ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ პოლიტიკური მოძრაობა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლაშა დამენია, მას პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. ლაშა პროფესიით იურისტია, – სამართალმცოდნე. უკვე მესამეჯერ გახლავთ პარლამენტარი და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქვეყნის გულისცემას აყურადებს, უყვარს თავისი ქალაქი და ამაყობს რომ ზუგდიდელია.
მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში, ლაშა დამენია, პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის გვერდით დგას.
-ბატონი დავითი დიდი ხანია პოლიტიკაშია, არის გაწონასწორებული პიროვნება, მისი გამორჩეული ხასიათია სიდინჯე. ის არის ადამიანი, რომელიც არ არის აგრესიული მოწინააღმდეგეებთანაც. არის ბრწყინვალე ორგანიზატორი, დიპლომატი. არის საუკეთესო ოჯახის შვილი, შესანიშნავი მეუღლე, მამა. რაც მთავარია, არის ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე. საქართველოს ასეთი დაძაბულობის დროს, სწორედ, დავით ბაქრაძე სჭირდება პრეზიდენტად, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ის იქნება ხალხთან ახლოს და იქნება მათი პრობლემების გამზიარებელ-მომგვარებელი. მისი წინასაარჩევნო პროგრამაც ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებითაა შედგენილი, პრეზიდენტობის კანდიდატი არ ჰპირდება ხალხს იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. უპირველესად, ბატონი დავითი უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისათვის, ქვეყანაში სამუშაო ადგილების გამოძებნას და მათ სამშობლოში დაბრუნებას შეეცდება. იზრუნებს იმათთვისაც, ვინც საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოს საძებნელად. მიმდინარეობს მოლაპარაკება, სკანდინავიის ქვეყნებთან ერთად, ქართველები, ჩაებნენ სამუშაო პროცესში ლეგალურად. რაც ნიშნავს დაზღვევას, ნორმალური სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შექმნას.
დავით ბაქრაძის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტის ფონდი, 50%-ს მიმართავს ქართველი ახალგაზრდების დაფინანსებაზე, რომლებიც ისწავლიან საზღვარგარეთ. დაფინანსებაზე.
საზოგადოება იცნობს მას და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას დადებითად აფასებს. ამაზე მიუთითებს წინასაარჩევნო გამოკითხვები, სადაც აშკარად იგრძნობა ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატისადმი პატივისცემა.
-ამბობენ, მეორე ტური იქნებაო მოსალოდნელი.
-ჩვენც ვფიქრობთ, მეორე ტური იქნება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 50%-ს ვერ გადასცდება “ქართული ოცნების” კანდიდატი, რა თქმა უნდა, რადგან მათ პრეზიდენტობის კანდიდატს, არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, რომ გაიმარჯვოს პირველსავე ტურში. თუ საქართველომ აირჩია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება, საქართველო დასაცინი გახდეს საერთაშორისო არენაზე. ის არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მისი არჩევის მერე, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობა იზიარებს ზურაბიშვილის აზრებს და ჩვენ ვერანაირ პრეტენზიას ვერ წავუყენებთ რუსეთს.
მე, პოლიტიკური მოძრაობა “ევროპული საქართველოს” გუნდთან ერთად, ჩართული ვარ წინასაარჩევნო მარათონში და მსურს გამარჯვება, მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო ახალი ქართული სახელმწიფოს შენებაში, სახელმწიფოსი, რომელიც იდგება ხალხის სამსახურში. თუ ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა მივცეთ ხმა დავით ბაქრაძეს, – ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეს, მის უშუალო კონკურენტს.
არასდროს არ მქონია ასეთი მძაფრი განცდა, როგორც ახლა, მაგრამ დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, საქართველოს დაღუპვაა, ამიტომ მივმართავ ყველა ამომრჩეველს – სწორი გზა აირჩიონ.
– თქვენ, თქვენს პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად, ხვდებოდით მოსახლეობას… ძირითადად, რა აწუხებს ამომრჩევლებს?
– პირველ რიგში, უმუშევრობა, მეტი და მეტი ხალხი უნდა დასაქმდეს. ამისთვის ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ზუგდიდიც ფეხზე დადგება, როცა ხალხი დასაქმდება. წამოსაწევია პენსიონრების და ზოგადად, სოციალურად დაუცველების საკითხი.
მეორე პრობლემა არის “ფაროსანას თემა” და თხილის სოკო, – დიდი ზარალია სოფლის მეურნეობაში.
– თქვენ სამგზის პარლამენტარი ხართ, ზუგდიდში ცნობილი ოჯახის შვილი…
– მამა, ინვერ დამენია, წლების მანძილზე, მუშაობდა ზუგდიდში კომისრად. როცა ზუგდიდში წამოვედი, პოლიტიკაში ჩავები, მამაჩემი მიმიხვდა ჩემი გულის საფიქრალს, დამლოცა და მითხრა: შვილო, თუ ზუგდიდში მიდიხარ, შენ შეგიძლია ნებისმიერ ოჯახში მიხვიდე და ჩემი სახელი ამაყად თქვაო. ასეც არის. მან სიკეთე თესა აქ, რომელიც მე მიბრუნდება სიყვარულით.
დედაჩემი მილანა არაჩემია, რომელიც სამწუხაროდ ადრე გარდამეცვალა, მუშაობდა ენერგოკომპანიაში, ელქსელში, მაგრამ შვილები რომ ეყოლა, დიასახლისი გახდა. ჩვენ, შვილებს გვევლებოდა თავზე.
მყავს ძმა კახა დამენია, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ახლა კი, ბიზნესითაა დაკავებული. მყავს მეუღლე ეკატერინე ყოლბაია პროფესიით იურისტი. გვყავს ორი შვილი, 16 და 12 წლის გიორგი და ნანო დამენიები.
– რას უსურვებთ ზუგდიდელებს, ბატონო ლაშა?
– მე, ჩემს ზუგდიდელებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ფინანსურ სიძლიერეს, ერთმანეთის გვერდში დგომას და საქართველოს გაერთიანებას.
რ. ქირია