- –გიგანტური კაკტუსი, რომლის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს მთელი წელი მწვანე ფერად ალამაზებს ჩემს ეზოს,–ამბობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია და საკუთარ კაკტუსს გვაცნობს.
–აგვისტოს თვეში, ჩემი კაკტუსი, რამდენიმე ღამით, “ღამის დედოფლად” გადაიქცევა. უკუნით სიბნელეში ინთება თეთრი დიდრონი ყვავილებით და თავისი სილამაზით განცვიფრებას იწვევს. დილით კი, ყვავილები იხურება ხოლო მზის ჩასვლისთანავე, ისევ იშლება 30 სმ დიამეტრის საოცრებები.
კაქტუსები ყველაზე უპრეტენზიო მცენარეებად ითვლება. მათ შეუძლიათ იცხოვრონ წლები, მაგრამ არ იყვავილონ სათანადო პირობების გარეშე. მისი მოვლა არ არის რთული და იგი ამ მხრივ, ყველაზე უწყინარ მცენარედ ითვლება, მაგრამ ელემენტალური პირობების შექმნა მისთვის აუცილებელია, რომ ხანდახან გაგვახაროს ლამაზი ყვავილებით.
ბევრს მიაჩნია, რომ კაქტუსი იცავს ადამიანს კომპიუტერის გამოსხივებისაგან, მაგრამ ეს კაკტუსს ღუპავს. დებენ მცენარეს მონიტორის წინ და ივიწყებენ მის არსებობას, მერე კი, უკვირთ, მცენარე, ერთ მშვენიერ დღეს გამხმარი რომ დახვდებათ. ასეთ შემთხვევაში, მცენარეს აკლია განათება,ჰაერი, წყალი, მოვლა. თუ კომპიუტერის გამოსხივება ადამიანისათვის მავნებელია, იგი ასევე მავნებელია მცენარისათვისაც და კაქტუსი უდანაშაულოდ ისჯება.
კაკტუსის მოვლა. ისე როგორც ნებისმიერ მცენარეს მათ რწყავენ, როცა მიწა შეშრება. ზამთარში კი, თვეში ერთხელ მიწის დანამვაც საკმარისია, რადგან ამ პერიოდს ემთხვევა კაქტუსების მოსვენების ეტაპი. მათ არ სჭირდებათ გამათბობელთან ახლოს დადგმა, ეს მათთვის დამღუპველია. თუ მათ ყურადრებით მოვეპყრობით და ნორმალურ პირობებს შევუქმნით, ისინი კარგად გაიზრდებიან და დაგვაჯილდოვებენ ულამაზესი ყვავილებით.