თეა ცხადაიას კრეატივები


ციკლიდან „შეხვედრა“

ჩვენს ბოტანიკურ ბაღში, იქვე, შესავლელთან ახლოს, ბაღის გრძელ სკამზე იყო ჩამომჯდარი. გვერდით საღებავები და ფეისარტისთვის სანიმუშო ნახატები ელაგა. მე და ჩემმა თანამგზავრმა, ერთი პირობა, ჩავუარეთ, მაგრამ  ისევ სწრაფად მოვბრუნდით,-ბოტანიკური ბაღის ღია სივრცისთვის მორიგი სიახლე დავაფიქსირეთ: მოქალაქე, ბავშვებს, სახის მოხატვას (ბეიბიფეისარტი) სთავაზობდა, „ნიმუშებიც აგერ მაქვს და საღებავებიც… საღებავები ნატურალური და უსაფრთხოა, მცენარეებისგან შექმნილი… ბავშვებს მოსწონთ სახის მოხატვა, მაგრამ… მშობლები თავს იკავებენ, ეტყობა ეშინიათ, პატარებს საღებავმა სახის კანი არ დაუზიანოს… არადა, საღებავები ნატურალურია.  ამბობს, რომ კომერციული თვალსაზრისით, ეს საქმე არ არის მომგებიანი, თუმცა, დროდადრო მაინც გამოდის ბოტანიკურ ბაღში და ბავშვებს მისი ხელობით სიხარულს ანიჭებს… საუბარს შევყევით… ხელებზე ლამაზი ორნამენტები შევნიშნე… მეჰენდიაო… მე გავიკეთეო თვითონ… სპეციალური საღებავები სჭირდება, აქ არ იშოვება, ინტერნეტით გამოვიწერე, ჩამომივიდა და ვისაც სურვილი აქვს, ლამაზ ინდურ ნახატებს შევუსრულებ სხეულზეო… მეც მინდა მეთქი… ახლავე გაგიკეთებო… ერთი გული მინდოდა მკლავზე, ცოტა შეფარვით. ერთ წუთში რამდენიმე გული შეასკუპა ერთმანეთს და ლამაზი ნამუშევარი გამოუვიდა.

გაცნობის დროც დადგა:

თეა ცხადაია ზუგდიდელია, დედასთან ერთად ცხოვრობს, თავის დროზე, მე-6 საჯარო სკოლა დაუმთავრებია. შემდეგ ზუგდიდის სამხატვრო სკოლა, ჯანსუღ ჭურღულიას და ელგუჯა გოგოხიას ხელმძღვანელობით. ამბობს, აკადემიური სამხატვრო განათლება არა მაქვს, მაგრამ სამხატვრო სკოლის 4 წელი და ჩემი პედაგოგების კონსულტაციები ძალიან დამეხმარაო. სხვათაშორის, “ზუგდიდელებთან” საუბარში მისი პედაგოგი ჯანსუღ ჭურღულია შენიშნავს, რომ თეა ცხადაია მრავალმხრივი, ნიჭიერი და საკმაოდ საინტერესო ხელოვანია.

ხელოვნების კონკრეტულ მიმართულებას არ არჩევს. ყველა სახეობა ხელეწიფება. მუშაობს ფერწერაში. მუშაობს ფანქრით, კალმით… არ გაგიკვირდეთ-ლურსმნითაც, დიახ, ლურსმნების დაჭედებით საოცარი სახასიათო სახეები შეუძლია შექმნას.

თავისი ყველაზე საყვარელი ნამუშევარიც ლურსმნებისგან და ძაფებისგან შექმნა-პორტრეტი  stringart-ით.

კიდევ: მუშაობს ბარელიეფზე,-ერთ-ერთი რესტორნის ულამაზესი საპიარო კედელი მისი შექმნილია. და საერთოდ, ამბობს, ბარელიეფზე მუშაობა მომწონსო. სულაც არ ჰგონია, რომ ეს უფრო მამაკაცური საქმეა. „მიკვირს, ზოგადად, რატომ არჩევენ ქალის და მამაკაცის საქმეებს“-ო. ფიქრობს, რომ კომერციული თვალსაზრისითაც, ბარელიეფზე მუშაობა მომგებიანია. ქსოვაც კარგად გამოსდის. გარდა ამისა, გაზეთებისგან, თაბაშირისგან და მუყაოსგან აკეთებს კრეატიულ ფიგურებს, რომელსაც ხის, ან ლითონის ნაკეთობებისგან ვერ გაარჩევ. სპეციალური ფიგურებსაც ამზადებს დეკორატიული მცენარეებისთვის, რომ მათ, გარკვეული დროის შემდეგ, კონკრეტულ ფორმა შეიძინონ. ერთი სიტყვით, ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას ფლობს და ჩვენს პატარა ქალაქში ჩუმად და თავმდაბლად შრომობს. ვკითხე, შენი ასეთი ნიჭიერება გენეტიკაა თუ… ამოუცნობი ნიჭიო, მპასუხობს. სახელოსნო არ აქვს ჯერჯერობით, მაგრამ სახელოსნოზე მოკრძალებული ოცნება კი:-„მინდა, მქონდეს ჩემი სახელოსნო და ყველა იმ ნივთის და მასალის ხელმისაწვდომობა, რომელიც მე მეტის კეთების საშუალებას მომცემდა ხელოვნებაში…“-ამბობს თეა ცხადაია.

ქალაქში გამართულ ეთნოპროექტში იღებს მონაწილეობას: “პროექტის ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ. ვინც იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ. ახალი წამოწყებულია ეს იდეა და იმედია, ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით, ინტენსიურად ვერ ვახერხებ მუშაობას და ეთნოცენტრში  ყოფნას. ნივთების ყოველდღიურად გატანა და უკან დაბრუნება სატრანსპორტო ხარჯებთანაა დაკავშირებული. საუბარია, ეთნოცენტრის დაცვის მოწესრიგებაზე, რომ შევძლოთ  ნამუშევრების ჩვენთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება და დღის ბოლოს იქ დატოვება.“

სხვადასხვა დროს, ადგილზე, ზუგდიდში, სამხატვრო გალერეაში გამართულ გამოფენებში მიუღია მონაწილეობა თითოროლა ნამუშევრით. ვფიქრობ, უკვე დაუდგა დრო თეა ცხადაიას პერსონალური გამოფენისთვის და ეს დღე, ალბათ არც თუ ისე შორს იქნება.

„ზუგდიდელები“ თეას რამდენიმე ნამუშევრის ვებგამოფენას გთავაზობთ,  გვინდა, დაათვალიეროთ მისი შემოქმედება და იცოდეთ, რომ  ჩვენს გვერდით, ჩვენს ქალაქში  ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც თუ მოისურვებთ, საკუთარი ნიჭიერებით და კრეატიული ხედვით, დღესასწაულებს მოგიწყობთ.

ნ. მიქავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!