კვანტური ფიზიკის სიყვარულიდან პაციენტების სიყვარულამდე – ავრორა შონია


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ექიმი თერაპევტი, ავრორა შონია. ქალბატონი ავრორა, ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე გამოკითხვებში წლის ერთ-ერთ საუკეთესო ზუგდიდელად დაასახელა ასეულობით მკითხველმა. ეს იმას ნიშნავს, რომ უყვართ და ეიმედებათ, წლების განმავლობაში, თანაქალაქელების მიმართ მის მიერ გაწეული უშურველი ღვაწლის გამო.

ავრორა შონია: 77 წლის გახლავართ. რაც თავი მახსოვს, თეთრი ხალათი მაცვია. პაციენტებთან ერთად სწრაფად გაირბინეს წლებმა, მაგრამ… ეს წლები, ხშირად, ისე გადიოდა, შვებულებაში არ გავდიოდი,-სანამ პაციენტი არ გამოჯანმრთელდებოდა და არ გაეწერებოდა საავადმყოფოდან, მასთან ვიყავი. პაციენტებს როგორც ოჯახის წევრს ისე ვუყურებ. არასდროს, არც ერთი წუთით არ დამიტოვებია ისინი. ღამის მორიგეობის დროს, ჩემი შვილები, როცა პატარები იყვნენ, ჩემთან რჩებოდნენ საავადმყოფოში და ცარიელ პალატაში იწვნენ.

-გამოდის, ექიმობა თქვენი შინაგანი მოწოდება იყო ბავშვობიდანვე…

-თავიდან, მართალი გითხრათ, არ მინდოდა ექიმობა. პირველ წელს ვერ ჩავირიცხე და იმის მაგივრად, რომ შეწუხებული ვყოფილვიყავი, ძალიან გახარებული დავბრუნდი სახლში. ეს მამაჩემს უნდოდა ექიმი გავმხდარვიყავი და სხვაგან ჩაბარების უფლება არ მომცა. არადა, მე, კვანტური ფიზიკის შესწავლა მინდოდა. მეორე წელს ისევ ჩავაბარე და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. მოგვიანებით, თბილისიდან, ჯვარის ახალგახსნილ საავადმყოფოში გამომაგზავნეს. შემდეგ ონარიის საავადმყოფოში ვმუშაობდი. იქ მხოლოდ ორი ექიმი ვიყავით. ზოგჯერ მოდიოდა გინეკოლოგი. ცოტა ხანში, მოვხვდი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში. მაშინ თერაპიული განყოფილების გამგე იყო ბატონი შოთა კვირკველია, არაჩვეულებრივი პიროვნება, საქმის პროფესიონალი. მისგან ბევრი რჩევა-დარიგება მიმიღია. აქ მე ვიყავი შედარებით ახალგაზრდა, გაუთხოვარი და ყველა მე მთხოვდა: “ავრო მიმორიგე” და ამ “ავრო მიმორიგეთი” თვეში დაახლოებით ოცი დღე ვმორიგეობდი და მიწევდა მძიმე ავადმყოფებთან ყოფნა. შემდეგ იყო ჭითაწყარი რესპუბლიკური საავადმყოფო. ბოლოს კერძო კლინიკა “მედფარმაში” ვმუშაობდი.

ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ, მაგრამ პაციენტებს კონსულტაციაზე უარს ვერ ვეუბნები. ზუგდიდში, დაახლოებით, ხუთიათასი ექიმია და როცა შენ გირეკავენ, გთხოვენ დახმარებას, ე. ი. მათ სჭირდები, ეიმედები და როგორ შეიძლება, დახმარებაზე უარი უთხრა ადამიანს? ბედნიერს მხდის გამოჯანმრთელებული პაციენტის ნახვა. ამაზე დიდი წარმატება და საჩუქარი, დაფასება რა უნდა იყოს ექიმისთვის?

-მომავალ კოლეგებს რას ურჩევდით..

– პაციენტის მდგომარეობა გულთან ახლოს უნდა მიიტანო და მათი ტკივილი გაითავისო. თავიდან ბოლომდე უნდა მოუსმინო ავადმყოფს. პაციენტმა ისეთი რაღაცეები უნდა გითხრას, რისი თქმაც მას ხანდახან არ უნდა. როდესაც ადამიანს რაღაცა უჭირს და გელაპარაკება, შენ ისე უნდა მიიღო, როგორც შენი გასაჭირი. ყოველთვის საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ,-ჩვენ რას გააკეთებდი ასეთ დროს?

-თქვენი ოჯახი გაგვაცანით…

-მყავს ქალ-ვაჟი. ქალიშვილი თამარ გერსამია პროფესიით ექიმი-ჰემატოლოგი გახლავთ. თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. ვაჟიშვილი ჯაბა გერსამია პროფესიით ეკონომისტია, მყავს არაჩვეულებრივი რძალი სალომე ჩანგელია და ჩემი ქალ-ვაჟისგან  ხუთი საფიცარი შვილიშვილი.

– თავისუფალი დრო თუ აქვს ავრორა ექიმს?

-თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ როგორც კი გამომიჩნდება, ვკითხულობ. შეიძლება ითქვას, კითხვა ჩემი ჰობია.

-და ბოლოს..

-ზუგდიდი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია და ძალიან მიყვარს. სტუდენტობისას, როცა სახლში, ვბრუნდებოდი, ერთი სული მქონდა მატარებლიდან როდის ჩამოვიდოდი, რომ ჩემი ქალაქის ქუჩებში მესეირნა. აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მახარებს მათი ბედნიერება, წარმატება და სიხარული. ზუგდიდელობას სულ სხვა ხიბლი აქვს. … და ბოლოს, დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო ჩემს ქალაქს და ზუგდიდელებს შობა ახალ-წელი. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!