პირველი ინტერნეტგამოცემა სამეგრელოში “ლაივპრესი” ფუნქციონირებას წყვეტს


  • ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესი“, ის პირველი საინფორმაციო პორტალია, რომელიც 2011 წლიდან, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

დილიდან, ინტერნეტგამოცემა, ავრცელებს ინფორმაციას, ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ:

“მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი გაშუქებით, “ლაივპრესი” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო. ტელევიზიების ალტერნატიულმა პლატფორმამ, 12 წლის მანძილზე მაღალი მედიასტანდარტი შექმნა და არასდროს გადაუხვევია ღირებულებებისგან, არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია და ყოველთვის მოქალაქის თვალით იაზრებდა პრობლემების სიმწვავეს.

ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთის მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები. ეს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მაშინაც მიგვაჩნდა და ასეა დღესაც, რომ ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე – ვფიქრობთ, “ლაივპრესმა” ეს შეძლო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ.

“ლაივპრესისთვის” გამოცხადებულ ნდობად მიგვაჩნია აფხაზ პოლიტიკოსებთან, ე.წ. მინისტრებთან, ხელოვანებთან ინტერვიუების ციკლიც, როცა შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, ასე დაუფარავად, პირველად გადაწყვიტეს, საკუთარი სათქმელი ომით გახლეჩილი საზოგადოებისთვის ქართული მედიით ეთქვათ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკუკავშირიც – აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც.

წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.

ვფიქრობთ, საერთო ძალისხმევით, მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.

მაგრამ დღეს,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესი” ფუნქციონირებას წყვეტს.

განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც.

მადლობა “ლაივპრესის” ყველა თანამშრომელს, ვისაც კი რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის.

მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელმაც რამდენჯერმე მოგვცა შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.

დღეიდან ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესი” აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება”.-აღნიშნულია “ლაივპრესის” ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!