დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი შეფასებით, საზოგადოების გამაერთიანებლის ეროვნული ფუნქცია არ შეინიშნება პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატში. მისი განმარტებით, საზოგადოება ორ პოლუსადაა გახლეჩილი.
“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ვერცერთი კანდიდატი მთავარ ფუნქციას, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტმა ამ არჩევნების მერე ეროვნული გამაერთიანებლის ფუნქციას ვერ შეასრულებს. მე არ ვაპირებ საზოგადოებას, მხარდამჭერებს მოვუწოდო რომელიმე არჩევანის გაკეთებისკენ, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ერთმაც და მეორემაც, წაართვა ხალხს არჩევანის უფლება. მიდის ადამიანების ზომბირება და ფსიქოტერორი. არც უნდა იკადროს არცერთმა ხელისუფლებამ, რომელიმე კანდიდატის თავგამოდებით ფატალურ საბედისწერო მოვლენად ქცევა არჩევნების. დაიღალა ხალხი. ხალხი არის უკიდურეს მდგომარეობაში. ხალხს წაართვეს პური, წაართვეს არჩევნები და მხოლოდ დაუტოვეს საზიზღარი სანახაობა.”
მისი თქმით, ის აპირებს არჩევნებში წასვლას და ორივე კანდიდატის გადახაზვას. თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატისთვის არ აპირებს მხარდაჭერას, ორივემ უნდა მიიღოს დაბალი პროცენტი, იმისთვის, რომ ჰქონდეთ ნდობის დაბალი მანდატი. “მარკ ტვენი ხუმრობდა, არჩევნები რომ რამეს წყვეტდეს, ჩვენ ვინ მოგვცემს მასში მონაწილეობის მიღების უფლებასო. ჩვენ არ გვჭირდება გამოსაფხიზლებელი ხელისუფლება. ჩვენ ფხიზელი ხელისუფლება გვჭირდება. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის”.
თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ მომავალი უნდა იყოს უპარტიო საზოგადოებრივი ჯგუფების, რომლებიც ისწავლიან მართვას, თვითმმართველობაზე კონტროლს. “ხალხმა ძალა საკუთარ თავში უნდა იპოვოს. ამიტომაც ვაპირებ სახალხო მებრძოლის მანტიით სიარულს. ერთი დღე არ დავისვენებ, სოფელ-სოფელ ვივლი, რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლების წყარო”. მისი განმარტებით, ის მომავალში კიდევ მეტად გააქტიურებას გეგმავს ამ მიმართულებით.