- ზუგდიდელი მეწარმე დიასახლისი თამუნა ქაჯაია, რომელიც იმავდროულად სამი შვილის დედაა, წლებია, ტილისკვერებსა და ჩირებს ამზადებს ქართულ ბაზარზე გასაყიდად.
.- პირველად, დაახლოებით 3 წლის წინ შევიძინე პრიმიტიული ჩირის აპარატი და ოჯახისათვის, შვილებისთვის, ახლობლებისთვის ვამზადებდი. შემდეგ სოციალური ქსელების საშუალებით გაყიდვა ვსცადე. უცხო ადამიანებსაც მოეწონათ ჩემი ნახელავი ტილისკვერები და ჩირები.
-უცნაური სახელია “ტილის-კვერი”…
-ეს სახელი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე, ბავშვობიდან, ასე ვიცნობ ამ გემრიელ ხვეულებს. წელს, პირველად, მოვამზადე ლიტვური ტრადიციული ნუგბარიც. მისი სახელიც კიდევ უფრო ეუცნაურათ და აპროტესტებდნენ, მაგრამ რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, ჰქვია “ხილის ყველი”. ისიც მზადდება ხილისგან და სჭირდება დიდი ხნის შრობა, გემოც ყველას ძალიან მოეწონა, ვინც გასინჯა.
-ეს საქმიანობა უკვე თქვენი ოჯახური ბიზნესი გახდა?
– დიახ, თუმცა სულ რაღაც 4 თვეა დავიწყე ჩემი პროდუქციის გაყიდვა.
-ტილისკვერის რამდენი სახეობა გაქვთ?
-ჯერჯერობით, ვამზადებ ქლიავისგან, ვაშლისგან, კომშისგან, ფეიხოასგან, ტყემლისგან და ჟოლოსგან. ოჯახის წევრებიც არიან ჩართული ამ საქმიანობაში.
-ყველაზე შრომატევადი და რთული მოსამზადებელი რომელია?
-ტყემალი, ჟოლო… საცერში, რომელიცაა გასატარებული, უფრო კენკროვანი ხილი.
-“ტილისკვერის” წიგნებზე რას გვეტყვით, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია.
-კი, ყველაზე პოპულარულია ჩემს პროდუქციაში. პირველად ორი წლის წინ მოვიფიქრე და გავუკეთე ემიგრანტ დედას. მართლაც კარგი საჩუქარია ტყლაპების მოყვარულთათვის.
-“ზუგდიდელებს” იქნებ რეცეპტი გაგვიზიაროთ?
-ყველაფერი ძალიან მარტივია. რეცეპტი ერთია, ხილი ირეცხება, იჭრება და იხარშება. შემდეგ ან საცერში ვატარებთ, ან ვაბლენდერებთ. ფაფას, შეგრილებულს, თხელ ფენებად დავასხამთ სპეციალურ ფორმებზე, ვაყრით თხილს, მზესუმზირას, ნუშს, ნიგოზს და ვაშრობთ. თუ ვინმეს ალერგია აქვს ამ ყველაფერზე, წინასწარ უნდა ვიცოდე. მომზადებულ ჩირებს ვათავსებთ დეჰიდრატატორში-საშრობ აპარატურაში, დაბალ ტემპერატურაზე და 10-12 საათში მზადაა. თუ ხილს თავისი სიტკბო აქვს, შაქარი არ სჭირდება.
– თქვენი პროდუქცია, მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება?
-ემიგრანტებსაც ვუგზავნი. მათ ძალინ ენატრებათ ქართული გემო და ხშირად მიკვეთავენ.
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ირაკლი გვასალია