- ქათმის კვერცხი იდეალური საკვები პროდუქტია. დიეტოლოგი შერონ ნატოლი აღნიშნავს, რომ კვერცხი ეხმარება მელატონინის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი სასარგებლო ჰორმონია, არეგულირებს სადღეღამისო რიტმებს. მელატონინზე დამოკიდებულია ძილიანობაც.
საყურადღებოა ისიც, რომ კვერცხი შეიცავს ტრიპტოფანს, მჟავას, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ხსნის განგაშსა და შფოთვას. ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე, მიკროელემენტები ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
დიეტოლოგები გვირჩევენ ერთი კვერცხი დილაობით, მეორე კი საღამოობით მივირთვათ. დილით მიღებული კვერცხის წყალობით დიდხანს ვინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. საღამოს მიღებული კი გვამშვიდებს და ძილის ხარისხს გვიუმჯობესებს. გახსოვდეთ, კვერცხი აფერხებს დაბერების პროცესს, ეხმარება წონის შენარჩუნებას და განამტკიცებს ჯანმრთელობას.
ამასთან, არაერთხელ თქმულა, რომ კვერცხი უხვად შეიცავს ქოლესტერინს და ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ ჩატარებული კვლევების შემდეგ უკვე შეგვიძლია კვერცხი უშიშრად მივირთვათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნდამენტური გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზემომოყვანილი მოსაზრების საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს. ისინი ირწმუნებიან, რომ შეგვიძლია, მივირთვათ იმდენი კვერცხი, რამდენიც მოგვესურვება და ჯანმრთელობაზე არ ვიდარდოთ.
მკვლევართა თქმით, კვერცხში შემავალი ქოლესტერინი უშუალოდ სისხლში არ ხვდება და, აქედან გამომდინაარე, ადამიანს საფრთხეს არ უქადის. კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბრიუს გრიფინმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ კვერცხი ჯანსაღი დიეტის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მასში უხვად არის სხვადასხვა საკვები ნივთიერება. “მცდარი მოსაზრება, თითქოს კვერცხი სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ზრდიდეს და ამით გულის პრობლემებს უდებდეს სათავეს, უარყოფილი უნდა იყოს”, – აღნიშნა მან.
ასე რომ, კვერცხის ქოლესტერინი რეაბილიტირებულია. საზოგადოდ კი, გრიფინის თქმით, სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ მესამედი მოდის საკვების წილად. მისი ოდენობა უმთავრესად სიმსუქნეზე, მავნე ჩვევებსა და უმოძრაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ფაქტორები ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. “თუ სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითება გსურთ, უნდა ერიდოთ ნაჯერ ცხიმებს, რომელთაც დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის პროდუქტები, ნამცხვარი და ფქვილის სხვა ნაწარმი”, – განაცხადა ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდის მთავარმა დიეტოლოგმა.
კვერცხი მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური სუბსტანციებით, წარმოადგენს ტვინის საკვებს და სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელი ნიაცინის (ნიკოტინმჟავას) წყაროს, გარდა ამისა, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს, ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს და სისხლძარღვთა კედლებზე არსებული ქოლესტერინული ფოლაქების დამშლელ ლეციტინს.