- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება.
“მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ჩართულია ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოების. მოგეხსენებათ, წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად.
პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს დაახლოებით და ამის თაობაზე ბატონი ოთარი მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა ვთქვა ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან კახეთის რეგიონში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.