- მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა ახალი მტკიცებულება იპოვა, რომლის მიხედვითაც მილიარდობით წლის წინ მარსის ზედაპირზე მდინარეები მოედინებოდა.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა NASA-ს ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერის მეშვეობით მოპოვებული გამოსახულება გააანალიზეს.
“სამწუხაროდ ჩვენ ადგილზე ყოფნისა და უფრო დეტალური დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა, დედამიწაზე არსებულ დანალექ ქანებთან არსებული საოცარი მსგავსება ნამდვილად აღსანიშნავია”, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ფრანჩესკო სალესმა.
გუდნმა სურათები მზის სისტემაში უდიდესი კრატერის 3D ტოპოგრაფიულ რუკად გარდაქმნა. მათ დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლისა და 1,5 კილომეტრი სიგანის დანალექები აღმოაჩინეს.
“მსგავსი 200 მეტრიანი დანალექების წარმოქმნისთვის ისეთი პირობებია საჭირო, სადაც თხევადი წყლის დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი”, — თქვა სალესმა.
მკვლევრებს იმედი აქვთ, აღნიშნული მიგნება მარსზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძიებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
“ეს მიგნება კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმის, თუ რამდენად დიდი ოდენობის წყლით იყო სავსე ეს უძველესი ლანდშაფტი. მდინარეები, რომლებმაც ეს ქანები შექმნეს, დიდი ალბათობით ათასობით წლის განმავლობაში აქტიურები იყვნენ”, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯოელ დევისმა.
“აქ, დედამიწაზე არსებულ დანალექ ქანებს გეოლოგები წლების განმავლობაში იყენებდნენ, რათა მილიარდობით წლის წინ დედამიწაზე არსებული გარემო შეესწავლათ”, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა უილიამ მაკმაჰონმა. “ახლა კი ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ამ მეთოდის სხვა პლანეტაზე გამოყენებაში დაგვეხმარება”.
კვლევა 5 მაისს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.