- საფრანგეთში, ლევილის მამულში, ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე იმყოფებოდა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი, ნაზიბროლა ქორთუა, რომელიც ფეისბუქის პირადგვერდზე აქვეყნებს “ლევილის დღიურებს”.
ლევილის დღიური
მეორე წელია საფრანგეთში ლევილის ისტორიულ მიწაზე ასწლოვანი რცხილებით დამშვენებულ ულამაზეს ეზოში ქართული ხელოვნების ფესტივალი ტარდება. ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანია. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ანსამბლები, ქორეოგრაფიული ჯგუფები, სპორტსმენები, მსახიობები, კულტურის დარგის წარმომადგენლები. 14-18 ივნისი დაუვიწყარი დღეები იყო ჩვენთვის, სხვადასხვა მუზეუმის წარმომადგენლებისთვის.
საინტერესოდ იყო შედგენილი საფესტივალო პროგრამა: სალოტბარო სკოლები რეგიონებიდან, რომლებიც არაჩვეულებრივად ასრულებდნენ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. ქართული ხმების შეუდარებელი, ღვთიური ჰანგები, თამთა ცხვიტავას ქართულ-ფრანგული მელოდიები მისი გამორჩეული ხმითა და უბადლო ბენდის თანმხლებით. ბესო ვერულაშვილის გაუხუნარი იუმორი. მოზარდმაყურებელთა თეატრის დასის მიერ წარმოდგენილი შექსპირის პიესა “ოტელო“, განსხვავებული რეჟისორისეული გადაწყვეტით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. საინტერესო იყო მწერლისა და ჟურნალისტის ნინო ხოფერიას ლექცია, რომელიც საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხებოდა.
ფესტივალი იწყებოდა ახალგაზრდა ფალავანების გამოსვლით, რომლებიც წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე ქართული ჭიდაობის ილეთებით. ლევილის მუზეუმისთვის, რომლის გახსნაც გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის შემდეგ სუვენირები და საჩუქრები გადასცეს ხელოვნების სასახლის წარმომადგენელმა პროფესორმა იზოლდა მელიქიშვილმა და ეთნოლოგმა ქალბატონ ქეთევან ბაიაშვილმა.
ლევილის მამულში გავიცანით ნიჭიერი ქართველი მხატვარი 24 წლის მერაბ ბულისკირია, რომელსაც ოთხი ფერწერული ტილო ჰქონდა წარმოდგენილი. მერაბი საინტერესო მხატვარია, სურვილი აქვს რომ მისი შემოქმედება ქართველებმაც გაიცნოს.
“მე ირაკლი ფავლენიშვილი ვარ, ასე წარმოგვიდგა ასაკოვანი, ახოვანი სიმპათიური მამაკაცი ხელი გამოგვიწოდა – მე უკანასკნელი მოჰიკანი ვარ, რომელიც დავრჩი, ჩემი ერთი მეგობარი შარშან გარდაიცვალა, ძალიან მიხარია ამდენ ქართველს რომ ვხედავ“. ბატონი ირაკლი ის დღეები სულ იქ ტრიალებდა, არ მოშორებია იქაორობას.
ლევილის სასაფლაოზე
საფლავზე მანქანით გავედით, რომელიც მამულიდან ერთ კილომეტრითაა დაშორებული. ლეველის სასაფლაო ერთადერთი პანთეონია, რომელშიც ამდენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე განისვენებს. უჭირავს ოთხი ჰექტარი ფართობი, შესასვლელში ობელისკია აღმართული. აქ განისვენებს საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ისინი იძულებული იყვნენ თავშესაფარი უცხო მხარეში ეპოვათ, რადგან სამშობლოში არ დაედგომებოდათ. ლევილი მათი თავშესაფარიც გახდა და ბოლო ნავსაყუდარიც. საფლავები მოვლილი და დასუფთავებული იყო დასათვალიერებლად მუზეუმელები ავედით. ქალბატონ თეა აბრამიძეს ღია ცის ქვეშ მუზეუმის თანამშრომელს ქართული მიწა ჰქონდა წამოღებული. დიდხანს დავდიოდით საფლავებს შორის. საოცარი სიჩუმე იყო, მარტო ჩვენ თუ გადავულაპარაკებდით ერთმანეთს. და ერთგან ვკითხულობთ:
„ამ საფლავში განისვენებს დევნილ ქართევლთ ძვლების გროვა, უმიწაწყლოდ განწირულნიდრომ უდროოდ დაიგლოვა“.
გიორგი ჯავახიშვილი, კახა ხაბულიანი (მარჯვენა მხარეს სია იყო, ჩამონათვალი).
გადავიღეთ რამდენიმე საფლავის ფოტო. ყველაფერი ეს ძალიან ემოციური იყო. მიუხედავად შეზღუდული რეგლამენტისა და დროისა ჩვენ შევძელით პარიზის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება. შეუდარებელი იყო ღამის პარიზი, ვიყავით მუზეუმებში. მინდა მადლობა მოვუხადო კულტურის სამინისტროს და ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი კალანდიას ამ შესაძლებლობისთვის.