ირაკლი ჩანგელია: პოლიტიკოსი ხალხის ერთგული უნდა იყოს


ირაკლი ჩანგელია “თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი”-ის მაჟორიტარობის კანდიდატია საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემიდან.
ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გავიცანი,-მას ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, რჩევას ეკითხებოდა.
– ბატონო ირაკლი, გაეცანით ზუგდიდელებს?
-მე გახლავართ ირაკლი ჩანგელია, დავიბადე თბილისში, გავიზარდე სოფ. ახალსოფელში – კოლხიდაში. დავამთავრე ქალაქის #6 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დავამთავრე ასპირანტურაც. შემდეგ ვმუშაობდი ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროში, ფინანსურ განყოფილებაში. ოჯახური პირობების გამო, დედის გარდაცვალების შემდეგ, დავიწყე მუშაობა ზუგდიდში, – თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი.
-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
-რაც შეეხება, ჩემს პოლიტიკაში მოსვლას, გამომდინარე იმ სიტუაციიდან და მოცემულობიდან, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა, ზუგდიდი, არ მინდა მოტყუებული იყოს საზოგადოება, და მინდა აქტიური მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. არაფერი რომ არ გაკეთებულა ქვეყანაში ხალხის საკეთილდღეოდ ამას არ ვიტყვი, ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, დინამიურად. სწორი ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება არის საჭირო. ხალხთან უფრო ახლოს დგომაა საჭირო. განათლების სისტემიდან დაწყებული, ჯანდაცვა, სოციალური პრობლემები, თვითმმართველობის რეფორმები, ყველაფერი გადასახედია და შესასწავლი. მე მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო საზოგადოებას, ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავება პოლიტიკაში. იმ პირველი ეროვნული მთავრობის შემდეგ, რომელიც ჩამოვაგდეთ, ფაქტიურად, ეროვნული მოძრაობა არ ჩანს. პოლტიკაში მოსვლის შემოთავაზება ბატონი გიზო სართანიასგან მივიღე. ერთმანეთს ვუდგევართ გვერდით. ჩვენ ვართ ერთად და ჩვენთვის მთავარი არის ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. ჩვენი პარტია ეროვნულ პლატფორმაზე მდგარი პარტიაა, სწორედ ამიტომ ვართ ამ პარტიაში.
ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ ქართველების, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას, მათი მთავარი მოთხოვნების გათვალისწინებას და უპირატესობაში მათ ჩაყენებას და არა “ვიღაცეების” ჩაყენებას. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ხალხი და ხალხზე ზრუნვა. ჯერ ქართველი ხალხი უნდა დავაყენოთ წინა პლანზე და არა უცხოელები, ჩვენ ჯერ ქართველებს უნდა ვკითხოთ და შევთავაზოთ ბუნებრივი რესურსის გამოყენება. იქნებ, იმათაც აქვს სურვილი, რომ მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსი იყიდონ. ჩვენი ხალხი უნდა გაძლიერდეს.
– რა მოგწონთ და რა არის მიღებული თქვენთვის, ზოგადად საქართველოში და ჩვენს რეგიონში?
– წარსულზე არ მინდა ვისაუბროთ, მომავალზე ვისაუბროთ, დაშინებული საზოგადოება ვერაფერს ვერ შეცვლის თუ არ იქნებათ აზრის გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, მეტი ჩართულობა. არ არის საჭირო ნათესავებით საჯარო სამსახურების დაკოპლექტება, ეს მიუღებელია, ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი, აქ უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცოდნა და უნარი, რომ მართონ საზოგადოებრივი საქმეები და იდგნენ ხალხთან ერთად.
-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
-ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც შეუწყდა სოციალური დახმარება და გულდაწყვეტილია, უმწეოა, ჩემთვის მთავარი და მთავარი პრიორიტეტი იქნება მათი ჯანდაცვა, ჯანმრთელობა. ავადმყოფს სჭირდება მეტი ყურადღება, კონკრეტული გეგმები და კონკრეტული პროექტი გვექნება, რომლითაც ჩვენ ხალხის გვერდით დავდგებით.
-ბატონო ირაკლი, თქვენ ოჯახზე მოგვიყევით, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები, თქვენი წინაპრები?
– ბაბუაჩემი ივანე იყო დარჩელის საშუალო სკოლის დირექტორი, მოგვიანებით, მამაჩემი მურმან ჩანგელია დაინიშნა იმ სკოლის დირექტორად. ირაკლი დარასელია ბაბუა დედის მხრიდან, იყო სოფელ კოლხიდის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ბაბუამ მაშინ სოფელს “კოლხიდა” დაარქვა. დედა მერი დარასელია, ჯუმის საშუალო სკოლის დირექტორი იყო, შევარნაძის ხელისუფლების წარმომამდგენლებმა გაანთავისუფლეს, “ზვიადისტობის” იარლიყით. ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან.
– ოჯახი? – მეუღლე, შვილები…
– ჩემი მეუღლე გახლავთ ნინელი კიკალია, წარმოშობით გალელია. მაგრამ ცხოვრობდა თბილისში. ჩვენ იქ შევხვდით. პროფესიით ექიმია, მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში. Gგვყავს ერთი შვილი – 8 თვის მურმან ჩანგელია. ბაბუას სახელი დავარქვი.
-რა არის თქვენი ჰობი?
-კითხვა, სპორტი, მუსიკასაც ვუსმენ.

– როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსი რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს?
– პოლიტიკოსი ხალხის ერთგული უნდა იყოს. უნდა იყოს მომთმენიც და რაც მთავარია, უნდა იყოს ლიდერი.
-ზუგდიდელებს და თქვენს ამომრჩევლებს რას უსურვებთ?
-ზუგდიდელებს ვუსურვებ, არჩევანი გააკეთონ ერთგულებაზე, პატივისცემაზე, ერთმანეთის სიყვარულზე, და გატანაზე.
საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!