იტალიაში მცხოვრები ქართველის ღია ბარათი ანუ “მე ვრჩები სახლში”


  • თეონა ახალაია იტალიის ქალაქ კასსანოში იმყოფება. მას კორონავისრუსით გამოწვეული პირველი ემოციები დაძლეული აქვს მის ბარათში ბევრი საჩვენო ინფორმაცია დევს.

“იტალიაში 20 ოქტომბერს ჩამოვედი და არსად წასვლას არ ვაპირებ, არც ახლა, როცა კარგად ვარ და არც მაშინ, თუ მოხდება ისე, რომ მეც ავიკიდებ კორონას. ვთვლი, რომ ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, არც სხვას დავაყენებ საფრთხის წინაშე. ძალიან ცუდი სიტუაციაა დიდ ქალაქებში. მე ქალაქ ბართან, ახლოს 40 წუთის გზაზე ვარ, ქალაქს კასსანო ჰქვია. არც აქ და არც ბარში არ დაფიქსირებულა კორონას შემთხვევა. ახლომდებარე ქალაქებში უკვე არიან დაინფიცირებულები, აქაც ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა შეშინებულია. ბართან ახლოს ექიმს აღმოაჩნდა კორონავირუსი და პატარა საავადმყოფო დროებით დაიხურა. მსგავსი შემთხვევაა მილანში, ტურინში. აქ ჩემს ქალაქში კი, სამი დღეა დაიხურა სუპერმარკეტები, სკოლები, ბაღები, კაფე-ბარები, სპორტდარბაზები ყველაფერი, მარტო აფთიაქი მუშაობს, ისიც შეზღუდვით. წამლები სახლში მოაქვთ.  ჩვენ არ გავდივართ გარეთ. ხალხი სახლშია ჩაკეტილი. სამი დღის წინ, მარტო მე დავდიოდი ნიღბით და მთელი ქალაქი დამცინოდა. ახალგაზრდები, რომ ჩამივლიდნენ, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი პირბადე. ზოგს უკვირდა, ისეთი სახით მიყურებდნენ, თითქოს მე ვიყავი კორონას მატარებელი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ყველა პირბადით დადის, მაგრამ არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც საერთოდ არაფერი ადარდებთ, ასეთ უმრავლესობას უფრო ახალგაზრდები მიეკუთვნებიან. უფროსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესია. კარგი პირბადე 10-15 ევრო ღირს, ჩვეულებრივი კი, დეფიციტშია. ქვეყანაში გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია, საშინელი სიტუაციაა. იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ, “La Gazzetta Ufficiale” – მ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება სათაურით “მე ვრჩები სახლში”, რომელიც 10 მარტიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე. დაწესდა შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუ სახლიდან გახვედი, უნდა გქონდეს ცნობა, სად მიდიხარ და რატომ. ეს კი ქართველი ემიგრანტებისთვის არც ისე კარგი ინფორმაციაა, აქ ბევრი მათგანი საბუთის გარეშეა და ესეც საფრთხილოა. ყველაზე მეტად ვნერვიულებ იმ ქართველებზე, რომლებიც ახლა საქართველოში ბრუნდებიან, ღმერთმა ყველა მშვიდობით ჩაიყვანოს. ჩემი ახლობლები ჩავიდნენ უფრო ადრე და ყველა კარგად არის. ახლაც იყვნენ წასულები და ვიცი რამდენიმე, რომლებიც ინფექციურში არიან მოთავსებულნი, მათ მალე კარანტინში გადაიყვანენ. ღმერთი შეეწიოს ყველას. მეც წარმოვიდგენ ხოლმე, ვაითუ, მეც… და მერე ჩემს თავს ვამშვიდდებ. ხშირად ვამბობ, რისი გეშინია, როცა იცი ღმერთის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვივარდდება.

დღეს, დიდი ყურადღებაა საჭირო. ასეთ დროს, რომ ჩადიან სამშობლოში, ასე ხომ მეტი საშიშროებაა დაინფიცირების? ამის რატომ არ ეშინიათ, მიკვირს! არ იცი, ვინ მგზავრობს შენთან ერთად და იქნებ არის კიდეც ვირუსიანი, მაშინ სად მიდიხარ?! საკუთარ თავსაც აგდებ საფრთხის წინაშე და იმ ახლობლებსაც, ვინც იქ გელოდება. მე როგორც რიგითი ემიგრანტი, ყველას მოვუწოდებ, ვიცი რთულია, ვიცი და მეც მეშინია უკვე, როცა რამდენიმე დღის უკან ვხუმრობდი კიდეც, მაგრამ თუ გაქვთ მაგის საშუალება დარჩით, ნუ მიდიხართ ხალხნო, გთხოვთ. დამშვიდდით, არ დაპანიკდეთ! დიახ, არ არის ეს სახუმარო ვირუსი, არ უნდა გავუთამამდეთ და ვურჩევდი ყველას დარჩნენ იქ, სადაც არიან.

ქართველებს ბევრს ვეკონტაქტები ყველა შეშინებულია, ზოგს ამ სიტუაციის გამო ნერვებმა უმტყუნა და მაგიტომ წავიდა.

როგორც ამბობენ, როცა დათბება, ვირუსი ძალას დაკარგავს, არ ვიცი…. ღმერთმა ქნას, ყველაფერი მალე მშვიდობით დასრულდეს და არ დავკარგოთ ბევრი ადამიანი. მსოფლიოს ვუსურვებ მალე დააღწიოს თავი ამ საშინელი სენს. ლოცვები უნდა გავაძლიეროთ, უფლის იმედზე უნდა ვიყოთ, პანიკა უარესია! ყოველთვის ყველა სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება სჯობს. იმ უფალს უნდა მივენდოთ, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა, უფალია ჩვენი მწყემსი, ის გვიხსნის და დაგვიცავს ყველას. ამ კორონასაც დავამარცხებთ და მერე ისევ შევძლებთ, ჩვენი მონატრებული საქართველოსა და საყვარელი ხალხის ჩახუტებას”.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!