუთარ თავზე მუშაობა მასწავლეს. მადლობას ვუხდი ყველას ჩემი გაძლიერებისთვის.

ლიზი, მეგონა, ჟურნალისტის პროფესიას აირჩევდი…

-სხვათაშორის, ყველას ასე ეგონა. დედაჩემი მაია ღუბელაძე პროფესიით ჟურნალისტია, ეგონათ, მის პროფესიას ავირჩევდი, მაგრამ… მამაჩემს, გიორგი შამუგიას დავემსგავსე ალბათ, თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისი გაჭირვების ტალკვესი ხდება. ნემსის გაკეთებაც მან მასწავლა (იღიმის). ყოველთვის, ბაშვობიდან, ვიცოდი, რომ მედიცინას ავირჩევდი. როდესაც ოჯახში ვინმე ცუდად ხდება, საშველად პირველი მე გავრბივარ. ჩემთვის ეს პროფესია სიმშვიდესთან ასოცირდება. საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია. ძალიან მომწონს ადამიანების დახმარება. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. შეედრება რამე იმ განცდას, რომ შენი იმედი აქვთ და ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დგახარ?!

ხშირად, მშობლებს არ უნდათ, რომ მათი შვილები, მათ პროფესიას აგრძელებდნენ. პროფესიაში არსებული სირთულეების გამო…

-დედას თავის პროფესიაში ადვილი, მარტივი გზები არასდროს უძებნია. ყოველთვის მეუბნებოდა, ადვილი და მარტივი საქმე არ არსებობს, არსებობს მარტივი მიდგომები და თუ ამ გზას აირჩევ, ღირებულს ვერ შექმნიო. მე ვეთანხმები მას. ამიტომაც, პროფესიის არჩევაში ხელი არავის შეუშლია, ეს კომფორტი მაქვს. მშობლებმა იციან, რომ პროფესია უკვე ავირჩიე და მხარს მიჭერენ. მათ იციან, რომ ერთადერთი პროფესიაა, რომელშიც ვფიქრობ, რომ შევძლებ ჩემი სიტყვის თქმას, შესაძლებლობებისა და ჩემი პოტენციალის რეალიზებას. ჩემთვის დედა ყველაზე ახლო მეგობარია. ვიცი, რომ ყოველთვის გვერდში დამიდგება. ჩემი დიდი გულშემატკივარია. როდესაც, გავიგე პროექტის დაფინანსების შესახებ, პირველად დედას გავუზიარე ჩემი სიხარული. იცით, დედა ელოდა ჩემს წარმატებას! სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. მამა გიორგი შამუგია ეკონომისტია. სხვადსახვა პროექტშია ჩართული. მე და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან გვიყვარს ექსტრემი. ასევე ძველი მანქანები, მოტოციკლები. ერთი პერიოდი ვგეგმავდით, ფოტოსტუდიის გახსნას, სადაც გავამჟღავნებდით ფოტოებს, ვფიქრობთ, ჩვენს ჩანაფიქრს მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ.

აბიტურიენტებს ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ…

-თუ მაქვს, თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. მე და ჩემი ძმა ხასიათებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ფილმებს ვუყურებთ, კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობთ. გიგი მეცხრე კლასშია. რაგბისტია. რაგბის ბურთი, რომელიც ბიძამ გლაზგოდან ჩამოუტანა, მისი თილისმაა. სპორტის ეს სახეობა მეც ძალიან მომწონს. ხშირად ვგულშემატკივრობ. ყველაზე კარგად მასთან ვატარებ დროს.

-ლიზი, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი…

-სხვათაშორის, ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. კონკრეტულად სად და როგორ ვიქნები, არ ვიცი, მაგრამ, მედიცინის სფეროში აუცილებლად. ვგეგმავ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. ჩემი ოცნება მსოფლიოში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში, მოგზაურობაა. ვიცი, რომ აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებას.

და ბოლოს…

მოუთმენლად ველოდები პროექტის დაწყებას. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება ამ ტრენინგების შემდეგ, უფრო უსაფრთხო და დაცული გახდება. მინდა, ყველას მივაწვდინო ხმა და ჩვენი გამოცდილება გავუზიარო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გდავუხადო ამერიკის საელჩოს და ამერიკული კუთხის კოორდინატორს სოფო კვარაცხელიას, რომელმაც საშუალება მომცა ჩემი იდეა რეალობად მექცია.

ეკა ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!