ქუთაისის საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” საქართველოს ჩემპიონია. “ტორპედოში” თამაშობს ზუგდიდელი ფეხბურთელი ლევან კუტალია, მისი საფეხბურთო კარიერა კლუბ “ზუგდიდს” და ელგუჯა ქომეთიანს უკავშირდება. რვა წლიდან თამაშობს ფეხბურთს. 17 წლის იყო, როცა ბოსნიაში გადავიდა სათამაშოდ. ევროპაში ოთხი წელი ითამაშა, გახდა ბოსნიის თასის მფლობელი და ვიცე ჩემპიონი. ჰქონდა წარმატებები და მიღწევები, მაგრამ ტრავმის მიღების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
ლევან კუტალია: “მესამე საჯარო სკოლა დავამთვარე. ვერ გეტყვით სწავლა მიყვარდა მეთქი, მაგრამ ბოლომდე მივყევი იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა. პატარას ერთ ხელში ბუცი მეჭირა, მეორე ხელში ბურთი, მიზნად მქონდა დასახული, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებოდი წარმატებული ფეხბურთელი. აქამდე, რომ მოვსულიყავი დიდი შრომა და წვალება დამჭირდა. მქონდა წარმატებები, მიღწევები და გაწბილებები, მაგრამ მე დღეს, საქართველოს ჩემპიონ გუნდში ვთამაშობ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების.”
-ლევან, საქართველოში ჩამოსვლის, შემდეგ, სხვადასხვა გუნდებში თამაშობდი…
-დიახ. ვთამაშობდი ზუგდიდის „ზუგდიდში“. შემდეგ, იყო საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი. სხვათაშორის, ამ კლუბთან ერთად მოგებული მაქვს სუპერ თასი. შემდეგ იყო ქობულეთის “შუქურა”, მერე გადავედი ქუთაისის “ტორპედოში” და გავხდით “ქვეყნის ჩემპიონი 2017”.
-ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს ჩემპიონია, რას გვეტყვი კლუბზე და როგორია ამ ტიტულის ტარება?
-ქუთაისის “ტორპედო” ტიტულების მქონე გუნდია საქართველოში და ჩემთვის პატივია, რომ ვთამამაშობ ამ გუნდში, რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონობას, აშკარად დაძაბულ ორთაბრძოლაში მოვიპოვეთ ჩემპიონატი. ბოლო თამაშზე, გადაწყდა, ჩემპიონობის ბედი ისე დრამატულად დასრულდა ჩვენდა სასიკეთოდ ყველაფერი. ეხლაც, რომ მახსენდება ემოციით ვარ სავსე. ჩვენს წარმატებაზე წამყვანი მედია საშუალებები წერდა, მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ქვეყნის ჩემპიონობაში. ეს საოცარი გრძნობაა.
-თამაშზე გასვლის წინ ალბათ ნერვიულობ…
-არა, ადრე ვნერვიულობდი, ასაკით პატარა რომ ვიყავი. ახლა არ ვნერვიულობ, პირიქით, შემართებით და მობილიზებით გავდივარ მოედანზე, მინდა, რომ თამაში მოვიგო. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები.
-რამდენიმე წელი საზღვარგარეთ თამაშობდი. როგორ მიგიღეს მასპინძლებმა, გულშემატკივრებმა…
-ეს იყო საუკეთესო წლები. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. მასპინძლებმა კარგად მიმიღეს, მათ არ უგრძნობინებიათ ჩემთვის, რომ მე მათი სტუმარი ვიყავი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თბილად მიმიღეს და შემიყვარეს. გუნდში ყველა პირობა გვქონდა შექმნილი იმისათვის, რომ კარგად გვეთამაშა. ყველა თამაში კარგად ჩავატარე. ბევრს ვარჯიშობდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი, იმისათვის, რომ გულშემატკივრების სიყვარული და ნდობა მომეპოვებინა. ძალიან მალე, მათი ნდობა და სიყვარული მოვიპოვე. ქალაქში, რომ გავდიოდი მცნობდნენ და ავტოგრაფებს მთხოვდნენ, ზოგი ფოტოებს მიღებდა. გულშემატკივრებს საკმაოდ თბილი განწყობა ქონდათ ჩემს მიმართ.
