- თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკო-ს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
“საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.
აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები“,-ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.