ის ბიჭი! -თემურ ელიავა


პოეტი თემურ ელიავა ციკლიდან  “შეხვედრა”

“ის ბიჭი”, პირველად, დადიანებში დავლანდე,-თხელი, ნაბახუსევი სილუეტი რხევით მიახლოვდებოდა… რაღაც ფრაზებს რუსულად და პირუკუ მიაწევდა ვიღაცას… ისე რომანტიკულს ხდიდა იმ სივრცეს, ისე უხდებოდა იქაურობას, მივხვდი, არც მიწისა იყო თხელი სილუეტი და არც ცის… უფრო ცისკენო!-მიკარნახა გულმა და გონებამ… იმ შემოდგომაზე იყო ეს,- აალებული ნეკერჩხლების ფონი მეტედ ანაცისფრებდა მის საშემოდგომო პალტოს, იქნებ, ,,მეგობრისგან ნათხოვარს”…

ჩემთვის გამეღიმა, თუ მასაც გავუღიმე,-დაიჭირა!-ეტყობა, გავუღიმე კი არა, მზერაც დავუჟინე… გადავიკვეთეთ,-ვერ ჩამიარა:-ქალბატონო, მე თქვენ გეტყვით რა პროფესიის ხართ… საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა, ცალ თვალში კი მიახრჩო კოლხური ჭინკა, მაგრამ… მეორედან გამოექცა მზაკვარი მზერა-სხივი… -პედაგოგი!  და ვიგრძენი-განხიბლულმა “ვინმე” პედაგოგისგან, უცხო, უადგილო შეღიმილება დამისაჯა. ჩემი პროფესიის ამოცნობა შეეშალა და არც შეეშალა… მე კი, არ შემშლია-ყველა იყო და ყველა არ იყო “ის ბიჭი”.  ნასვამია,-გავიფიქრე და ჩემს გასავლელს გავუყევი. გამომყვა! ფიქრში გამომყვა “ის ბიჭი”, ბიჭი, არც მიწის და არც ცის, არც ჩვენებური და არც სხვებისებური…

მერე…

…მერე, ერთ ახალგაზრდა, “უცნაურ-გადარეულ, ნიჭიერ” პოეტს ახსენებდნენ ჩემს სანაცნობოში ხშირად-სილუეტიც ემთხვეოდა, ნაკვთებიც, კოლხურჭინკებიანი თვალებიც, თხელი პალტოც, სასმელის სუნიც. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულიც… და აღმოვაჩინე,-ელი იყო “ის ბიჭი”,-თემურ ელიავა, ბიჭი, არც მიწის და არც ცის. ბიჭი, რომელიც “ზედმეტს ფიქრობს, ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,– გადაუღებელ წვიმებს ნატრობს, ოცნების წვიმებს. მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.” არა, არ შეგეშინდეთ, არ იზამს ამ ბოლოს, რადგან მეფესთან აპირებს დუელს: “სეკუნდანტს შევრჩებით მე და შენ, გალაკტიონ” (მეფეს შენობით მიმართავს, ხალხნოოო!). …და რატომ? შეჰყვარებიათ ერთი ქალი?! არა, ორივეს პოეზია შეჰყვარებია ერთი სახელით “მერი”: “…ო, მერი, მერი, მერი, მერი, მერი, მერი… მიყვარხარ! და გალაკტიონს ვიწვევ დუელში.” თამამი ყმაწვილია, თავდაჯერებული, ამბიციურიც… იქნებ, დიდი პოეტივით თავხედიც! -ჯერ კიდევ როდის, სრულიად ნორჩი, თავად ღმერთსაც შეეკამათა: “თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან, თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ, შენ ღმერთო, პასუხს მოითხოვ ვისგან? თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.”

მეტიც!

“იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა, თავმდაბლობა ნახე მისი უფალო…”-ასწავლა ჭკუა უზენაესს! და აჩვენა, რომ მტრის და ღალატის მიტევება შეუძლია ღმერთივით თვითონაც!

თავის ლექსებს ამბავივით ყვება, დროდადრო, მოიკითხავს ნაცნობ, შეფეთებულ სახეებს, გეძებდიო ეტყვის და ლექსში ახალ რითმად, ან სულაც ვერლიბრად ჩაკეცავს ამბავს, რომელსაც მერე ამოხევს და ქარს გაატანს როგორც ფურცლად ამოგლეჯილ პოეტის სულს და გულს: “ვხედავდი, როგორ დაჰქონდა ნიავს ამოხეული წიგნიდან გვერდი”… “ამოხეული წიგნიდან გვერდი იყო მწუხარე პოეტის გული.”

ხშირად, გალაკტიონიც ბეზრდება! სახარებაც გაიტანეთო (!) გოდებს, აპათია! ნეტავ, რატომ?! “როგორც მინდვრის ყვავილებს, ლამის პირზე მიდებით, სიკვდილს გემო ავუღეთ. დავმარცხდით და გვეშველა! ვნახეთ სრუტე ბოსფორის, ვნახეთ პირამიდები და არასდროს გვინახავს ათონი და ეშერა!” ან კიდევ: “დროა გასული. ძაფი გამიწყდა, თოვლი დადნა და აი, თურმე, რანაირია მომავალი”.

მისი თაყვანისმცემლები ახლა იატაკზე სხედან, თვალები უელავთ, იღიმებიან, ელის ყოველი ლექსის ბოლო მარცვალს აღტკინებული ყიჟინა ყლაპავს მათი…

ალალად ითხოვს, რუსულადაც წამაკითხეთო ლექსი… ეს ის რუსულია, რომელიც  არავის ეხამუშება, რატომღაც მისგან, პირიქით…

დაძაბულია და არცდაძაბული… ბავშვია თითქოს… ბავშვიც და კაციც… მეფეც, ღმერთიც და… იუდაც… დრო იტყვის, რას უზამს მისი ამბორი ქართულ პოეზიას…

მანამდე კი…

ის “ის ბიჭია” “ისეთი ძუნწი, ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს”, ბიჭი არც ცის, არც მიწის, არც ჩვენებური და არც სხვებისებური…

“…მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან, ხელში შეგიკალი, სახლი აგირიე, მარტისნაირია ახლა ამინდები… შენ კი, არაფერი, ჩუმად მიპასუხე: “პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი, ქარია გაცივდები…” მთვრალი ჯენტლმენების ეპოქაა, ჰოდა, გამიმართლებს… დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება? შენ კი, არაფერი, მშვიდად მიპასუხებ: “ბეჭებში გაიმართე”…

“…მარტისნაირია ახლა ამინდები…”

“…პალტო შეიკარი, ქარია გაცივდები…”

“…ბეჭებში გაიმართე…”

-ბეჭებში გაიმართე, ელი!

 მკითხველი on,

სოციალური კაფე ”მეგო ბარი”, 1 თებერვალი, 2019 წელი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!