“თითქოს, მადლობას იმისთვის მიხდიან, რომ მტკივა…”


  • სწავლობს ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასში.
  • პასუხობს ყველაფერზე და სენტიმენტების გარეშე საუბრობს.
  • საოცრად გულწრფელი და საინტერესო პიროვნებაა.
  • წერა 7 წლის ასაკში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წერა იცოდა, დედას სთხოვა დახმარება,– გიკარნახებ და ჩაიწერეო. ამბობს, დედას, მაშინ, გაეცინაო. იმ ლექსს კი, ოჯახში, დღემდე ინახავენ თურმე
  • წერს გვიან ღამით, როცა სხვებს სძინავთ.
  • ჩემი რესპონდენტი 18 წლის ქეთი ნაჭყებიაა (“დამიანი”).
ქეთი ნაჭყებია და ივდო ოტობარი

-ქეთი, უკვე შეარჩიე პროფესია? ხომ არ უკავშირდება ლიტერატურას?
-ოჯახში ჩამინერგეს ლიტერატურის სიყვარული და გარკვეულ ასაკამდე მეგონა, რომ ფილოლოგია მინდოდა, ვგულისხმობ, კლასიკურ ფილოლოგიას. შემდეგ მივხვდი, რომ ამის იქით კიდევ მაინტერესებდა. ლიტერატურა კარგია, მაგრამ მის მიღმა ვეძებ ხოლმე პასუხებს...
-რატომ ერიდები სოციალურ ქსელებს?
-უბრალოდ, მოსაბეზრებელია, მთელი დღე ,”სქროლვა”. საკონტაქტოდ “ინსტაგრამი” და “მესენჯერი” მაქვს.
-რას იტყვი სკოლაზე? რამდენად უწყობს ხელს ქართული სკოლა შემოქმედებით აზროვნებას?
-ზოგადად ქართული სკოლის სისტემა არ უწყობს ხელს აზროვნებას… უბრალოდ, ეს კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული.
-რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს?
-ბოლო დროს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო მრჩება, მაგრამ მაინც თუ მაქვს, ვკითხულობ წიგნებს, ფილმებს ვუყურებ, ან მუსიკას ვუსმენ. ველოსიპედი მაქვს და გავდივარ სასეირნოდ.
-რას კითხულობ ახლა?
– “ხელის აუკანკალებლად”–თრუმენ კეპოუტი.
-რატომ არატრადიციული ლექსები?
-მე მაქვს რითმიანი ლექსებიც, მაგრამ აზრი, რომლის გადმოცემაც გინდა, ხშირ შემთხვევაში, რითმაში გეკარგება. მე არც პოეტი ვარ და არც ავტორი ვარ. არ მესმის რას ნიშნავს რომ იყო “ავტორი“? რატომ ეძახიან ადამიანები თავს “ავტორებს”? რას მიჰყავთ იქამდე? არ მინდა “ავტორი” ვიყო, ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ასე უწოდებენ თავს. შურის მომენტი არ არის, უბრალოდ რას მიჰყავხარ აქამდე, რამდენი “ლაიქის” მერე ხდები “ავტორი”. რომ ვწერ, იმიტომ ვწერ, რომ მტკივა… იმ დროს, როცა ვწერ, რომ ვეძებო რითმა, რიტმი, ემოციებისგან ბოლომდე ვერ დავიცლები. თუმცა გვყავდა ისეთი დიდოსტატები, რომლებიც რითმაში ყველაფერს ატევდნენ. ბარათაშვილის სამშობლოში ეს არავის უკვირს. თეთრი ლექსები აიტაცა მსოფლიომ. მათ შორის საქართველომაც.
-კონკურსებზე რას იტყვი?
-მე არ მომწონს… ჩემი ნებართვის გარეშე გაიგზავნა ერთხელ. ასეთ დროს, თითქოს, მადლობას იმისთვის მიხდიან, რომ მტკივა. საჩემო არ არის, თუმცა მივესალმები ყველაფერს რაც ლიტერატურაში ხდება.
– მოგწონს თანამედროვე ლიტერატურა?
-მომწონს უცხოური ლიტერატურა, ძველს ავსებს. ყველა სფეროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სფეროს სახელს უფუჭებენ. რაც შეეხება საქართველოს, ძველი თაობისგან განსხვავებით, ბევრი ქალი ავტორი შემოვიდა ლიტერატურაში. ისეც ხდება, რომ კითხულობ ბევრს და არადა, ავტორი ცნობილია და მაინც ვერ იხსენებ, ძალიან გვანან ერთმანეთს. მაგალითად, ოთარ ჭილაძეს ახასიათებს ის, რომ “რაღაცას უჭერ” და იმ “რაღაცას” არასდროს კარგავ, რადგან თავისი შნო აქვს. წაკითხვისას, ავტორი რომ არ იყოს ცნობილი, ხვდები რომ ის ჭილაძისაა. ხშირად ვიხსენებ “ადამიანი გაზეთის სვეტში”, რადგან იქ წამოჭრილ თემებზე მეფიქრება ყოველთვის და თავს ვპოულობ.
-რას იტყვი ოჯახზე?
-ოჯახი არის ის, რაც ძალიან მიყვარს (ისე ამბობს, თბები–ი.ო.) არიან ადამიანები, ოჯახისგან რომ უნდათ გაიქცნენ, დამოუკიდებლად იცხოვრონ. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, თუნდაც ისე, რომ ვიყო ჩემთვის ოთახში, წყნარად, თუ ხმაურია, სიჩუმეს მოვითხოვდე და დანარჩენი ოჯახის წევრები იყვნენ სახლში. რაც შეეხება მამას, მამა იყო ისეთი ადამიანი, ვინც, მხოლოდ კარგ რამესთან ასოცირდება ჩემთვის, ვინც იყო კედელი ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის.
-შეყვარებული ხარ? ან რა არის შენთვის სიყვარული?
-შეყვარებული ვარ. ჩემთვის ღმერთის მთავარი დეფინიცია სიყვარულია. ღმერთი ბედნიერებაა. მას არ შეუძლია სამაგიეროს გადახდა.
-ზუგდიდში რომ არ ცხოვრობდე, სად იცხოვრებდი?
-ნორვეგიაში ან სკანდინავიაში… მექნებოდა ლამაზი ეზო… ისე, ახლაც მაქვს ლამაზი ეზო (სახე უნათდება–ი.ო.) და ბოსტანი. მომყავს ხოლმე რაღაცები, ჩუმად, არ გამიგონ დიდმა პოეტებმა (იცინის). არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვიქნებოდი ფერმერი, ოღონდ არა ის, ვინც ყიდის, არამედ, ვინც მიირთმევს. ბიზნესისთვის არა, ოჯახისთვის.
-თავისუფლებაზე რას იტყვი?
-თავისუფლება არის განზოგადებული სიტყვა და არსი, ჩემთვის არ ნიშნავს მშობლებისგან დამოუკიდებლად ყოფნას, ან რაღაც ისეთი საქციელის ჩადენას, რაც გარკვეულ ასაკში მოგვწონს. თავისუფლებას ვგრძნობ ისეთ სოციუმში, როცა არავისთვის არაფრის ჩაბარება, ახსნა და მოწიწება არ მიწევს.
-საყვარელი ფრაზა?
-ბევრია ასეთი: “შენ ხარ ის, რასაც აკეთებ და არა ის რასაც ფიქრობ.”  “მათ შეუძლიათ, რადგან ფიქრობენ რომ შეუძლიათ.” “არ მისცე ტკივილს გაქციოს ისეთ ადამიანად, რომელიც არ ხარ.” თუმცა, მძიმე მომენტში ეს მახსენდება: “ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია. ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.”
-რას ეტყოდი მკითხველს?
-წიგნი ერთგვარი ანტიბიოტიკია და მათზეა დამოკიდებული რამდენად მეტს და მეტად მიიღებენ მას. ეს იმ ცხოვრების ეტაპებისთვის გვამზადებს, რაც ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც დოზით და თუ აღმოაჩენენ, უი, რომ ეს დოზა ყოველდღე იზრდება, ამასაც არაუშავს, თუმცა ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ.
ივდო ოტობარი

