თქვენი მასპინძელია „სამეგრელო“ მეგრული გემოთი და ტრადიციებით


  • ჩვენი სტუმარია ნინო ხუბუტია, რესტორან „სამეგრელოს“ დამფუძნებელი.

ნინო, გაეცანით ზუგდიდელებს.

– მე გახლავართ ნინო ხუბუტია. დავიბადე 1987 წლის 19 თებერვალს ზუგდიდში. დავამთავრე დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი.

რატომ აირჩიეთ ეს საქმე?

– ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს საქმე.

რესტორანს რატომ უწოდეთ სამეგრელო“?

– მანამდე ბევრი მოსაზრება მქონდა, მაგრამ მე და ჩემმა ვაჟიშვილმა, გიორგი ჭითანავამ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა – ადამიანებთან ურთიერთობა და სიყვარული, ჩვენი კუთხის, ჩვენი „სამეგრელოს“ ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგრული სამზარეულო. ასე შეიქმნა რესტორანი „სამეგრელო“.

ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, რას შეცვლიდით?

– ცხოვრებაში იმდენი რამ გამოვიარე, იმდენი ეტაპი გადავლახე და დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან შევიცვალე, მაგრამ ადამიანობა არასოდეს დამიკარგავს. არაფერი მიმიღია ლანგრით – ისე ვიმუშავე და ახლაც ისე ვმუშაობ, რომ ჩემი ხელით ნაშრომი შემერგოს ტკბილად.

რა იყო თქვენი პირველი წარმატება?

– ჩემს პირველ წარმატებად ჩავთვლიდი იმას, რომ ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და ბევრი კეთილი საქმე გამიკეთებია.

რომელი თვისება მოგწონთ საკუთარ თავში და რომელი არა?

– ჩემში ყველაზე მეტად მომწონს ის თვისება, რომელსაც ადამიანების შეცოდების უნარი ჰქვია. ჩემს თავში არ მომწონს ის, რომ ძალიან ემოციური ვარ.

თქვენი მთავარი სურვილი როგორია?

– ჩემი სურვილია, ოჯახი კარგად მყავდეს, ჩემი საქმე წინ მიდიოდეს. მინდა, ჩვენი რესტორანი „სამეგრელო“ ბევრმა გაიცნოს და მოსვლის სურვილი ჰქონდეთ.

რას გვეტყვით სიყვარულზე?

– სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა, თანადგომა, ნდობა და ზრუნვაა. გინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს. ასევე დიდი ბედნიერებაა, როცა ოჯახში სიყვარულია!

როგორი ხართ, როცა საჯაროდ გაქებენ?

– როცა მაქებენ, მიხარია, მსიამოვნებს, მაგრამ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

კარგ ხასიათზე როდის დგებით?

– იცით, როდის? როცა მე მინდა, მაშინ არის ყველაფერი კარგად. როცა ვხედავ, რომ სტუმარი კმაყოფილი მიდის და მადლობას მეუბნება, შემდეგ კი ერთმანეთს საჯარო სივრცეში რესტორან „სამეგრელოს“ უწევენ რეკომენდაციას – ეს ძალიან მახარებს.

რესტორანში გაქვთ თუ არა დაძაბული პერიოდები?

– რა თქმა უნდა. მე ყოველთვის დაძაბული ვარ – სუფრის დაწყებიდან ბოლო წუთამდე. მთავარია, თუ რამე არ მომეწონა, უცებ მოგვარდეს.

როგორია „სამეგრელოს“ მენიუ?

– ჩვენს მენიუში ძირითადად მეგრული კერძებია, თუმცა სხვა გემოვნებაზეც გვაქვს გათვლილი. განსაკუთრებით გამორჩეულია ელარჯი, ხაჭაპური, გებჟალია – ამიტომაც ჰქვია „სამეგრელო“! აქ ცალსახად იგრძნობა მეგრული გემო.

-გვითხარით, ვინ არის ის ადამიანი, ვისი აზრიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ვაჟიშვილის, გიორგი ჭითანავას, აზრი. ერთი შეკრული ჯაჭვი ვართ, ერთი გუნდი. ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ის უფრო რისკიანია. სწორედ ეს რისკი არის ჩვენი წარმატების მიზეზი.

მოგვიყევით ოჯახზე ამბობენ, რომ ისიც კი განგების ნებაა, როგორი ადამიანი შეგხვდება ცხოვრების გზაზე. ამ მხრივ განებივრებული ხართ?

– ჩემი მეუღლე გახლავთ მანუჩარ ჭითანავა – ჩემი დიდი მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას.

მაინც როგორ ფიქრობთ, რა არის ქართულ ოჯახში ტვირთი, მოვალეობა თუ სიყვარული?

– ქართული ოჯახი პირველ რიგში სიყვარულია და ამ სიყვარულს თან ახლავს მოვალეობა და პასუხისმგებლობა. თუ ოჯახში სიყვარული არ სუფევს, ის ტვირთად იქცევა და ოჯახის შენარჩუნება რთულია. ამიტომ სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველია.

ბედისწერის გჯერათ? და რომელია ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში?

– კი, მე მჯერა ბედისწერის. ბედნიერი ქალი ვარ, იმიტომ რომ მყავს თბილი, ძლიერი, უმაგრესი ოჯახი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

განტვირთვას როგორ ახერხებთ?

– განტვირთვისას, ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს, ყავას მივირთმევ ტკბილად.

ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ?

– დიდი წარმატებაა ჩემთვის რესტორანი „სამეგრელო“, სადაც მე კარგად ვგრძნობ თავს. მყავს უმაგრესი გუნდი, ვართ ერთი ოჯახი.

რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

– ჩემს საყვარელ ზუგდიდელებს ვუსურვებ წინსვლას, მშვიდობას, ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას, ერთმანეთის გატანას და გვერდში დგომას.

და მინდა, დავასრულო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გერმანელი მწერლის, გოეთეს, სიტყვებით: „ადამიანი ადამიანის, ადამიანური ადამიანობით ადამიანობს!“

მასალა მოამზადა როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − 7 =

Akismet ანტისპამი