ლარისა დარასელია-ავალიანი: მიყვარს ჩემი პროფესია და არასოდეს ვწუწუნებ, არ ვიღლები


  • “ზუგდიდელების” სტუმარია კოსმეტოლოგი, ქალბატონი ლარისა დარასელია-ავალიანი. მან 1981-1982 წლებში გაიარა კოსმეტოლოგიის სრული კურსი ზუგდიდში, თბილისის ფილიალში. ასევე, 1983-84 წლებში, პრაქტიკები გაიარა ქალაქ სოჭის კოსმეტოლოგიის პოლიკლინიკაში (აღსანიშნავია, რომ ეს პოლიკლინიკა დღესაც განაგრძნობს ფუნქციონირებას აღნიშნულ მისამართზე.), სადაც დაეუფლა სახის კანის მექანიკურ წმენდის, ეპილაციის, ზედმეტი არასასურველი თმის მოცილების ტექნოლოგიებს სპეციალური აპარატით. სახის კანის მოვლა-მკურნალობას მეთოდებს შერჩევითი მალამოებით.

ლარისა დარასელია: -“კოსმეტოლოგია საინტერესო, აუცილებელი და სასიამოვნო პროფესიაა. რა თქმა უნდა, ის მოითხოვს ძალისხმევას და ნებისყოფას. ზოგ შემთხვევაში, გვიწვევს რისკზე წასვლაც, მაგრამ, კოსმეტოლოგმა უნდა გააკეთოს სწორი გათვლა, ნაკლებად მოუხდეს რისკზე წასვლა. თუმცა არავინაა მისგან დაზღვეული… უმნიშვნელო პროცენტით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეც ხდება. მთავარია, ბოლოს, ყველაფერი დამთავრდეს კარგად. მიყვარს ჩემი პროფესია და არასოდეს ვწუწუნებ, არ ვიღლები. მინდა, გითხრათ, სულ ახლის ძიებაში ვარ. ზოგჯერ მიმართლებს, ზოგჯერ არა, მაგრამ არ ვნებდები”.

-…და ბევრი მადლიერი მომხმარებელი გყავთ…

-მიხარია და მახალისებს ის, რომ ადამიანები ჩემგან კმაყოფილები მიდიან და როცა მხვდებიან მხიარულად მესალმებიან. ეს უფრო მეტ ძალას, მხნეობას მმატებს, რომ კვლავაც ხალისით ვემსახურო მათ. ნებისმიერი პროფესიონალი ბედნიერია, როცა მისი მომხმარებელი ღიად და გულწრფელად გამოხატავს მის მიმართ მადლიერებას. ამაშია პროფესიონალისა და მომხმარებლის ურთიერთობის კეთილ სანდოობაა და კეთილ განწყობა. ზუგდიდი მზარდი ქალაქია, აქაც უკვე არაერთია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კოსმეტოლოგიური ცენტრი, კარგი პროფესიონალებითურთ და არ ჩამოუვარდება ჩემი ქვეყნის სხვა, წამყვანი ქალაქების მსგავს ცენტრებს, რაც მისასალმებელია და მახარებს. ჩვენ, ძველი და ახალი თაობის კოსმეტოლოგები, კი არ ვემიჯნებით ერთმანეთს, არამედ ხელ ვუწყობთ ერთმანეთს, ვთანამშრომლობთ, გამოცდილებებს ვაზიარებთ.

-კოსმეტოლოგიის გარდა, თქვენ როგორც ვიცი, ძალიან გიყვართ ლიტერატურა. რამდენიმე მეგრულენოვანი რომანის ავტორიც ხართ…

