- ჯერჯერობით, თბილისი-ზუგდიდის, ასევე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით, მგზავრობა შეუფერხებულია. ხვალიდან კი, შეიზღუდება.
“თბილისიდან ჩამოვედი ახლახან, ჩემს სამარშრუტო ტაქსში, სადაც 15- მა მგზავრმა იმგზავრა, ყველას პირბადე ეკეთა და რა თქმა უნდა, მეც. ზუგდიდში წამოსვლამდე, სამარშრუტო ტაქსში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრს, ბუნებრივია, არ ჩავისვამ”,- ამბობს სამარშრუტო მანქანის მძღოლი. მგზავრების ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებელის ოთხ ვაგონს 12 -მდე მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია.
“რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ ავტოსადგურს, როგორც შპს “გუდვეის” დირექტორი ირაკლი როგავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მგზავრთა სიმცირეა, სამარშრუტო ტაქსები გრაფიკით მოძრაობენ. ხვალიდან ვითარება რადიკალურად იცვლება, მძღოლები ამბობენ, ეს პრობლემას შეუქმნის იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული აუცილებლობა აქვთ იმისა, რომ დედაქალაში გაემგზავრონ. ანალოგიურად ფიქრობენ მგზავრებიც.
თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება პრემიერმა მხარის გუბერნატორებს დაავალა.