„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო


„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა და საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადების პროგრამებზე რეგისტრაცია 13 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის გადამზადების მიმართულებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა მსმენელებს 20 ივნისამდე ჰქონდათ. პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 12 კვირაა და დარეგისტრირება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 18 წლის ასაკიდან. კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს შესაბამისი დანართით.

სწავლების პირველი 8 კვირა დაეთმობა თეორიულ სწავლებას, რომელიც მოიცავს თეორიულ/სიმულაციურ სასწავლო გარემოში პრაქტიკას, ხოლო  4 კვირის განმავლობაში მსმენელები გაივლიან სწავლების პრაქტიკულ ნაწილს შპს „ტრანსფორდის“ პრაქტიკულ სივრცეში, რომელიც აღჭურვილია სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.

პროგრამის – პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი – მიზანია, მსმენელს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა პორტალური და ჯოჯგინა ამწეების უსაფრთხოდ და ეფექტიანად მართვა შეძლოს. პროგრამა მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ კონკურენტუნარიანი და დააკმაყოფილონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: “თეგეტა აკადემიის“ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები, მსმენელებისთვის პროფესიული უნარების შეძენის პარალელურად, მიზნად ისახავს მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, რაც უმუშევრობის მაჩვენებელს შეამცირებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგად განვითარებას.

პროგრამები, რომლებზედაც მიღება გამოვაცხადეთ, სრულად მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. მიღებული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულებს დაეხმარება –  დასაქმდნენ საპორტო ინდუსტრიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება პორტალური და ჯოჯგინა ამწეები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ თანამშრომლების გადამზადება. მეორე მხრივ კი, მომზადების პროგრამას აქტიურად გადიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, ნულიდან დაეუფლონ ახალ პროფესიას“.

ქალაქ ფოთში დაგეგმილი პროფესიული მომზადების კიდევ ერთი პროგრამა – საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი – მსმენელებს დაეხმარება იმ ცოდნისა და კომპეტენციების შეძენაში, რაც საჭიროა საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტიანად მუშაობისთვის. ამის მიღწევა კი, თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციითაა შესაძლებელი.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „თეგეტა აკადემიამ“ წინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას.

მიმდინარე პროგრამების მნიშვნელოვანი უპირატესობაა სიმულაციური სწავლება, რაც თეორიული ცოდნის შეძენის შემდეგ მსმენელებს საშუალებას აძლევს, „თეგეტა აკადემიის“ სიმულაციურ სივრცეში შეამოწმონ თავიანთი ცოდნა ტექნიკების მართვის თვალსაზრისით, სანამ პარტნიორი კომპანიის რეალურ სამუშაო გარემოში გააგრძელებენ პრაქტიკულ ნაწილს ქალაქ ფოთში. გამოცდილებამ სიმულაციური სწავლების უპირატესობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. გარდა ამისა, უმთავრესი, რაც პროფესიულმა პროგრამებმა მოგვიტანა, არის ის, რომ უკვე გვაქვს კურსდამთავრებულთა დასაქმების შედეგები, რაც რეალურად ჩვენი უმთავრესი მიზანია“.

„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, ფოთში, ახალი ფილიალი გახსნა, ხოლო ბათუმში უკვე არსებული გააფართოვა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი იყო, სადაც 750 000 სწორედ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!