-ჩემთვის კითხვა და ლიტერატურა, გონების საზრდოა. რაც შეეხება წერას, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო “შემომეწერება” ხოლმე. ჩემს მეგრულენოვან ლექსებზე: “ჩქიმ ტორონჯი”, “გორჩქინე”, “ბაბაჩია”, “დიდათ იჭყაფ ოდაბადე”, “წანეფი”, “ზუგდიდი”, “მა სი ქიმეოროფი”, მღერის ანსამბლი “მაფშალია” ქალბატონ ჯულიეტა ტუფურიას ხელმძღვანელობით. დიახ, დავწერე რომანიც მეგრულ ენაზე. იდეა ეკუთვნოდა ცნობილ ენათმეცნიერს, აწ გარდაცვლილ, ბატონ მამანტი ძაძამიას. 2009 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მან მიმართა შეკრებილებს: წერეთ მეგრულ ენაზე არამარტო ლექსები, არამედ მოთხრობები და რომანები. თარგმნეთ მეგრულად სხვისი შედევრები. სწორედ, აქედან გამიჩნდა სურვილი დამეწერა პატარა მოთხრობა და დავიწყე… მაგრამ უშედეგოდ. ერთი თვის შემდეგ ისევ მივუბრუნდი და სადღაც 15-20 წუთში პირველი მოთხრობა “მეტყურე” დავწერე. ამან ბიძგი მომცა და დასაბამი მისცა რომანს “მაფშალია”. ვფიქრობ, რომანში საინტერესოდ არის აღწერილი მეგრელი ხალხის ადათ-წესები, უნარ-ჩვევები და ხასიათი. წერის ნიჭი გენეტიკურად მომსდევს ბიძისგან (დედის მხრიდან) ამბაკო (მირიან) ანთიასგან, რომელიც მხოლოდ ფოტოდან მყავს ნანახი. ის გაუწვევიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სადაც მოუსწრო ომმა. მალევე შემწყდარა მისი წერილების მიღება. ამ წერილებშივე ყოფილა მისი ლექსები, მაგრამ მე მისი ლექსები არ წამიკითხავს, ვინაიდან, ბებიას, დედის დედას დაუბარებია, როცა გარდავიცვლები ჩემი შვილის ნაწერები უბეში ჩამიდევით და თან გამატანეთო. მისი თხოვნა, ახლობლებს, აღუსრულებიათ, რაც ჩემი აზრით, შეცდომა იყო. წერის ნიჭი გამოჰყვა, ასევე ჩემს უმცროს ბიძაშვილს, აწ გარდაცვლილ გიორგი (ტარიელ) ანთიას. მისი პოემა “სამი ძმა” ცეცხლმა შთანთქა, როცა სახლი დაეწვათ. ლექსების წერა ეხერხებათ ჩვენს შვილებსაც, მაგრამ არ ამხელენ საჯაროდ. -როგორია თქვენი თავისუფალი დრო? -თავისუფალ დროს ვკითხულობ, ან ვწერ. ამაში ვგრძნობ თავს თავისუფლად. ჩემი სამყარო მელოდება, სადაც არავინ მიშლის ხელს. ვცხოვრობ და ვმოგზაურობ იმ ადგილებში, სადაც ცხადად არასოდეს დამიდგამს ფეხი, მაგრამ ამავე დროს, მე ყველგან ვარ და ყველასთან. ამ დროს ვგრძნობ და მესმის ნაწარმოების გმირების სიხარულის, თუ შფოთვის მიზეზები. მე ყოველი მათგანი ვარ და ეს არის ჩემი სტიქია. დავიწყე მეორე მეგრულენოვანი რომანის წერა. ვფიქრობ, არც ის იქნება პირველზე ნაკლებ საინტერესო, თუ რა თქმა უნდა ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი.

-ვფიქრობ, ძლიერი ადამიანი ხართ?

-უფრო დამთმობი ვარ, ვიდრე ძლიერი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, დასახული მიზნის განხორციელებას. ჩემი მთავარი მიღწევა ოჯახია, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას.

-ქალში რას აფასებთ?

-სინდისს, კდემამოსილებას და პატიოსნებას.

-როგორ ფიქრობთ, სულიერი ბედნიერებისათვის რა არის საჭირო?

-მთავარია მშვიდობა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება.

–და ბოლოს…

-ჩემს საყვარელ ქვეყანას, სამეგრელოს და ზუგდიდელებს ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას და გამრავლებას. ძალიან მინდა, ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ არ უხდებოდეს საშოვარზე “ხეტიალი”. დიდი სურვილი მაქვს, წელს, მეგრული ენას მიენიჭოს რეგიონული ენის სტატუსი.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!