არაერთი პატარასთვის და მშობლისთვის საყვარელი და სანდო ექიმ-პედიატრი ლალი ფიფია www.zugdidelebi.ge-ის სტუმარია.
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სამედიცინო მოღვაწეობა დავიწყე ზუგდიდში, რეანიმაციულ განყოფილებაში. ათი წელი ვიმუშავე ბავშვთა რეანიმატალოგად, შემდეგ გავაგრძელე ბავშვთა სომატურ განყოფილებაში, სადაც ამ დრომდე ვემსახურები პატარების ჯანმრთელობას. ზოგადად, ექიმის პროფესია, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ პედიატრობა ორმაგი პასუხისმგებლობაა.
– პატარა პაციენტის და მისი ახლობლების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება დიდ შრომას, მოთმინებას და ყურადღებას მოითხოვს, მისი პრობლემების გულთან მიტანას, მისი ტკვილის, განცდების მაქსიმალურად გაზიარებას. პედიატრი არ ზრუნავს ბავშვის მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ზრუნავს მის ჰარმონიულ და სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში, ექიმის პროფესიონალიზმთან და მის პიროვნულ თვისებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, სოციალური გარემოს, ოჯახის და განსაკუთრებით დედის როლი, მისი უნარ-ჩვევების და განათლების დონე.
მყავს პაციენტები, რომელთა უმრავლესობა ზრდასრულ ასაკამდე ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა. ისინი თანდათან მშობლიური და ახლობლები ხდებიან ჩემთვის.
– ეს თქვენი დიდი პროფესიული წარმატებაა, რომელიც ერთბაშად არ მიიღწევა…
– დიახ, ექიმის პროფესიული სრულყოფის პროცესი დაუსრულებლად გრძელდება მისი სამედიცინო მოღვაწეობის მანძილზე. ამიტომაც ვარ მუდმივი სწავლის პროცესში. ვცდილობ, შევისწავლო ინგლისური ენა. მედიკოსებისთვის განსაკუთებით პროდუქტიულია საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობა. ვარ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი მისი დაარსებიდან. აღნიშნული ასოციაციისგან მაქვს ჯილდო აქტიური თანამშრომლობისათვის.
– დღის დაძაბული შრომის შემდეგ, ღამის მორიგეობების შემდეგ, როგორ ახერხებთ განტვირთვას?
– განტვირთვისა და დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, ამ დროსაც მიწევს ჩემი პაციენტებისათვის სატელეფონო კონსულტაციები. უმნიშვნელო რამეზეც მიკავშირდებიან მშობლები, მე მათ უპასუხოდ არასდროს ვტოვებ. რაც შეეხება განტვირთვას, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მაინც ვახერხებ ბუნებაში გასვლას და მოგზაურობას. სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებული, თითქმის მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი. გასული წლის ზაფხულში ჩემს კოლეგებთან ერთად, მუხურის მხრიდან დავლაშქრეთ ტობავარჩხილი. რაც ჩემთვის იყო ფიზიკური ძალისა და ნებისყოფის დიდი გამოცდა.
– გადაწყვეტილებებს როგორ იღებთ, სწრაფად თუ დიდი ფიქრის შემდეგ?
– გადაწყვეტილება იმ დროში უნდა მიიღო, რის შესაძლებლობასაც ყოველი კონკრეტული შემთხვევა გაძლევს. რეანიმაციაში მუშაობის წლებში შევეჩვიე სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, მთელი ჩემი სამედიცინო პრაქტიკის მანძილზე, მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა მედიცინის მთავარი პრინციპი _ `არ ავნო~.
– რამდენად ძლიერი ადამიანი ხართ?
– პროფესია, რომელსაც 30 წელზე მეტია ვემსახურები, დიდ ნებისყოფას, ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, დიდ მოთმინებას და თავგანწირვას მოითხოვს. ალბათ ვარ ძლიერი, რადგან მაქვს დიდი სურვილი კიდევ დიდხანს გავაგრძელო ურთულესი საქმიანობა სიყვარულით, სიკეთით და მოთმინებით.
– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, მშობლებზე?
-მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. ოჯახში, სადაც მუდმივად მინერგავდნენ, რომ პატიოსნებით, კეთილსინდისიერებით, ცოდნით უნდა მიმეღწია ყველანაირი წარმატებისთვის. მამა ვასო ფიფია, გახლდათ, ისტორიკოსი. წლების მანძილზე, ლიის საშუალო სკოლის დირექტორი. დედა ვენერა გოგოხია – ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. ამჟამად 92 წლისაა.
ჩემს პროფესიულ კარიერაში მთავარი მოტივატორი და მხარდამჭერი, ყოველთვის, იყო და არის ჩემი ოჯახი. მეუღლე ბესიკ ქადარია, პროფესიით ინჟინერი. ვაჟიშვილი ოთარ ქადარია, რომელმაც დაამთავრა კავკასიის აკადემიური ცენტრი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. ამჟამად, ოთარი, ზუგდიდის გამგეობაში, ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებას. ქალიშვილი სალომე ქადარია ექიმია. ჰყავს მეუღლე გიორგი ჩიქოვანი. გვყავს პატარა შვილიშვილი ელენიკო ჩიქოვანი.
– რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
-პირველ რიგში, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებულ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებას. ქვეყნის წარმატების საფუძველი კი, მოგეხსენებათ, არის ხარისხიანი განათლება.
როზა როგავა