***
და იშვა ევა, როგორც ადამი,
როგორც სიყვარული
და როგორც მანძილი,
როგორც არსებობა გათანაბრებული
გამძლეობასთან
და მოთმენა სიძლიერესთან.
და დავიბადეთ ისე,
როგორც ქუჩის ფინია ძაღლები,
დაბადებამდე გაშვილებული ჩვილები,
ან გზაარეული მკვლევარები კომპასით
ხელში.
სიგარეტის ბოლო ღერივით მალე
დასრულდა ჩვენთვის ცხოვრება
და გადავიტანეთ ბევრი
აგვისტო – სიცხიანი და ფერებდაცლილი.
გადავიტანეთ ბევრი ღალატი – სხვისი და
ჩვენი.
და მაშინ როცა ვფიქრდებოდით ყველა იმ
დღეზე,
რომელიც კაენის ცოდვას უტოლდებოდა,
ვამბობდით, რომ სულ არ უნდა
გავჩენილიყავით,
არ უნდა გვეჭამა
და ჩაგვეცვა არც ისე მოდური ტანსაცმელი.
ჩვენ უბრალოდ უნდა ვყოფილიყავით
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მსხვერპლნი
ან ქუჩის ბოლოში, ლურჯი განათების ფონზე
ჩაკლული ახალშობილები,
მაგრამ გაგვიმართლა და იშვა ევა,
როგორც ადამი
და როგორც სიყვარული – მანძილი ჩემიდან
შენამდე,
ან პირიქით.
დავიბადეთ ჩვენ.
არც ისე იღბლიანი ადამიანები,
რომლებიც ერთმანეთს შეეფეთნენ ვიწრო
ქუჩის ფართო დერეფანში.
რამდენიმე საიდუმლო უნდა გაგიმხილო ამ
მურუჟ ღამეს :
მე არ ვარ კარგი მონადირე
და მეტიც, არასდროს გამჩენია ამის სურვილი.
უბრალოდ, ვიდექი და ვხედავდი, როგორ
მიფრინავდა თოლიების გუნდი
სევდისფერ ცაზე.
მაშინ თავს ვკითხე,
ვინ ვიყავი,
რა მინდოდა იმ თოლიისგან,
რომელიც ალბათ ოქროსფერი პლაჟიდან
მოათრევდა დაღლილ ფრთებს.
და მიყვიროდნენ : ესროლე, მიდი.
ნუთუ, ამდენად მშიშარა ხარ.
შენ ალბათ საკუთარი თავიც გაშინებს.
და მართლაც, მუდამ მაშინებდა ისეთი
ადამიანები, როგორიც ახლა მე ვარ –
ვამბობ,
კბილებს ვილეს და სანადიროდ გავდივარ,
რადგან მოვინადირო ყველა ფიქრი,
რომელიც ღამეებს გიფრთხობს.
ქეთი ნაჭყებია

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!