-რას გვეტყვი “ტორპედოს” გულშემატკივარზე?
-“ტორპედოს”გულშემატკივარი საუკეთესოა საქართველოში. ძალიან უყვართ საფეხბურთო კლუბი და ფეხბურთელები. „ტორპედო“ 15 წელი არ გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი და რომ გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ დიდ სიხარულს, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისი ფეხბურთით ცხოვრობს. ქუთაისში ძალიან კარგად დამხვდნენ. ქუთაისლები ძალიან ყურადღებიანი ხალხია. როცა ქალაქში გავდივართ, ყურადღებას გვაქცევენ, უყვართ ფეხბურთელები და მათ პატივს სცემენ.
-ტორპედომ საქართველოს სუპერთასი მოიგო…
-24 თებერვალს თბილისში ქუთაისის “ტორპედოსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. მეორე გოლი შევაგდე და ამ გამარჯვებით “ტორპედომ” ისტორიაში პირველად მოიგო საქართველოს სუპერთასი. მაყურებლის ემოცია დიდხანს გამყვება. ეს საუკეთესო წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.
-რომელ გუნდს გულშემატკივრობ და შენი “კერპი” რომელი ფეხბურთელია?
-ბავშვობიდან მადრიდის “რეალის” გულშემატკივარი ვარ. საუკეთესო ფეხბურთელია კრისტიანუ რონალდო.
-ფეხბურთის გარდა, რა გატაცება გაქვს?
– ძალიან მიყვარს ჩოგბურთს თამაში. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ ჩოგბურთი ვითამაშო. მიყვარს საინტერესო ფილმების ყურება, წიგნების კითხვა.
-ალბათ, შენი ქალაქი გენატრება…
-ძალიან მიყვარს ზუგდიდი, ეს ის ადგილია, საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერა. აქ არიან, მშობლები, მეგობრები, სანათესაო და საძმაკაცო. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ქალაქის გუნდი იყოს წარმატებული. იმედი მაქვს, ეს დღეც დადგება ახლო მომავალში. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ყავდეს უმაღლესი ლიგის და საჩემპიონოდ მებრძოლი გუნდი. იმედია ოდესმე ეს მოხდება. ვცდილობ, დასვენების დღეებში ზუგდიდში ჩამოვიდე.
–შენი საფეხბურთო კარიერიდან რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
-კურიოზები ბევრჯერ გადაგხვდენია. მახსოვს, ჩინეთში მივემგზავრებოდით, გუნდს ჩამოვრჩი, ტელეფონში გართული ვიყავი, სიახლეს ვეცნობოდი, იმდენად გადავერთე და “გავითიშე”, რომ აღმოვჩნდი იტალიის რეისზე.
-ლევან, კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
– ადამიანი არასოდესაა საკუთარი თავით კმაყოფილი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.
-კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ხომ არ აპირებ?
-ჯერ “ტორპედოსთან”ერთ წლიანი ხელშეკრულება მაქვს. შემდეგ ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, ისე დიდი სურვილი მაქვს ევროპაში დავბრუნდე.
-შენს ოჯახზე მომიყევი…
-მყავს შესანიშნავი მეუღლე მარიკა ქირია. პროფესიით ეკონომისტია. გვყავს ორი შვილი: ნიკო ოთხი წლისაა, ნინა ხუთის. ოჯახი ყველაზე მეტად მიყვარს. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები და და, რომლებიც მუდამ გვერდში მიდგანან. მინდა, სიყვარულით და პატივისცემით მოვიხსენიო ბებია, რომელიც დღეს ცოცხალი, რომ ყოფილიყო ჩემით იამაყებდა.
-როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი სამომავლო გეგმები “ტორპედოს” უკავშირდება. ახლახანს თურქეთიდან დავბრუნდით, ორკვირიანი შეკრება გავიარეთ. ახალი სეზონისთვის ვემზადებით.
-წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა “ზუგდიდელებს”
ეკა ფარულავა