ლია ნაროუშვილი: თუ არა სიყვარული და თანაგრძნობა, დედამიწას, ჩვენზე მეტად გაუჭირდება


  • ჩვენი თანამემამულე, ანა კალანდაძის სახელობის პრემიის ლაურეტი, ლია ნაროუშვილი თურქეთში, მიწისძვრის დღეებში მიიწვიეს სტამბულში, სადაც მან შემოქმედებითი საღამო გამართა. პოეტი “ზუგდიდელებთან” საუბრობს.

-შეთანხმების გარეშე, სტამბულიდან, აფიშა გამომიგზავნეს. აფიშაზე გარკვევით ეწერა, რომ 5 თებერვალს, 13:00 საათზე, გაიმართებოდა ჩემი ახალი კრებულის “რეკენ ზარების” და ასევე მეღვინეობა “ხარებას“ მიერ, მეგრულ, ლაზურ, სვანური ანოტაციით გამოცემული “ვეფხისტყაოსნის“, ბენედიქტე ჯალაღონიასეული თარგმანის პრეზენტაცია. თქვენ იცით, ჩემი სამყარო შედგება ათზე მეტი საკუთარი წიგნისგან, 100ზე მეტი შემოქმედებითი საღამოსგან და იმ ორი ცათასწორი ფესტივალისგან, რომელიც ჩავატარე ემიგრანტთა ბაღში. ერთ-ერთი გახლდათ “წერილების ფესტივალი“, რომელშიც 70-ზე მეტმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან.

მეორე მეგრულ-ლაზურ-სვანური, პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ თურქეთიდან ლაზი პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ლაზური ასოციაციის ხელძღვანელები და სტამბულში შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებლები. თურქულ გამოწვევას იოლად დავთანხმდი, რადგან მეორე ფესტივალისთვის საორგანიზაციო საკითხების ურთიერთშეთანხმება აუცილებელი იყო.

ოთხ თებერვალს, სტამბოლის აეროპორტიდან დაიწყო ჩემი გაოცება. მასპინძელები შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მესვეურები: ქალბატონი (სეზან ) სალომე გუნეში და ბატონი ორჰან ბერიძე დაგხვდნენ და პირდაპირ სავახშმოდ მიგვიწვიეს. მეორე დღეს, დილიდან, ძლიერი ქარბუქი და თოვლი მკაცრად დათარეშობდა სტამბოლის ქუჩებში, აფრთხილებდნენ მოსახლეობას, ტურისტებს სტუმრებს არ გავსულიყავით გარეთ, თუმცა, ემიგრანტებმა, გადაწონეს შიში და დათქმულ დროს, იმდენი ადამიანი მივიდა პრეზენტაციაზე, ჩვენ რომ არ მივსულვიყავით, არ შეიძლებოდა.

საღამო სასწაულად თბილ გარემოში, ქულიეს მუზეუმში შედგა. ამოუწურავი საუბრები, ლექსები, სიმღერები გვავიწყებდა ალეწილ ამინდს… იყო ცრემლი, იყო აღმაფრენა, ნოსტალგიით გამოწვეული უსასრულო სურვილები, სიყვარული… ლიტერატურულ საღამოზე ჩემი გაოცება გამოიწვია, ლაზთა მეგრულის კარგად ცოდნამ.

დაახლოებით, ოცზე მეტი ლექსი წავიკითხე. მეგრულ პოეზიას ქართულს მოვაყოლებდი, იყო ოვაციები და ემოციები. დარბაზში მყოფი მასპინძლები ჩემზე აქტიურებიც კი გახდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ეჯიბრებოდნენ ქართველი კლასიკოსების ცოდნაში. საღამოს დასასრულს, მკაფიოდ დავემსგავსეთ ერთმანეთის წინაპრებს და საოცარი სიყვარული სუფევდა გარშემო. გავცვალეთ საჩუქრები, ჩემს ემიგრანტთა ბაღში დაკრეფილმა ნაადრევმა იებმა, რომელიც თან მიმქონდა, საქართველოს მიწის სურნელი მოაფრქვია ჩვენებურებს. ბოლოს, თურქი პოეტის ნაზი ჰიქმეთის ლექსი, რომ წავიკითხე, გაოცება და სიხარული გაჩნდა მოდარბაზე სტუმარმასპინძლების თვალებში. საღამოს ლაიტმოტივად გასდევდა საუკუნეების სევდა. სასტუმროს შესასვლელთან ძვირფასი საჩუქრებით გველოდებოდნენ… რატომღაც ქვეცნობიერი სამყარო გვაჩქარებდა. ვცდილობდით, მოგვესწრო, რაც შეიძლება მეტი სითბო მიგვეღო ამ ლამაზი ურთიერთობებისგან. ვჩქარობდით…

მესამე დღეს ვაპირებდით რიზეს აეროპორტამდე გამგზავრებას. იქ ტრაბზონიდან საქართველოს კონსული, ბატონი გელა და ჩვენ, არჰავის მერთან შესახვედრად ვემზადებოდით. ვინ იფიქრებდა, მიწისძვრით გადაიფარებოდა იმ საღამოს ემოციები… იძრა მიწა და კიდეც დაგვანახა ადამიანთა უძლურება. მეორე დღეს, ადგილობრივი “იუთუბ” არხებით გამოვთქვით სამძიმარი. დაგვიკავშირდა ელჩი, კონსული, მაგრამ მასპინძლებმა ითხოვეს, ნუ მიიღებთ სხვათა დახმარებას, თქვენზე პასუხს ჩვენ ვაგებთო. აეროპორტი, პორტები ჩაიკეტა, ქარბუქი გაეშვა ქალაქს და სხვა მიმართულებით წავიდა. ჩვენ ერთ წრეზე დავდიოდით, – სასტუმრო, აეროპორტი, სადილ-ვახშამი, სტრესი, სიკვდილთან შერკინების სურვილი, შიში იმისა, რომ ისევ იქნება მიწისძვრა და კიდევაც განმეორდა უარესად, უფრო მეტად შეძრა სირია და თურქეთი.

სტიქიური უბედურების გამო, ჩვენი შეხვედრები გადაიდო. მეათე დღეს მოვახერხეთ დაბრუნება სამშობლოში. ემიგრანტთა ბაღი “ფესვები” საოცრად მოწყენილი იდგა და ელოდა იმედს. უფლის ნებით იმედია ჩავატარებთ აგვისტოში მეორე ფესტივალს, კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას, ლაზები, სვანები, აფხაზები, და ისევ ღირსეულად წარუძღვება ღირსეული სამეგრელო ამ საფესტივალო დღესასწაულს.

სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ჩამოვიტანე ნაკუწებად ქცეული გზები და გული. რატომ ვერ მოერია უფალი სატანას? რატომ, ამდენი ბავშვის გარდაცვალება? და კიდევ უთვალავი რატომ??? ამ საშინელი დღეების შემდეგ, ისღა დაგვრჩენია, ვანუგეშოთ სირიელები და ჩვენი მეზობელი თურქეთი.

მუდამ გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არა სიყვარული და თანაგრძნობა, დედამიწას ჩვენზე მეტად გაუჭირდება. თუ სხვათა ჭირს ვიჭირვებთ, არასოდეს გაგვიჭირდება.

საუბარი ჩაიწერა ეკატერინე ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!